“ბერლინალე-2012”: ჟიური და პირველი საკონკურსო ფილმები
17:18:01     21-12-2011
9-დან 19 თებერვალდე რიგით 62-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ჯერჯერობით ცნობილია, მხოლოდ ფესტივალის ჟიურის წევრების ვინაობა და რამდენიმე ფილმი, რომელსაც “ბერლინალე-2012”-ის ფარგლებში უჩვენებენ.
ფესტივალის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ Aანტონიო ჩავარიასის ფილმი “საბავშვო თამაშები”(Dictado) სტივენ დოლდრის ნამუშევარი “საშინლად ხმამაღლა და უსაზღვროდ ახლოს” (Extremly loud and incredibly close) “ღია ბარათები ზოოპარკიდან”, (Kebun binatang) რომელიც ერთდროულად სამი ქვეყნის – ჩინეთის, ინდონეზიისა და გერმანიის პროექტია. ბრილიანტე მენდოზას სურათი სახელწოდებით “მძევალი” (Captive) და ჩჟან იმოუს “ომის ყვავილები”(Jin Ling Shi Chan Chai)
“ბერლინალეს” “სპეციალურ ჩვენებაში”კი შემდეგი ფილმები მოხვდნენ: “დონი-მეფის დაბრუნება”, “სიკვდილმისჯილთა კამერები”, ”მარლი” და “სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი” სელმა ჰაიეკის მონაწილეობით.
რაც შეეხება ჟიურის წევრებს, მათ მაიკ ლი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში არიან: ანტონ კორბაინი, შარლოტა გინსბური, ჯეიკ გილენჰაალი, ფრანსუა ოზონე, ბუალემ სანსალი, ბარბარა სუკოვა და ასგარ ფარხადი.