
ათეისტი ოლიგარქის რელიგიური “კომპრომისი”: რაში დასჭირდა ივანიშვილს საპატრიარქო?
18:54:00     24-12-2011
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში დაიბარეს. მართალია, ამ ინფორმაციას თავად "შუშის სასახლეში" გამოკეტილი "წმინდა ბიძინა მდიდარის" პრეს-სამდივნო, საპატრიარქოდან წამოსულ ინიციატივად აფასებს, მაგრამ სინამდვილეში, ივანიშვილს საპატრიარქოში "რეჩი" იმის გამო "წაუკითხეს", რომ "ქართული ოცნების" კომპარტიულ ყრილობაზე, ბიძინამ ერთი მღვდელიც კი არ გააჭაჭანა.
სხვათა შორის, ეს თავად ოლიგარქის პრეს-სამდივნომაც გარკვეულწილად ვერ დამალა, როცა განაცხადა, რომ პატრიარქმა "ქართული ოცნების" პრეზენტაციის ამბები მოიკითხა და სინანულით აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი ფილარმონიაში ვერ მოხვდაო. რამდენადაც პატრიარქი ყოველთვის მინიშნებებით საუბრობს, ესეც აშკარად მინიშნება იყო, რომ საპატრიარქო უკმაყოფილოა.
თუმცა, ყველაფერი ამით არ ამოიწურება. ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, სასულიერო პირების ერთი ნაწილი ივანიშვილს რეზიდენციაშიც სტუმრობდა და გარკვეული იდეა თავად ივანიშვილის გარემოცვაშიც მუშავდება, რომ ჰარი პოტერის სასახლეში ზუსტად ისეთივე ჯგუფი შეიქმნას სასულიერო განხრით, როგორიც ახლახანს იურიდიული "სტაფი" შეიქმნა ქუცნაშვილის ხელმძღვანელობით. ჯგუფი მეუფეებითა და სასულიერო სფეროს წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული და ივანიშვილს ეკლესიასთან მიმართებაში მისცემს რჩევებს.
თვითონ ოლიგარქს ეკლესიის გაგონებაც არ სურს. ცნობილია, რომ ის მორწმუნე არ არის, ათეისტ-აგნოსტიკოსია და სამების ეკლესიის მშენებლობისათვის დახმარების გაწევასაც, საკუთარ თავს “დიდ რამედ” არ უთვლის. მაგრამ კარის მრჩევლები მესიას ურჩევენ: საპატრიარქოს რეიტინგების გათვალისწინებით, მეუფეებთან ერთად ხშირად დაფიქსირება აუცილებელია, ათეისტის შთაბეჭდილება რომ არ დატოვოო.
საპატრიარქოს რადიკალური ფრთის ერთ-ერთ წარმომადგენელმა, მამა ელიზბარმა, ივანიშვილს მრჩევლად მეუფე იობი შესთავაზა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრებით. მიტროპოლიტი იობი რუის-ურბნისის ეპარქიის ცნობილი პოლიტიზირებული მეუფეა, რომელიც პირდაპირი რეისით დაფრინავდა ოქრუაშვილთან პარიზში. მეუფე ექსმინისტრის მეორე შვილის ნათლიაა.
როგორც ირკვევა, ახლა ივანიშვილმა, შესაძლოა, ერთ-ერთ მრჩევლად სასულიერო სფეროში, ოქრუაშვილის შვილის ნათლიაც კი დანიშნოს. თუმცა, თავად ივანიშვილს ამის დიდი სურვილი არ ჰქონია და სასულიერო პირების მის სიახლოვეს გაგონებაც არ სურსო, მაგრამ საზოგადოების თვალში ოკულტისტის იმიჯით რომ ვერაფერს მიაღწევს, ამას გარემოცვა უმტკიცებს და სწორედ ამიტომაც მოუხშირა ოლიგარქმა იმ საპატრიარქოში სირბილს, სადაც გაპოლიტიკოსებამდე, ქუდი რომ შეგეგდოთ, არ შევიდოდა...