ს. ტაიფუნის (სიმონ ყურულაშვილის) „საქართველო“
15:31:41     21-12-2011
პოეტი, რომელიც წერდა ს. ტაიფუნის ფსევდონიმით, 1913-1914 წლებში ლექსებს გზავნიდა კიევიდან. მისი ლექსები ქვეყნდებოდა „სახალხო ფურცელში“, „განთიადში“, „ჩვენ მეგობარში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“.
იოსებ გრიშაშვილის არქივის ერთ საქმეში ის მოხსენიებულია - ყურულაშვილად.
„სახალხო ფურცელი“ გამოდიოდა „სახალხო გაზეთის“ (1910-1914) ნაცვლად 1914-1917 წლებში;
ორკვირეული სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „განთიადი“ გამოდიოდა 1915 წლიდან. თავდაპირველად რედაქტორი-გამომცემელი იყო ს. მჭედლიშვილი, მე-5 ნომრიდან - რ. ფანცხავა (ხომლელი). ჟურნალში თანამშრომლობდნენ ი. ფანცხავა, ს. წერეთელი, გ. ტაბიძე, ი. იოსელიანი, ნ. ლომოური, ი. გრიშაშვილი, დუტუ მეგრელი, პ. მირიანაშვილი და სხვა. გამოვიდა 17 ნომერი;
ყოველდღიური, სოციალ-ფედერალისტური მიმართულების გაზეთი „ჩვენი მეგობარი“ გამოდიოდა 1916-1917 წლებში. 1917-1921 წლებში მის მაგივრად გამოდიოდა „ხალხის მეგობარი“.
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ გამოდიოდა 1910, 1914-1920, 1923-1926 წლებში თბილისში.
ს. ტაიფუნის ლექსები პატრიოტული და მგზნებარეა. მკითხველი დარწმუნდება, რომ ს. ტაიფუნი საკმაოდ კარგი პოეტი იყო, განათლებული ადამიანი.
ს. ტაიფუნი, ი. გრიშაშვილის ფსევდონიმების ლექსიკონის ცნობით, მოკლეს პოლონეთში პირველი მსოფლიო ომის დროს.
საქართველო
I
ციურ ცეცხლით გაელვარდა ჩვენი ქვეყნის ტურფა მთები,
სხივთა წვიმით გადიბანა ივერიის მწვერვალები,
მწუხარ ღიმით გარდმომდგარან მხიბლავ მამათ აკლდამები,
მწვანე ხავსით შეფოთლილა სასაფლაოს უხმო ქვები.
მშობელ ქვეყნის ნანგრევები ცრემლთა გუბეს დაუფარავს,
აღარ ისმის ძმათა ხმები, კვლავ ფრანგული* აღარ ელავს,
და ეს ციხე, დროთა ბრუნვის შავ ფიქრებად რომ დამდნარა,
უტყვი არის ვით სამარე, არას გვამცნობს კვლავ ჭაღარა.
მაშ სად გაჰქრა ქართვლის ბედი, რამ დაჰბურა ეს შვების ცა,
რატომ კვნესის ჩემი ხალხი, ოქროს ვერძი ვინ მოსტაცა?
სიჩუმეა... და ეს კვნესა მიორკეცებს სევდას მწარეს,
ნუ თუ მარად ვერ ვიხილავ საქართველოს მზეს ელვარეს?
II
მოსწყდა სხივი მზეთა ნაპრალს ერის გულში განაღვივი,
მხიბლავ ზღაპრად გადავიდა აწ მომავლის შვების მძივი,
მშობელ ქვეყნის მთრთოლავ მკერდზე კვლავ მტრის ტყვიამ გადიცურა,
კვლავად რისხვა, ბრძოლის ხმები და სამარის მწუხრად ბგერა,
ამირანის ბორკილთ ჟღერა, კავკასიის მთის გრეხილი
ბრძოლის ცეცხლში გაეხვია, ბრძოლის გრდემლზე გაიჭედა,
ზღვა აზვირთდა და ტალღები მთრთოლავ მკერდზე შემოსტყორცნა,
მთის შიკრიკმა, ცელქმა სიომ ტყვეთა უფსკრულს გადურბინა!
საქართველოს განთიადო, - რა რიგ გელის ჩემი ხალხი,
გაელვარდი, ბრძოლის ბუჩქო, დღის ფერია იცეკვავებს, -
ქართვლის დედავ, შეავედრე შენი პირმშოს გამარჯვება,
ზე აღსდექი ძლევის დროშით, წინ გაუძეხ შენს ლომ-გმირებს:
მოიგონე დღე თამარის, ოქროს ხანა, დღე დიადი
და პატარა კახი ვეფხვი, ხმალი მისი ბასრ-ფხიანი,
ბევრი ახსოვს საქართველოს შავთა დღეთა მწარე ბედი,
არ შემკრთალა მტრის წინაშე, იყო მარად მძლე ხმიანი.
აღსდეგ გმირო და შეისხი მამა-პაპათ ეგ აბჯარი,
მშობელ დედის გულისაგან ამოსწოვე ბრძოლის ცეცხლი,
მთებს, ცელქ ჩანჩქერს გამოსთხოვე მარგალიტის ბასრი ხმალი,
და შენ ქვეყნის ჩირქის მომცხებს მკერდში ჩაეც ის მახვილი.
- გაიღვიძე, ატიკტიკდი ჩვილო, ნორჩო საქართველო,
დაგიდგება გაზაფხული შვებით სავსე ბრძოლის ველო, -
გაუმარჯოს კეკლუც კოლხეთს, მონარნარე ზღაპრულ მხარეს,
დღის სალამი მთათა მწვერვალს, თავდადებულ გმირთ სამარეს!..
(„სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1916 წ., # 98)
----
* ფრანგული, ფრანგულა - ერთგვარი ხმალი