ალექსანდრე ყაზბეგის ლექსები - „ჩემს კალამს“ და „ჩემს რვეულს“ (გარდაცვალების დღისადმი)

  11:59:28     22-12-2011

1893 წლის 10 (ახალი სტილით 22) დეკემბერს ტფილისში გარდაიცვალა დიდი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი.

მთელი საქართველო დასტიროდა ძვირფას ადამიანს...

სოფრომ მგალობლიშვილი წერდა, რომ ალექსანდრე ყაზბეგი იყო „ტკბილი მოსაუბრე, მეგობრობისთვის თავგადამკვდარი, დიდი მოტრფიალე თავისი ენისა და ერისა“.

თითქმის 120 წელი გავიდა დიდი მწერლის გარდაცვალებიდან, რომელსაც გალაკტიონმა „ხევის ბეთჰოვენი“ უწოდა, და მის ნაწარმოებებს ისევ დიდი სიყვარულით კითხულობს ქართველი მკითხველი. სანამ საქართველო იარსებებს, ალექსანდრე ყაზბეგის სახელი უკვდავი იქნება.

საინტერესოა მისი ლექსებიც. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნეთ ალექსანდრე ყაზბეგის სამი ლექსი.

ალექსანდრე ყაზბეგის ლექსები ნაკლებადაა ცნობილი. ის ვერც კი მოესწრო თავის ლექსების კრებულის გამოქვეყნებას. წინა პუბლიკაციაში ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ გიამბეთ და ახლაც უნდა გავიმეოროთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი.

ალექსანდრე ყაზბეგი 12 წლის იყო, როცა მისი ლექსი „ნანა“ ივანე კერესელიძემ დაბეჭდა „ცისკარში“. ეს მოხდა 1861 წლის დეკემბრის ნომერში.

დიდი მწერლის ლექსების პატარა კრებული „ალ. ყაზბეგის დაუბეჭდავი ლექსები“ 1910 წელს დაბეჭდა გამომცემელმა გრიგოლ ჩარკვიანმა და დაურთო წინასიტყვაობა:

„ეს ლექსები გადმომცა მე ალ. ყაზბეგმა 1889 წელსა. იმ დროს მე მქონდა წიგნის მაღაზია სემინარიის პირდაპირ. მთხოვა, რომ გამომეცა, მაგრამ დროთა ვითარების გამო ვერ გამოვეცი. და რადგან არ გვინდა, რომ დაიკარგოს და უსარგებლოდ ჩაიაროს მის შრომამ, ამისთვის განვიზრახეთ და გემოვეცით ცალკე წიგნად.

სხვათა შორის განსვენებულს ვეღარ უჭრიდა თვალთ და მის ნაკარნახით დამაწერინა „ანდერძი“, რომლის დედანზეც უწერია ხელი“.

გულსატკენია, რომ დიდი მწერალი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი სიამაყე, ვერ მოესწრო ამ კრებულის გამოცემას. გენიოსებს ბედი ხშირად მწარედ დასცინის, მაგრამ დიდი ტალანტი ყოველთვის იმარჯვებს ბედისწერაზე, ეს მხოლოდ დროის ამბავია...

ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მკითხველს ვთავაზობთ მის ორ ლექსს, „ჩემს კალამს“ და „ჩემს რვეულს“. ამ ლექსებში კარგად ჩანს დიდი მწერლის  დამოკიდებულება თავისი „კალმისადმი“ და „რვეულისადმი“ - თავის შემოქმედებისადმი, რომელიც ადამიანების სამსახურშია ჩამდგარი და მისი გარდაცვალების მერეც დარჩება და მოემსახურება ხალხს. აქვეა მისი ანდერძიც: „გემუდარები, ჩასძახო / ერობას ყოველ წამიერ, / რომ მხოლოდ ძმურის ერთობით / იცოცხლებს მრავალჟამიერ“.

ჩემს კალამს

მიყვარხარ, ჩემო კალამო,
არ მოიწყინე წერაო,
გულით მსურს მოგესალამო,
შენი სიწმინდე მჯერაო.
მით გეტრფი, გრძნობის ალამო,
მტერმა ვერ შეგაჩერაო,
დაჭრილის გულის მალამო,
ჩემი ხარ, ბედისწერაო.

შენ გენაცვალე, კალამო,
სხვაფრივ ხარ მონათლულიო.
გულის წადილი პირდაპირს,
არა გაქვს დამალულიო,
ჰგრძნობ მკვნესავს, იცი მშრომელსა
თვალზედ არ მოსდის ლულიო,
და ხელი ძმურად მიეცი,
შეუსუბუქე წყლულიო.

ჩემს რვეულს

რვეულო, მე თუ მოვკვდები,
შენ ხომ დარჩები ამიერ,
მე მიწის მიწად ვიქცევი,
შენ ივლი დღე და ღამიერ.

გემუდარები, ჩასძახო
ერობას ყოველ წამიერ,
რომ მხოლოდ ძმურის ერთობით
იცოცხლებს მრავალჟამიერ.