რუსებმა ძველი ანტისარაკეტო კომპლექსი, თანამედროვე სისტემად გაასაღეს
07:43:19     23-12-2011
მედვედევს სიტყვიერი მუქარა ნამდვილად კარგად გამოუვიდა, მაგრამ აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ანალოგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ყაზახეთის პოლიგონზე თითქოსდა წარმატებით გამოსცადეს, როგორც აღმოჩნდა, ძველისძველი, კომპლექს A-135 ანტირაკეტა იყო.
სარა-შაგანის პოლიგონზე ჩატარებული გამოცდა, მედვედევის დავალებით ჩატარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა მოწყობილობამ, რომელიც მოსკოვის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში შედის, წარმატებით მიაღწია მიზნამდე, ხოლო ჩატარებული გამოცდა სტრატეგიული ბირთვული ძალების ობიექტების დაცვის წარმატებულ რეპეტიციად ჩაითვალა.
„ნეზავისიმაია გაზეტამ“ კი აღმოაჩინა, რომ ყაზახეთში მიმდინარე ეს „სადემონსტრაციო ოპერაცია“ არანაირად არ იყო „რუსეთის პასუხი“ ამერიკულ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, - როგორც ეს ოფიციალური პირების მიერ იყო დეკლარირებული. თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე დადებული ვიდეომასალაც შესაბამისი „ეფექტებით“ იყო გაჯერებული - ანტირაკეტის გაშვებისას ისმის სამხედროების აპლოდისმენტები, რომლებიც ხარობენ წარმატებული ოპერაციით.
სინამდვილეში, სარა-შაგანის პოლიგონზე, უბრალოდ, მორიგი შემოწმება ჩაუტარეს ძველ ანტირაკეტას, რათა ენახათ, გაუძლებს თუ არა ის ექსპლუატაციას მუშაობის 16-წლიანი სტაჟის შემდეგ.
რუსული A-135, რომელიც შეიარაღებაში 1995 წლიდან შეიტანეს, არანაირად არ არის კავშირში ამერიკულ კომპლექს Aegis-თან, რომლის განთავსებასაც ვაშინგტონი ევროპაში აპირებს.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გამოცდა, რომელსაც რუსებმა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის ანალოგის გამოცდა უწოდეს, უბრალოდ, ანტირაკეტის გაშვების გარეშე ჩატარდა. საქმე კი ისაა, რომ სასწავლო სტრატეგიული რაკეტის სხვა პოლიგონიდან გაშვება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. როგორც ირკვევა, რუსეთში ხშირად ცდიან ასე რაკეტებს - ფულის უკმარისობის გამო მათ კი არ უშვებენ, უბრალოდ, ადგილზე ანგარიშობენ, შეძლებს თუ არა რაკეტა საჭირო დროში საჭირო მიზნამდე მისვლას.
არ არსებობს არც იმის დამადასტურებელი მასალა, რომ რუსებმა ამ ჯერზე რაიმე ახალი კომპონენტებით აღჭურვეს აღნიშნული კომპლექსი.
რა თქმა უნდა, აშშ-სთვის პასუხს, მედვედევის მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ოპერატიულად“ ამზადებს. ისე რომ, მაგალითად, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები სრულფასოვან სახეს 10 წელიწადში მიიღებს.