
ძირს რუსეთის იმპერატორი ვლადიმირი! - მოსკოვში მიტინგი ვაცლავ ჰაველისადმი პატივის მიგებით დაიწყო
15:48:46     24-12-2011
მოსკოვში, ოპოზიციის მიტინგი იმით დაიწყო, რომ აქციის მონაწილეებმა წუთიერი პატივი მიაგეს ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის ხსოვნას, რომლის გარდაცვალებასაც, კრემლმა იგნორირება გაუკეთა.
აქციის საწყის ეტაპზე, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სახაროვის პროსპექტზე უკვე 40 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. ჯერჯერობით, აქციაზე სიმშვიდეა, თუმცა მოედანზე მობილიზებულია „ომონის“ 50-მდე ავტობუსი და გაძლიერებული პოლიციური ძალები. ადგილი ჰქონდა პირველ დაკავებებსაც. მეტროსადგურ „კომსომოლსკაიას“ ამოსასვლელთან, სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პირებმა საჰაერო ბუშტები წარწერით „თქვენ ჩვენზე წარმოდგენაც არ გაქვთ“ გაუხეთქეს რამდენიმე გოგონას, ფოტოგრაფს კი, რომელიც ამას იღებდა პოლიციამ განყოფილებაში წაყვანა დაუპირა, თუმცა ის ხელიდან დაუსხლტათ. სამაგიეროდ, „ფსბ“-თანამშრომლებმა ჯერ სცემეს და შემდეგ დააკავეს 8 ადამიანი, რომლებსაც ხელში დროშები და ლოზუნგები ეკავათ.
ძირს რუსეთის იმპერატორი ვლადიმირი! - ასეთი ლოზუნგებით მიტინგის მონაწილეები ვლადიმერ პუტინის გადადგომას მოითხოვენ. ეს მოთხოვნა პირველმა მწერალმა ბორის აკუნინმა (გიორგი ჩხარტიშვილმა) გააჟღერა.
ქართული წარმოშობის რუსი მოღვაწეები ანტიპუტინისტთა მოწინავე რიგებში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ. მაგალითად, მედვედევის მრჩეველი იური ჯიბლაძე, რომელმაც პირველმა გააჟღერა, წუხელ, ექსპერტთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
მედვედევის საპრეზიდენტო საბჭო ადამიანის უფლებათა საკითხებში, რომელმაც რეკომენდაციები შეიმუშავა გვიან ღამემდე მუშაობდა. საბჭო დიმიტრი მედვედევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის „ჯადოქარ ჩუროვის“ გადაყენებასა და დუმის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ურჩევს. იური ჯიბლაძის თქმით, საბჭო სოლიდარულია ქუჩაში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის მიმართაც, რადგანაც 4 დეკემბრის არჩევნების ფალსიფიკაციამ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, საბოლოო ჯამში კი შექმნილი ვითარება, შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფოებრიობას დაემუქროს. მედვედევისათვის განკუთვნილ რეკომენდაციებში, ნათქვამია, რომ ახალმა დუმამ მხოლოდ ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე უნდა იმუშაოს და ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად მოემზადოს, შესაბამისად, ახალი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნებიც.
დღევანდელ მიტინგზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან მიხეილ გორბაჩოვი და მედვედევის მიერ გადაყენებული ფინანსთა ყოფილი მინისტრი, მანამდე პუტინის გუნდის წევრად წოდებული ალექსეი კუდრინი. მოსკოვის პარალელურად კი, აქციები რუსეთის 100-მდე ქალაქში იმართება.
პუტინის ირგვლივ რკალი ვიწროვდება. მისთვის არასასურველი პროგნოზები გააკეთა ცნობილმა ასტროლოგმა პაველ გლობამაც. მისი თქმით, გაზაფხულზე მეტად საშიში, შემოდგომის პერიოდი იქნება, - „ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში, არ არის გამორიცხული სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების სრული ცვლა“ - განაცხადა ასტროლოგმა.