
კალაძის, ბერას და ოპოსპექტის ღრეობა „რედისონში“
13:34:20     25-12-2011
წუხელ, სასტუმრო „რედისონში“, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და დღეს დიდმა პოლიტიკოსმა, კახი კალაძემ, შვილის ნათლობა აღნიშნა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ღონისძიება ჩვეულებრივი ქართული ეტიკეტის მიხედვით წარიმართა. საინტერესო კი ის იყო, რომ ამჯერად, ნათლობის ქეიფს მთელი ქართული ქუჩის ოპოზიციური სპექტრი დაესწრო. სტუმრებს შორის, ოლიგარქის ვაჟი, საქართველოს საუკეთესო მომღერალი, რეპერი ბერაც იყო. მოკლედ, ქართული „ღატაკი“ ოპოზიცია მილიონერი კალაძის შვილის ნათლობაში წუხელ გვარიანად დაპურდა და გამოთვრა.
თუმცა, როგორც ცნობილია, ამ ჭრელ დაჯგუფებას ღატაკი აღარ ეთქმის. ივანიშვილის მიერ გადარიცხული მილიონების შემდეგ, უკვე კარგად დავიწყებული და წარსულს მიბარებული პერსონები თუ პოლიტძალები საგრძნობლად მოფერიანდნენ და მას შემდეგ გაათმაგებული „ერთგულებით“ შესციცინებენ თვალებში „ქველმოქმედს“. ამბობენ, ქართული პარტიების ლიდერებმა ამ გადარიცხულ მსუყე თანხებს ქაფი უკვე გვარიანად მოხადეს და რაც დღემდე აკლდათ, სულ ერთბაშად აინაზღაურესო. მას შემდეგ, მოშიმშილე ხალხის ბედით გულდათუთქული ქუჩის ოპოზიცია, სუფრიდან სუფრაზე დაგრიალებს და ცხოვრების სიკეთეებით ტკბება. მეტის ფანტაზია და გაქანება, ოპოზიციონერებს, ჯერჯერობით, არ ჰყოფნით.
რაც შეეხება თავად კალაძეს, მას შემდეგ, რაც მამა-შვილი ივანიშვილების ოცნებების პრეზენტაციაზე, ექსფეხბურთელმა ერს ავტოგოლებისათვის ბოდიში მოუხადა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ამას იქეთ ყველაფერი რიგზეა, ბოდიშიც წამალია და აფთიაქშიც იყიდება. გულდაწყნარებულმა რეკორდსმენმა სპორტსმენმაც ფრთები გაშალა და თავმოყვარეობააღდგენილი, ხალხში უკვე სუფთა სინდისით გაერია.
ამიტომ, ოჯახის მუჭუჭმა და მოხერხებულმა მამაკაცმა, პირმშოს ნათლობა გადაუხადა თუ არა, ჯიბეზე ხელი გაიკრა, მსუყე შეკვრები ხელთ იპყრო და მთელი ოპოზიცია „რედისონში“ მოხვეტა. ამით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა: ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ მიეცათ გალაღების და სანტა კლაუსის მიერ ციდან ჩამოყრილი კარგი ცხოვრების სიკეთეებით დატკბობის შანსი, ხოლო კალაძემ „ელიტურ“ პოლიტიკურ სპექტრში გარევით, თავი უკვე დიდ პოლიტიკოსად და მეორე მაკიაველად იგრძნო. მოკლედ, ორმხრივი კმაყოფილება სახეზეა.
დღეს კი, ნაბახუსევი ოპოზიციური პოლიტსპექტრი წუხანდელ ღამეს ინელებს და ისვენებს, რათა ხვალიდან, რესტორნიდან რესტორნამდე, სუფრიდან სუფრაზე, გაათმაგებული ენერგიით და შემართებით შეუდგეს ახალი დიადი მიზნებისა და გეგმების აღსრულებას, ოლიგარქის რუსული ფულებით. მოგეხსენებათ, წინ ახალი წლის დღესასწაულებია და ხალხის სამსახურში დგომა კი, არც ისე იოლია...