მედვედევს ურჩევენ, არ შეიყვანოს ჯარები მოსკოვში და აირიდოს სისხლისღვრა

  15:51:15     21-12-2011

მოსკოვის დაცვის საზოგადოებრივი კოალიცია, თხოვნით მიმართავს დიმიტრი მედვედევს, დაგეგმილი მიტინგის დღეს, 24 დეკემბერს, არ შეიყვანოს ქალაქში ჯარები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიცია არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში შეიარაღებული ფორმირებების ყოფნა არაკონტროლირებად ვითარებას შექმნის, რაც, შესაძლოა, სისხლისღვრით დასრულდეს.

„გთხოვთ, გამოიჩინოთ პატივისცემა დედაქალაქის მცხოვრებთა მიმართ და უარი თქვათ მოსკოვში დამატებითი საპოლიციო და საჯარისო ფორმირებების შეყვანაზე.  თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მოსკოვში ჯარების შეყვანა შეურაცხყოფს მოსახლეობას და ნეგატიურ დამოკიდებულებას აყალიბებს ხელისუფლების მიმართ“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ მსახიობი სვეტლანა ნემოლიაევა, ტელეწამყვანები ტატიანა ლაზარევა და მიხაილ შაცი, ასევე ეკონომისტი ივან სტარიკოვი და ბიზნესმენი ალექსანდრ გაფინი.

პრეზიდენტისადმი მიმართვას მხარი დაუჭირა პოლიტოლოგმა გლებ პავლოვსკიმაც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე დიმიტრი მედვედევის მრჩეველი იყო. პავლოვსკი არ თვლის, რომ  პუტინს ახლა კრიზისის პერიოდი აქვს, თუმცა ამბობს, რომ „ჩვენ არ გვაქვს დრო ველოდოთ ევოლუციას სიბერეში შესული პუტინისა, რომელსაც ძნელად ესმის ცვალებადი მსოფლიოსი. ის გადაეყრება პოლიტიკურ კატასტროფას პრეზიდენტობის პირველ თუ არა, მეორე წელს მაინც, თუკი არ აიყვანს თავს ხელში და არ შეიცვლება“.

წინა მიტინგების დროს, ხელისუფლებამ, მოსკოვში, პოლიციისა და შეიარაღებული საჯარისო ნაწილების „ეფექტური“ მობილიზაცია მოახდინა. ცნობილი გახდა, რომ ბალოტნაიაზე აქციის დროს, „წესრიგის დასაცავად“, 50 ათასი პოლიციელი და შინაგანი ჯარის წარმომადგენელი იყო გამოყვანილი. 6 დეკემბერს,  მოსკოვისკენ მიმავალმა ჯავშანტექნიკამ ავარიაც კი მოახდინა. მოსკოველები ელიან, რომ 24 დეკემბერს ქალაქში გაცილებით მეტი შეიარაღებული სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა იქნება თავმოყრილი.

მიუხედავად ამისა, აქციაზე გამოსვლის მოწოდებით გამოდიან უკვე ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან მწერლები, პროდიუსერები და ტელეწამყვანები, რეჟისორები… ისინი სპეციალურ ვიდეო-რგოლებს წერენ, რომლებიც განთავსებულია ინტერნეტში და უხსნიან ადამიანებს, თუ რატომ უნდა მივიდნენ 24 დეკემბერს დაგეგმილ მიტინგზე.

24-ში აქცია მხოლოდ მოსკოვში არ ჩატარდება. კვლავ ვრცელია იმ ქალაქების სია, რომლებიც 4 დეკემბრის არჩევნების შედეგებს ისევ გააპროტესტებენ. ეს ქალაქებია:

აბაკანი, არხანგელსკი, ასტრახანი, ბარნაული, ბარსელონა (ესპანეთი), ბელგოროდი, ბრატსკი, ბრიუსელი (ბელგია), ბრიანსკი, ვანკუვერი (კანადა), დიდი ნოვგოროდი, ვლადივოსტოკი, ვლადიკავკაზი, ვლადიმირი, ვოლგოგრადი, ვოლოგდა, ვორონეჟი, გეტებორგი (შვეცია), ეკატერინბურგი, ერევანი (სომხეთი), ჟენევა (შვეიცარია), ივანოვო, იოშკარ-ოლა, ყაზანი, კალინინგრადი, კალუგა, კემეროვო, კიროვი, კომსომოლსკი ამურზე, კრასნოიარსკი, ყურგანი, ლიმასოლი (კვიპროსი), ლონდონი (ინგლისი), მაგნიტოგორსკი, მიასი, მურმანსკი, ნიჟნი ნოვგოროდი, ნოვოსიბირსკი, ნიუ-იორკი (აშშ), ობნინსკი, ომსკი, ორენბურგი, ორსკი, პენზა, პერმი, პეტროზავოდსკი, პატიგორსკი, დონის როსტოვი, რიაზანი, სამარა, სანკტ-პეტერბურგი,  სამარა, სარატოვი, სოჭი, სმოლენსკი, სტერლიტამაკი, სიკტივკარი, ტამბოვი, ტვერი, ტოლიატი, ტომსკი, ტორონტო (კანადა), ტულა, ტიუმენი, ულიანოვსკი, უფა, ხაბაროვსკი, ჩებოკსარი, ჩელიაბინსკი, ჩერეპოვეცი, ჩიტა, ედინბურგი (შოტლანდია).

დაგეგმილი აქციისათვის საგანგებოდ ემზადებიან ორგანიზატორები. იმისთვის, რომ აქცია ტექნიკურად გამართული იყოს, დაწყებულია შემოწირულობების შეგროვება. უკვე ცნობილია, რომ აქციაზე სიტყვით გამოვა მიხეილ გორბაჩოვი. გუშინ კი პროტესტში მონაწილეობის მოწოდებით, თავის მოსწავლეებს მიმართეს მოსკოვის №1567 სკოლის პედაგოგებმა, რომლებმაც სპეციალური მიმართვა შეადგინეს და განაცხადეს, რომ „თუ ეხლა მოვითმენთ, მერე უფრო უარესი იქნება“.