ლეონ პანეტა: აშშ მზად არის, ირანზე სამხედრო შეტევა განახორციელოს
09:25:04     21-12-2011
პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნა არ დაუშვას. თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო შეტევა განახორციელოს, ამ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ. პანეტა ეჭვობს, რომ თეირანს ბომბის შექმნამდე უკვე ბევრი აღარაფერი უკლია და ამას შემდეგი წლის განმავლობაში განახორციელებს, თუმცა, ამ ვერსიის დამამტკიცებელი კონკრეტული საბუთი ამერიკულ დაზვერვას არ აქვს - აცხადებს მინისტრი.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ამერიკულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, იმ ინფორმაციის შეტყობისთანავე, რომ თეირანი აგრძელებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ვაშინგტონის რეაქცია ძალიან მკაცრი იქნება და ამერიკის შეერთებული შტატები პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ამერიკელები ეჭვობენ, რომ ირანის ტერიტორიაზე ფარულად მიმდინარეობს ურანის გამდიდრება, თუმცა, ზუსტი დამადასტურებელი ფაქტები ამის დასამტკიცებლად, არ აქვთ. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ისინი შევაჩეროთ“ - დაპირდა საზოგადოებას მინისტრი.
თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება ჯიუტად აცხადებს, რომ ამერიკელები ცდებიან და ურანის გამდიდრება თეირანს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის სჭირდება, კერძოდ, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირანს, ატომური ბომბის შესაქმნელად, სულ რაღაც ერთი წელი დარჩა, თუმცა, საამისო მტკიცებულებები არ არსებობს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, პენტაგონი სამხედრო დარტყმისათვის უკვე ემზადება, თუმცა, ომის დაწყება მაინც არ სურს, ვიდრე ირანთან დაკავშირებით, საკუთარ ეჭვებში საბოლოოდ არ დარწმუნდება.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ცნობილია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, გასული წლის ივნისში მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებდა. ამის მიზეზი თეირანის მხრიდან ორგანიზაციის მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა. რაც შეეხება საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს, მისი უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს.
ამ ყველაფრის პარალელურად, შესაძლო სამხედრო შეტევისათვის თეირანიც საგანგებოდ ემზადება. როგორც ცნობილია, მთელი რიგი ბირთვული ქარხნები, ირანის ხელისუფლებამ მთებში, უფრო დაცულ ადგილას გადაიტანა. მათი ახალი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია.