ვასილ ბესელია - „მიყვარდა რადგან“ (რამდენიმე ლექსი)
14:47:39     23-12-2011
დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ პოეტ ვასილი ბესელიას რამდენიმე ლექსს.
ვასილ ბესელია დაიბადა 1953 წელს
განათლებით ინჟინერ-მექანიკოსია. დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ცხოვრობს სენაკში. ადრეულ წლებში მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ”საქკვებმანქანის ”პასუხსაგებ თანამდებობებზე. იყო თბილისის ”საქკვებმანქანის” ექსპერიმენტული ქარხნის დირექტორი.
წლების მანძილზე მისი ლექსები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. ტარიელ ჭანტურიასა და გივი გეგეჭკორის რეკომენდაციით 1992 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში.
ვასილ ბესელიას გამოცემული აქვს ერთი პოეტური კრებული. ჰყავს 4 შვილი. მუშაობს სენაკის მინიციპალიტეტის გამგეობაში - არის ნოსირის თემის გამგებელი.
***
ქარებმა მცემეს
ცივი ზუზუნით,
და ნემსებივით
ცივმა წვიმებმა...
ისე მარტო ვარ
და მობუზული,
კარგად რომ ვიყო-
გაგეცინება.
მე მხოლოდ ხსოვნა
შემრჩა წყეული,
ფოთოლცვენა და
შავი ტოტები...
ისე მარტო ვარ
და დაბნეული,
კარგად რომ ვიყო-
შეგეცოდები...
***
შენ ახლა ჩემსკენ
მოხედვაც გიჭირს,
მე კი-
მე მაინც შენთვის ვილოცებ,
სანამ ხელოსნის შავ-თეთრი ნიჭი
გადამხატავდეს მარმარილოზე...
რა ვქნა, თუ თავი
ვერაფრით გარგე,
ეს წლებიც ტყვიას
ტყვიაში აჯენს,
და ჩემს სიმაღლე
გაბზარულ სარკეს
ჩამოაფარებს ჭვარტლისფერ ნაჭერს.
მოვალ მე ალბათ
დიდი ხნის წინათ,
თაფლის სანთლის და ვარდების
წვაში,
როცა დაურბენს
საფლავებს წვიმა
და როვა წვიმა ქვაზედაც წამშლის...
***
თუმცაღა ძველი
ტკივილიც კვდება,
ნელდება ბოღმაც
ქვასავით მკვრივი -
ყოფილი ცოლი
ქუჩაში გხვდება,
როგორც ყოფილი
მეგობრის ქვრივი...
მივიწყებული
მომწარო ბედით
ოცნების დროშა
უკვე დახრილი -
ყოფილი ცოლი
ჩაგივლის გვერდით,
როგორც ის წლები...
წყალში ჩაყრილი...
***
გადამიყოლა
ცრემლიან პეშვით,
შავი ღრუბლების შავმა მინდორმა...
დღეების უხმო
კლავირი შემშლის
და შემოდგომის უამინდობა.
და გაცრეცილი
ლოდინის გაღმა
თუ კიდევ სდუმან თეთრი გედები.
შენი საქმეა -
მოხვალ თუ წახვალ,
მე -
არცერთისთვის არ მემეტები...
***
მიყვარდა რადგან,
შევუნდე ცოდვა
და უკუღმართი
სულის ებანი,
მე ვაპატიე
დიდი და ცოტა
და უნებლიე
შეცოდებანი...
მაინც ჩამიქრა
სულში მთიები,
შემომებურა
იჭვის მანტია...
...ის კი წავიდა
ნაპატიები
და პატიება
არ მაპატია...