ვივიენ ლის უკანასკნელი სიკვდილის ქარი

  16:35:29     21-12-2011

"თაობაში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე ლედი, რომელსაც მთელი კონტინენტი ვერაფრით აცილებს თვალს, - თქვა ერთხელ ვივიენ ლიზე მსახიობმა და რეჟისორმა ორსონ უელსმა.

მაყურებელი მას ვიტამინ B-ს უწოდებდა. ასეთი იყო მისი სიცოცხლისმოყვარე სილამაზე, რომელიც ბედნიერების განცდას ბადებდა.

ნამდვილი სახელი და გვარი: ვივიან მერი ჰარტლი.

დაიბადა 1913 წლის 5 ნოემბერი დარჯილინგში (ინდოეთი), რომელიც იმ დროს ინგლისის კოლონია იყო.

გარდაიცვალა: 1967 წლის 8 ივლისს ლონდონში.

ინგლისელი ჩინოვნიკის ქალიშვილი. განათლება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის რამდენიმე დახურულ პანსიონში მიიღო.

1932 წელს დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩააბარა.

კინოდებიუტი - 1934 წელს;

დებიუტი სცენაზე – 1935 წელს.

შემთხვევითობებით სავსე გზა წარმატებისკენ

ვივიანის მამას ცოლისთვის ქალების დევნით გული რომ არ გაეწყალებინა, ვივიანის დედა არასდროს დაიჟინებდა კალკუტადან ლონდონში გამომგზავრებას. რომ შეცოდებოდა გერტრუდ ჰარტლის ქალიშვილი და არ მიეყვანა აღსაზრდელად ხანგრძლივი 8 წლით მონასტერში, დარჩებოდა მომავალი ლეგენდა სპილოებისა და ინდუსების გარემოცვაში. მონასტერში რომ სამოყვარულო სპექტაკლები არ დაედგათ და პატარა როლები ვივიენისთვისაც არ მიეცათ, გოგონა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაბარებას ვერასდროს გადაწყვეტდა.

მონასტრის ასკეტიზმი არ მოსწონდა, სამაგიეროდ, სწორედ ამან აღზარდა ვივიენში ძლიერი ნებისყოფა და მიზნისკენ სწრაფვა. შესანიშნავად სწავლობდა და, ბოლოს და ბოლოს, ბრწყინვალე განათლება მიიღო. განსაკუთრებით ისტორია, ლიტერატურა, ფერწერა და მუსიკა უყვარდა. ნიჭი ადრევე შეიცნო საკუთარ თავში და გადაწყვეტილებაც მიიღო: დიდი მსახიობი გავხდებიო!

ჩაირიცხა თუ არა აკადემიაში, პირადი ცხოვრების მოწყობაც მოინდომა. დედამ ხომ დააკარგვინა ოჯახი და სახლი?! ჰოდა, დანაკარგის ანაზღაურება მოინდომა, თან სასწრაფოდ.

1932 წელი, ვივიენი 12 წლისაა, დაქალებთან ერთად სეირნობს აკადემიაში და მხედრების ვარჯიშს აკვირდება. ერთ-ერთი მის დაქალთან მოდის და ღიმილით ესალმება:

- ვინ არის?  ჰკითხა დაქალს.

 - ჰერბერტ ლი ჰოლმანი, - ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უპასუხა მიამიტმა მეგობარმა. როგორ მოგწონს ვივიენ? ლამაზია, არა?

 - ნამდვილი ინგლისელია, - თქვა ვივიენ ჰარტლიმ. მე მას ცოლად გავყვები.

 - მაგრამ ის რომ უკვე ჩემზეა დანიშნული?! გაუკვირდა გოგონას.

 - ეგ არაფერი, -პასუხობს ვივიენი. ჯერ ხომ მე არ გაუცვნივარ.

ისე მოხდა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა და ცოლად სწორედ ხსენებულ ადვოკატ ლი ჰოლმანს გაჰყვა. ქმარი 14 წლით უფროსი იყო. ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი გაუჩნდათ, მაგრამ ვივიანს სცენაზე და ეკრანზე ოცნება წარსულის ზანდუკში არ ჩაურაზავს. ფეხმძიმე თამაშობდა სცენაზე.

რთული მშობიარობა ჰქონდა, საავადმყოფოდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გამოწერეს:

 - აღარასოდეს, - უთქვამს დედისთვის.

ალბათ არ იყო ვივიენი ოჯახური ცხოვრებისთვის გაჩენილი, ზედმეტად ვნებიანად სურდა სცენაზე ყოფნა. ჰოლმანი კი, მართლაც, ნამდვილი ინგლისელი აღმოჩნდა და ცოლისგან პედანტურ მორჩილებას ითხოვდა.

როგორც კი საუბარი თეატრზე ჩამოვარდებოდა, ხელოვნების მავნებლობაზე ლექციებს უკითხავდა. ვივიენი კი - ახალგაზრდა, ჭკვიანი, ფართოდ განათლებული - სულაც არ აპირებდა დიასახლისობასთან შეგუებას.

პირველი წარმატება მაშინ მოვიდა, როცა ვივიენ ლიმ (Vivien Leigh - ეს მისი სამსახიობო ფსევდონიმი გახდა), ლონდონის თეატრ ამბასადორის სპექტაკლში - „სათნოების ნიღაბი“ ითამაშა.

თეატრალურ წრეებში დამწყები არტისტი სერიოზულად მიიღეს. გაზეთების თავფურცელზე დიდი ასოებით იუწყებოდნენ, რომ ახალმა ვარსკვლავმა ლონდონი დაიპყრო. ასე დაემშვიდობა ბატონი ჰოლმანი სიმშვიდეს თავის ოჯახში.

ვივიენი მხოლოდ 22 წლის იყო, როცა მის ცხოვრებაში ახალი გადატრიალება მოხდა: გაჩნდა კერპი - გულშიც და ხელოვნებაშიც, და მას ლოურენს ოლივიე ერქვა...

მის ყველა სპექტაკლზე დადიოდა, მტკიცედ გადაწყვიტა, თავისი ბედი მასთან დაეკავშირებინა, მაგრამ მსახიობი დაქორწინებული იყო, ვივიენიც - გათხოვილი და დასაწყისში მათი ურთიერთობა უბრალო სიმპათიით იფარგლებოდა.

... ვივიენი მივიდა ლოურენსთან კულისებში წარმატების მისალოცად თუ ლოურენსი ეახლა ვივიენს, ისტორიამ ზუსტად არ იცის. მაგრამ ძალიან მალე, ლარის ცოლმა ჰოლმანების წყვილი აგარაკზე სადილად დაპატიჟა. ოლივიემ ის-ის იყო ბრწყინვალედ ითამაშა რომეო, ვივიენმა  ანა ბოლეინი ჰენრი IV-ში. ორივემ ხელი მოაწერა იმ დროის ყველაზე ცნობილი რეჟისორის ალექსანდრე კორდის კონტრაქტზე.

მოგვიანებით ოლივიე იხსენებდა, რომ ვივიანის საოცარი, წარმოუდგენელი სილამაზით მოიხიბლა. შემდეგ ერთად მოხვდნენ ჰოლივუდში ფილმის გადაღებაზე („ცეცხლი ლონდონის თავზე“). აქ იფეთქა ვნებიანმა სიყვარულმა, როგორც მერე აღმოჩნდა  ვივიანისთვის სიცოცხლის ბოლომდე.

ვივი და ლარი ისე იყვნენ ერთმანეთით სავსე, რომ გარშემო ვეღარავის ამჩნევდნენ. უსასრულო ცარიელი სივრცე იფარავდა მათ სხვებისგან, მაგრამ გადაღებები დასრულდა და დამშვიდობება მოუხდათ. თუმცა დროებით.

გაყრაზე დიდხანს არც ლოურენსის ცოლი და არც ვივიენის ქმარი თანხმდებოდა. ამან ვივიენს პირველი დიდი დარტყმა მიაყენა (შესაძლოა მეორეც, მონასტრის ზღურბლზე გადაბიჯების შემდეგ) ვარსკვლავურმა წყვილმა დაქორწინება მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლო. იმ დროისთვის ვივიენს უკვე მთელ მსოფლიოში იცნობდნენ. ეპოპეამ „ქარწაღებულნი“ მილიონობით კინომაყურებლის გული მონუსხა.

წარმატება და ტრაგედიის დასაწყისი

რომანი „ქარწარებულნი“ ლამის ეროვნული საგანძური იყო ამერიკელებისთვის. როცა გავრცელდა ამბავი, ეკრანიზაციას აპირებენო, მთელი ამერიკა ელოდა, ვის დაამტკიცებდნენ წამყვან როლებზე. მთავარი გმირის, სკარლეტის როლზე პრეტენზიას 1500-მდე მსახიობი აცხადებდა, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავებიც.

როცა პროდიუსერმა არჩევანი ინგლისელ ვივიენ ლიზე შეაჩერა, ბევრმა ეჭვი შეიტანა გადაწყვეტილებაში. მაგრამ ბრწყინვალე თამაშთ აღფრთოვანებულმა ამერიკელებმა მალე ვივიენი თავისიანად მიიღეს. და პირველი ოსკარიც გადასცეს.

ვივიენის სახელი ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ქუხდა. ყველა ფილმი, რომელშიც თამაშობდა, აღფრთოვანებას იწვევდა. ქმარი მის წარმატებას ცოტაოდენი გაღიზიანებითა და ეჭვიანობით ხვდებოდა.

ოჯახური ურთიერთობა სულაც აღარ იყო ისეთი ტკბილი და თბილი, როგორადაც ლარი და ვივიანი მას საზოგადოებაში ასაღებდნენ, არც პრესის ნაამბობს ჰგავდა.

ერთად იღებდნენ ფილმებში, ერთად თამაშობდნენ სცენაზე, უცხო თვალისთვის მათი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა.

მაგრამ სამწუხაროდ, წარმატებისა და სიხარულის თვალისმომჭრელი ფასადის მიღმა სასტიკი დრამა მწიფდებოდა.

ჯერ კიდევ 1945 წელს ვივიენს ტუბერკულოზი აღმოუჩინეს. ავადმყოფობამ მსახიობის ფსიქიკაზე იმოქმედა, დაიწყო სიგიჟის შეტევები, რომლის დროსაც ვივიენი ქმარს მუშტებით ესხმოდა, მერე კი აღარაფერი ახსოვდა. მკურნალობდნენ ფილტვებსაც და ფსიქიკასაც, ხანდახან საქმე ელექტროშოკის საშინელ სეანსებამდეც მიდიოდა, უკეთესობა კი არ ჩანდა.

ვივიენი არ იყო მაინცდამაინც ბეჯითი პაციენტი. ფიქრობდა, საუკეთესო წამალი ლარის სიყვარულიაო. ბავშვის გაჩენა სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იშვიათი გამონათებების დროს, ფილმებში გადაღებასაც ასწრებდა და სცენაზე თამაშსაც.

სენი კი მძვინვარებდა, უკანდახევას არ აპირებდა და სულ უფრო ღრმა სასოწარკვეთილებაში აგდებდა ლორენს ოლივიესაც და ვივიენ ლისაც.

უკანასკნელი სიკვდილის ქარი

უიმედობით დაღლილმა, ლოურენს ოლივიემ ახალგაზრდა მსახიობთან გააბა რომანი. როცა ვივიენს 45 წელი შეუსრულდა, ცოლს საოცრად ძვირადღირებული როლს-როისი აჩუქა და მაშინვე გამოუცხადა, უნდა გაგეყაროო.

რა თქმა უნდა იმას, რომ ვივიენმა ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს განშორება. მაგრამ არასდროს არავის აძლევდა უფლებას, ლარიზე აუგი ეთქვა და მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით იყვნენ მამაკაცები, ძველი და ახალი მეგობრები, სასიყვარულო თავგადასავლებზე არ წავიდა, იმედით, რომელიც საღ აზრს ეწინააღმდეგებოდა სწამდა, რომ ლოურენსი დაბრუნდებოდა.

ვივიენის სიკვდილის შემდეგ დადგინდა, რომ ექიმები ტუბერკულოზის მკურნალობისას ისეთ პრეპარატს უნიშნავდნენ, რომელიც, ფსიქიკურ დარღვევებს იწვევდა.

გამოდის, რაც მეტად მკურნალობდნენ, მით მეტად ღუპავდნენ. ყველაზე მეტად მყუდროება, ალერსი, სიყვარული და მსუბუქი რეჟიმი სჭირდებოდა. არადა სწორედ ეს არ ჰქონდა. შეტევები კი ძალიან მძიმე იყო, ერთხელ თვითმფრინავიდან გადმოხტომაც კი დაუპირებია.

მხოლოდ სამონასტრო სკოლის მოწაფის რკინის ნებისყოფამ და ძლიერმა ხასიათმა მისცა რამდენიმე წლით ღიმილისა და ხუმრობის ძალა; შეუნარჩუნა იმის ღონე, რომ დარჩენილიყო კეთილ მეგობრად და დიდებულ მსახიობად, რომელიც აგრძელებდა მაყურებილის აღფრთოვანებას თეატრსა და კინოში.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული

50 წელზე მეტის იყო, ტალანტი ჯერ კიდევ არ გაცვეთილიყო, ცეკვაც შეეძლო სცენაზე და ტრაგედიის გათამაშებაც. მაგრამ ავმა ბედისწერამ მისი ცხოვრებაც და სიკვდილიც ტრაგედიად გადააქცია. უკანასკნელმა ქარმა ვივიენი ამჯერად უკვე სიკვდილისშემდგომი დიდებისკენ გაიტაცა.

1967 წლის მაისის ბოლო რიცხვებში, მკურნალმა ექიმმა ვივიენს აცნობა, რომ ტუბერკულოზმა ორივე ფილტვი მოიცვა, რომ მდგომარეობა კრიტიკულია და საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

ავადმყოფობით დაღლილმა მსახიობმა მკურნალობაზე უარი თქვა. თვენახევრის შემდეგ კი, 1967 წლის 7 ივლისს, XX საუკუნის უდიდესი მსახიობი მარტოობაში თავის საწოლში, უფრო სწორად, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე გარდაიცვალა...

ვინ იცის, რა იყო სინამდვილეში მისი ადრეული წასვლის, დრამის, სიკვდილის მიზეზი, სულიერი ავადმყოფობა და ტუბერკულოზი, თუ უბედური სიყვარული და გატეხილი გული?

წყარო