აკაკი ასათიანი: რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თბილისში ომი დაწყებულიყო

  11:31:31     22-12-2011

თბილისის ომიდან 20 წელი გავიდა. 1991 წლის სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდა. ზვიად გამსახურდიას მთავრობის ოპოზიციური პარტიები მონაცვლეობით მართავდნენ მიტინგს, 1991 წლის მთელი შემოდგომის განმავლობაში. გამსახურდიასა და მისი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრს, დილარ ხაბულიანს, სურდა კონფლიქტში, რომელიც კიტოვანისა და გამსახურდიას გვარდიებს შორის მიმდინარეობდა, მესამე ძალა რუსეთი არ ჩარეულიყო. 

 გაფრთხილებების მიუხედავად, თენგიზ სიგუა, 1991 წლის 21 დეკემბერ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასამართად მაშინ მივიდა, როდესაც იქ ლეგიტიმური მთავრობის მომხრეების მიტინგს მართავდნენ. მოპირდაპირე მხარეს დაპირისპირებული მხარეები იდგნენ, რომლებიც ერთმანეთს აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით თენგიზ სიგუამ მიტინგზე განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდია გაიქცა და მას აეროპორტისკენ გზას უთავისუფლებენო. ამის უარსაყოფად, გამსახურდია მთავრობის სახლიდან გამოვიდა და მომიტინგეებს მიმართა. დაშლას არცერთი მხარე არ აპირებდა... 

გამსახურდიას სურდა კონფლიქტი შიდა ძალებს შორის დასრულებულიყო, რადგან ამით არ ესარგებლა რუსეთს, რომელიც ელოდა, როდის მიეცემოდა შანსი...

ეს შანსი კი ძალიან ახლოს იყო... 22 დეკემბერს, დილით, დაახლოებით რვის ნახევარზე, უზენაესი საბჭოს შენობის წინ ტყვია გავარდა...  თბილისელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ქალაქში ომი დაიწყო. 

1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული ომის მიზეზებზე, „პრესა.ჯი“, გამსახურდიას მთავრობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, აკაკი ასათიანს ესაუბრა.  

– რა იყო თბილისის ომის მაპროვოცირებელი მიზეზი? 

– ამის მიზეზი იყო ის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს არ ჰქონდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და კომპრომისის უნარი. იმ დროს ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს, უზარმაზარი პროცესები მიდიოდა. გარდა ამისა, რუსეთს დიდი პრობლემები ჰქონდა საქართველოში. ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ეროვნული მოძრაობები და საოკუპაციო ჯარების მობილიზაცია. მეორე საკითხი იყო ის, რომ რუსეთს უჭირდა დაეშოშმინებინა ეროვნული ძალები და მესამე იყო ჩეჩნების მხარდაჭერა გამსახურდიასადმი. ეს საკითხები იყო გადამწყვეტი ფაქტორი რუსეთისთვის, რომ გამსახურდიას წინააღმდეგ „ებრძოლა“. 

– რომელიმე ძალას, კიტოვანის მომხრეებს, ან ზვიად გამსახურდიას გუნდს ჰქონდა რესურსი, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა? 

– მე ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან აცილება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სწორედ აქეთ მიდიოდა. თუნდაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით. ეს იყო ძირითადი პოლიტიკური პრობლემა. თუკი პოლიტიკური პრობლემა მოიხსნებოდა, ეს იქნებოდა მოწინააღმდეგე ძალების სურვილის დაკმაყოფილება, რასაც შეეძლო ომის თავიდან აცილება. ეს იქნებოდა დემოკრატიული არჩევნები და გაიმარჯვებდა ის, ვისაც ექნებოდა ხალხის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა გაიმარჯვებდა გამსახურდია. იყო კიდეც  ჩვენი მხრიდან ამაზე შეთავაზება. გამსახურდია გადადგა, თუმცა რიგ საკითხეზე იყო სხვადასხვა მოსაზრებები. ასე ხდება ხოლმე ძალიან ხშირად, მაშინ კი კომპრომისის მონახვა ძალიან რთული იყო, რადგან მხარეები რადიკალურად დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან.  

– არსებობდა გამსახურდიასა და თენგიზ კიტოვანის გარდა მესამე ძალა ქვეყანაში, რომელიც გახდა მაპროვოცირებელი ამ პროცესებისა? 

–  რა თქმა უნდა არსებობდა ეს ძალა. საქართველოშიც იყო გამსახურდიას ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც მისი წასვლა სურდათ, თუმცა ამის რეალური რესურსი არავის გააჩნდა, გარდა რუსეთისა. რუსეთი ორივე ბანაკში (გამსახურდიას და კიტოვანის მომხრეებში) უწყობდა ხელს რადიკალურ განწყობას. ხელისუფლების ბანაკშიც და კიტოვანის ბანაკშიც. 

–  რუსეთმა მართა შემდეგ ის პროცესები, რაც ხდებოდა საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში? 

– რა თქმა უნდა. გასროლას 22 დეკემბერს, ვერავინ გაბედავდა, რუსეთის ლობის გარეშე. 

– მოამზადა ნიადაგი სამხედრო საბჭოს შექმნამ და მასში კიტოვანი, იოსელიანი, სიგუას ალიანსმა იმისთვის, რომ ედუარდ შევარდნაძე დაბრუნებულიყო საქართველოში? 

– რა თქმა უნდა. სხვათაშორის სიგუა და კიტოვანი ამის წინააღმდეგები იყვნენ, მხოლოდ იოსელიანს სურდა შევარდნაძის ჩამოსვლა. თუმცა მაშინ კიტოვანი და სიგუა არ წყვეტდნენ ჩამოვიდოდა თუ არა შევარდნაძე საქართველოში.

ყველა შემთხვევაში სამხედრო საბჭო არალეგიტიმური იყო და შევარდნაძეც არალეგიტიმურად იყო იმ პოსტზე, რაც ჩამოსვლის შემდეგ დაიკავა.