კუჩმას „გათეთრებაზე“ ბევრი იზრუნეს, მაგრამ ღონღაძის საქმეში მისი ეპიზოდი ისევ გააქტიურდება

  15:14:41     24-12-2011

ქართველი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას მიმართ საქმის შეწყვეტამ, უკრაინულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, უკვე გამოითქმის მოსაზრებები, რომ ამ საქმესთან კუჩმას კავშირი ეჭვს არ იწვევს და რომ 10-წლიანი საგამოძიებო პროცესი იმიტაცია იყო.

უკრაინელი დეპუტატი გრიგორი ომელჩენკო აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმის განხილვისას, უპრეცედენტო მასშტაბის ზომები მიიღეს და საინფორმაციო, ფინანსური, საორგანიზაციო რესურსები და პირადი კავშირები გამოიყენეს, რათა კუჩმა „გაეთეთრებინათ“.

ომელჩენკოს თქმით, კუჩმას სიძემ, ოლიგარქმა და ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მფლობელმა, რომელიც ძალიან გავლენიან პიროვნებად ითვლება არა მხოლოდ უკრაინაში, საქმეში ჩართო გორშენინის ანალიტიკურ-კვლევითი ინსტიტუტი,  ფრანგული პიარ-სააგენტო Euro RSCG, ასევე, ამერიკელი სტრატეგი დაგ შონი - ჰყვება უკრაინელი დეპუტატი.

კუჩმას რეაბილიტაციით ასევე დაკავებული იყო რუსი რეჟისორი ანდრეი კონჩალოვსკი, რომელმაც „პრეზიდენტ-რეფორმატორის“  წინააღმდეგ დაგეგმილ „ამერიკულ შეთქმულებაზე“ გადაიღო ფილმი. კუჩმას სიძის ტელეარხზე, ICTV-ზე კი, პერიოდულად უჩვენებენ საკუთარი წარმოების სატელევიზიო ფილმს, სახელწოდებით „შეთქმულება“..

ომელჩენკო მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტად თვლის იმასაც, რომ 2011 წლის 30 ივნისს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიუთითა, რომ ნნას იგნორირება უნდა მოეხდინა იმ აუდიოჩანაწერებისა, რომელიც კუჩმას კაბინეტში იყო ჩაწერილი და რომელიც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ  უმნიშვნელოვანესი სამხილია. შესაბამისად, სასამართლომაც გადაწყვიტა ის, რაც კუჩმას აწყობდა, - აუდიოფირები უკანონო გზით მოპოვებულ მტკიცებულებებად ჩათვალა და მათ გათვალისწინებაზე უარი თქვა.

ჯერ კიდევ 2002 წელს, უკრაინის დროებითი საგამოძებო კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია, რათა ლეონიდ კუჩმა გიორგი ღონღაძის  გატაცების თანამონაწილეებად ჩაეთვალათ. კომისიამ მაშინ დაადგინა, რომ ეს საქმის აღძვრის საფუძველი იყო.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, კუზმინმა განაცხადა, რომ მართალია, „არცერთ აუდიოფირზე, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ, არ არის ჩანაწერი, რომ კუჩმა პირდაპირ ამბობდეს: მოკალით ჟურნალისტი, ჩამარხეთ! იქ საუბარია იმაზე, რომ გაეყვანათ ის ჩეჩნეთში, დაეტოვებინათ იქ შარვლის გარეშე და ა.შ. ჩნდება კითხვა - რატომ მიყავთ ჟურნალისტი ჩეჩნეთში, სადაც იმ მომენტში ომი იყო?“ - თქვა გენპროკურორის მოადგილემ.

უმაღლესი რადას ექს-სპიკერი ალექსანდრე მოროზი კი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმის ძიების 10-წლიანი პროცესის მიხედავად, აუდიოჩანაწერები მაინც თავის როლს ითამაშებენ ღონღაძის საქმეში: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ხომ ვიცით, მოკლული ღონღაძე, მოკლული კრავჩენკო, მოკლული ჩორნოვილი და გონჩაროვი და სხვები - ყველა ეს ისტორია პრეზიდენტის კაბინეტიდან მოდის“.

ლეონიდ კუჩმას მიმართ საქმის შეწყვეტის გამო, გაზეთმა „День“ გამოკითხვა ჩაატარა - რას მოწმობს აღნიშნული საქმის დახურვა? გამოკითხულთა 54%-ს მიზეზად „დამპალი მართლმსაჯულება “ მიიჩნია, 26,7% თვლის, რომ მიზეზი მორალურად დაავადებული საზოგადოებაა. 7% მიიჩნევს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლება წარსულის „მოჩვენებების“ წინააღმდეგ უძლურია, ხოლო 8%-სთვის  გადაწყვეტილება სამართლიანია. გამოკითხვაში 1000 ადამიანი მონაწილეობდა.