კრემლისთვის დიქტატორი კიმ ჩენ ირი უფრო ახლოა, ვიდრე დემოკრატი ჰაველი

  11:11:59     24-12-2011

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომისიის წევრმა კრის სმიტმა ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მოსკოვის რეაქცია, - უფრო სწორედ, რეაქციის არქონა გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ მოსკოვისთვის ჯერ კიდევ არაა გვიანი, რომ შესაბამისად გამოხატონ ჩეხი ხალხის მიმართ თანაგრძნობა.

რადიო „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სმიტმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ გამოუხატავს თანაგრძნობა ჰაველის გარდაცვალების გამო, სამაგიეროდ სინანული გამოხატა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის კიმ ჩენ ირის სიკვდილთან დაკავშირებით.
მოსკოვმა თანაგრძნობა ძალიან „სუსტი ჟესტით“ გამოხატა, თანაც არა პირველი პირების, არამედ პრაღაში რუსეთის საელჩოში მომუშავე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკის  დონეზე.

სამაგიეროდ, მოსკოვმა მტკივნეულად განიცადა კიმ ჩენ ირის სიკვდილი.  ამის მიზეზი, როგორც რუსი ჟურნალისტი ანტონ ორეხი წერს, ისაა, რომ „ასეთი მეგობრები გვყავს ჩვენ, ასეთი პრიორიტეტები გვაქვს“…

მოსკოვმა არ „იკადრა“ მოჩვენებითი სინანული მაინც გამოეხატა დემოკრატი ჰაველის გარდაცვალების გამო, სამაგიეროდ, გულწრფელად დაიტირა კორეელი ლიდერი.

ამის მიზეზები არსებობს: ჰაველს არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთი და კონკრეტულად, პუტინი და ამიტომ კრემლი მასზე არ იდარდებს.
თანაც, ბალზამირების რუს ოსტატებსაც საქმე გამოუჩნდათ ,- წერს რუსული მედია, რომელსაც ასევე უხერხულად მოეჩვენა ოფიციალური მოსკოვის დუმილი ჩეხი ლიდერის გარდაცვალების გამო. მათივე ცნობით,  წესით, კიმ ჩენ ირმა ლენინისა და სტალინის ბედი უნდა გაიზიაროს, თუმცა, ფხენიანს ბალზამირების საფასური ძალიან ეძვირება და შესაძლოა, ამაზე, საერთოდ უარი თქვას.
„დიდი ბელადის“ მემკვიდრეობას მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი ჩაიბარებს, რომელიც ძალაუფლებას სამხედრო ხელმძღვანელობასთან -  გენერლებთან ერთად გაინაწილებს.

ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში გლოვობენ, სამხრეთ კორეამ დრო იხელთა და მეზობლებს საჰაერო ბუშტებზე მიმაგრებული 200 ათასი წერილი-მოწოდება გაუგზავნა - აჯანყდნენ დიქტატურის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, საჰაერო ბუშტების წინააღმდეგ კორეის სახალხო-დეოკრატიული რესპუბლიკის არმიაში იარაღი მოიმარჯვეს და საზღვარზე ცეცხლის გახსნით დაიმუქრნენ.

ჩრდილოეთ კორეას ახლა მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდება. რა ბედი ეწევა მის ბირთვულ არსენალს კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ?

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს არსენალი საშიშია, თუკი ჩრდილოეთ კორეის პარტიებსა და გენერლებს შორის ძალაუფლების დაუფლებისათვის ბრძოლა გაჩაღდება. ბირთვული პროგრამა კოზირი იქნება საერთაშორის არენაზე ქვეყნის თვითდამკვიდრებისა და პატივისცემის დამსახურებისთვის ბრძოლაშიც. ყველაზე მეტად კი ექსპერტები იმას შიშობენ, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დასუსტდება, დასაშვებია, ყველაზე საშიში სცენარი განვითარდეს - დაიწყოს იარაღისა და საშიში ნივთიერებების გაყიდვა.

გარდა მისა, რომ  ფხენიანს ბევრი ბალისტიკური რაკეტა აქვს, რომელიც თავისუფლად მიაღწევს სამხრეთ კორეამდე, იაპონიამდე და რუსეთისა და ჩინეთის გარკვეულ რაიონებამდე, ვარაუდობენ, რომ მას ჰყავს წყალქვეშა ნავიც, რომელსაც ე.წ. თვითმკვლელი ბირთვული დარტყმის მიყენებაც შეუძლია.

კიმ ჩენ ირის სიცოცხლეში ჩრდილოეთ კორეამ ორჯერ გამოსცადა ბირთვული იარაღი. რაში სჭირდება მას ბირთვული პროგრამა? - ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს: როგორც ჩანს, რეჟიმს სჯერა, რომ უცხოური აგრესიისაგნ თავდაცვის ყველაზე ფექტური საშუალება სწორედ ბირთვული იარაღია. თანაც, როგორც უცხოური მედიაც აღნიშნავს, ფხენიანი შანტაჟის გზით იღებს დასავლეთის ჰუმანიტარულ დახმარებას, ბირთვული იარაღი კი ერთადერთი სფეროა, რომელშიც ჩრდილოეთ კორეამ წარმატებას მიაღწია.