
ჩრდილოეთ კავკასიის დასამორჩილებლად სიკვდილით დასჯას აღადგენენ
11:12:47     21-12-2011
მოსკოვს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ძალიან უჭირს. იმდენად, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი აღნიშნულ ფედერალურ ოლქში, ალექსანდრ ხლოპონინი რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისათვის სიკვდილით დასჯის მუხლის შემოღებას ითხოვს. მისთვის სამაგალითო ვარიანტი ბელორუსში მიღებული პრაქტიკაა - სიკვდილით დასჯა მოქმედებს და მხოლოდ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება.
ის, რომ ვერც ანტიტერორისტულმა კამპანიამ და ვერც მოსკოვის ტურისტულმა პროგრამებმა, ჯერჯერობით, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში სტაბილურობა ვერ უზრუნველყო, ორი დღის წინ პუტინის ჩეჩნეთში ვიზიტმაც დაადასტურა.
თუ ადრე პუტინი გროზნოში სპეციალური სამხედრო ავტოტრანსპორტით გადაადგილდებოდა, ამჯერად ის კადიროვს მშვიდად, თვითმფრინავით ესტუმრა. თუმცა გროზნოდან გუდერმესამდე გზაზე, მოსკოველი სტუმრებით სავსე ავტობუსების კოლონების მცირედი შეფერხებისთანავე, ტრასაზე განთავსებული ჯიბეშიხელჩაწყობილი მამაკაცების ხელში მაშინვე ავტომატები ჩნდებოდა, - წერს „კომერსანტი“.
რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ჟურნალისტის დაკვირვებით, იქმნებოდა შთაბეჭდლება, რომ ქალაქი ან ხანგრძლივი ალყისთვის ემზადებოდა, ან სულაც, თავდასხმისათვის.
სიმშვიდე იყო გუდერმესშიც, ისევე, როგორც გუდერმესის მაკეტში, რომელსაც, როგორც წესი, სოჭის ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენენ ხოლმე. თუმცა ამ მაკეტზე დატანილი არაა ავტომატიანი ჯარისკაცები, რომლებსაც მიზანში აქვთ ამოღებული არა მარტო უახლოესი პერიმეტრი, არამედ ყველა ქუჩა, ფანჯარა და კარი…
ჩრდილო კავკასიის მოჩვენებითი სტაბილურობა კარგად ესმის თავად პუტინსაც. რომელმაც
განაცხადა, რომ „თუ არ დავაფინანსებთ კავკასიას, ომი იქნება“.
ჩრდილო კავკასიის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება დღეს ფულია, რომლის ჩადებაზეც, უკვე აქტუალური ლოზუნგის „კმარა კავკასიის კვება“ მიუხედავად, მოსკოვი უარს არ იტყვის. ორი დღის წინ ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის განვითარების თემაზე გუდერმესში ჩატარებულ თათბირზე რუსეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ კავკასიაში ფულის ჩადებას შეწყვეტენ, მაშინ ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, უმუშევრად დარჩენილები, ბანდფორმირებებს შეავსებენ და „მაშინ რუსი ბიჭები აქ საომრად ჩამოვლენ, დაიწყება ისევ ძმათამკვლელი ომი“.
ომის საფრთხის გარდა, აღმოჩნდა, რომ ჩრდილოკავკასიელი მოსახლეობა საერთოდ ინდიფერენტულია არჩევნების მიმართ. მართალია კრემლი ამ რესპუბლიკებში უმაღლეს შედეგებს უზრუნველყოფს ხოლმე, მაგრამ სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კავკასია არ დადის არჩევნებზე.
აქაური მოსახლეობა თვლის, რომ არჩევნები მათ რეგიონში არაობიექტურად ტარდება. დაღესტნელების ¾, ყარაჩაი-ჩერქეზეთის 64%, ყაბარდო-ბალყარეთის 61%, ჩრდილო ოსეთის 60% აღიარებს, რომ არჩევნები მათ რესპუბლიკაში ტარდება ან აბსოლუტურად არაობიექტურად, ან , როგორც წესი, არაობიექტურად. ამ კვლევის თანახმად, არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელი, ორჯერ აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილან არჩევნებზე ან, რომ რეგულარულად მონაწილეობენ მასში. მოსახლეობის ნახევარი კი ამბობს, რომ არასოდეს მიუღია მონაწილეობა ამ პოლიტიკურ პროცესში.