ჩერქეზების მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გამოგზავნილ მადლობას, სასამართლო განიხილავს

  17:50:19     21-12-2011

„ჩერქეზთა კონგრესის“ მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გამოგზავნილი მადლობის წერილი, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილად სცნო, ისევ აქტუალურია. ადიღეის რესპუბლიკურმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ჩერქეზთა კონგრესმა“ მაიკოპის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადგილობრივი იუსტიციის განყოფილების მიერ გამოტანილი გაფრთხილება, „ჩერქეზთა კონგრესის“ მიერ ექსტრემისტული საქმიანობის დაუშვებლობის შესახებ, უკანონოა.

რამდენიმე თვის წინ,  „პრესა.ჯი“ წერდა, რომ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს ადიღეის განყოფილებამ, ექსტრემიზმში დაადანაშაულა მადლობის წერილი, რომელიც „ჩერქეზთა კონგრესის“ ხელმძღვანელმა მურატ ბერეზგოევმა, საქართველოს პარლამენტს, ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გამო გამოუგზავნა.

ადიღეის იუსტიციის განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსანდრ რადჩენკო, აღნიშნულ მადლობის წერილში ექსტრემზმის გამოვლინებას ხედავს. მას ფსიქოლოგებისა და ლინგვისტებისთვის მიუმართავს, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ტერმინი  „რუსეთ-ჩერქეზეთის ომი“, რუს და ჩერქეზ ხალხს შორის ნაციონალური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. რადჩენკო თვლის, რომ ასეთი შეფასება და ზოგადად, ბერეზგოევის მთელი მადლობის წერილი საქართველოს პარლამენტის მიმართ, არის ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ფალსიფიკაცია, რადგანაც ისტორიაში გამოიყენება არა აღნიშნული ტერმინი, არამედ „რუსეთ-კავკასიის“ ომი.

ადიღეის იუსტიციის განყოფილება აღნიშნული საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „ჩერქეზთა კონგრესის“ მადლობის წერილი რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს ინტერესის ობიექტი გახდა. რასაკვირველია, პოლიტიკური ნიშნით. ჩერქეზთა გენოციდის აღიარება და თანაც საქართველოს მიერ, მოსკოვისათვის საზიანო და გამაღიზიანებელი ფაქტია. თუმცა, თუკი სამართალდამცველებს მართლაც აინტერესებთ შეიცავს თუ არა ექსტრემისტულ ელემენტებს ბერეზგოევის წერილი და ზოგადად, ტერმინი „რუსეთ-ჩერქეზეთის ომი“, კონგრესის ხელმძღვანელი ამის გარკვევას სასამართლოში, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებით ითხოვს.

ბერეზგოევი აცხადებს, რომ ლინგვისტებისა და ფსიქოლოგების დასკვნა ამ საკითხზე კომპეტენტური ვერ იქნება, რადგანაც ისტორიული ფაქტები და მოვლენები ისტორიის სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ.

მისი თქმით, ტერმინი „რუსეთ-ჩერქეზეთის“ ომი არ ეწინააღმდეგება ისტორიულ სიმართლეს და არც ანტიმეცნიერულია, ის გამოიყენებოდა ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ისტორიოგრაფიაში. ისევე როგორც, უახლეს ისტორიოგრაფიაში, -  მაგალითად, ასლან მირზოევის ნაშრომსი „ომის წარმოების ჩერქეზული ეტიკეტის ნორმები“ , სადაც საუბარია რუსეთის არმიის ქმედებებზე, რუსეთ-ჩერქეზეთის ომში.

ბერეზგოევი სასამართლოსგან მოითხოვს, უკანონოდ სცნოს რადჩენკოს უკანონო და უსაფუძვლო განცხადება, ასევე, მოითხოვს, შემოწმდეს ადიღეის იუსტიციის განყოფილებისა და პროკურატურის მასალები. ის ისტორიულ ექსპერტიზას ითხოვს, რისთვისაც სასამართლოში უნდა გამოიძახონ ამ საქმის სპეციალისტები  - ადიღეის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის თანაშრომლები.