გია ხუროშვილი: ქართველ მეზღვაურთა დიპლომების სანდოობა, ეჭქვეშ აღარასდროს დადგება

  08:53:37     21-12-2011

ქართველ  მეზღვაურთა მომზადებისა და მათი სერტიფიცირების სისტემის რეფორმირების პასუხისმგებლობას, საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებს.

ამასთან დაკავშირებით, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა.

როგორც პრესა.ჯი-ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, ევროკავშირის რეკომენდაციით, 2010 წელს,  გარკვეული კვლევები იქნა ჩატარებული და იმის გამო, რომ საქართველოში, გაცემული სერთიფიკატების გარკვეული რაოდენობა გაყალბებული იყო, ევროკავშირმა, ქვეყანაში გაცემული 3700 სერთიფიკატის მოქმედება შეაჩერა, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს კონკრეტული რეკომენდაციები მისცა, რომ ის გარემოებები აღმოეფხვრა, რის გამოც, ამ სერთიფიკატების გაყალბება ხდებოდა.

ხუროშვილის განმარტებით, “სააზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ” ევროკავშირის რეკომენდაციები კანონპროექტში ასახა.

პროექტის მიხედვით, განისაზღვრება საქართველოში მეზღვაურთა მიერ განათლების მიღებისა და მათი სერტიფიცირების პირობები, მეზღვაურთა ცალკეული კატეგორიის მიერ მისაღები სერტაფიკატის სახეობები, შესაბამისი სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მეზღვაურთა სწავლებასა და მომზადებაზე უფლებამოსილი საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები, მათი ფუნქციონირებისა და აღიარების პირობები, ასევე სსიპ “საზღვაო ტრანსპორტის” სააგენტოს უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სფეროში.

“როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ქართველი მეზღვაურების გონებრივი განვითარების პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ სტატისტიკურად და პროცენტულად, ყველაზე მეტი ქართველი დასაქმებული მაღალ თანანმდებობებზე იყო და ამიტომ, ჩვენ საკმაოდ, მაღალ სტანდარტებს ვადგენთ, რომ ადამიანებს საშუალება მიეცეთ, რომ მათი გონივრული პოტენციალი ადეკვატურად იქნეს გამოყენებული და ისინი მაღალანაზღაურებად პოსტებზე დასაქმდნენ. სახელმწიფო, იმის პასუხისმგებლობას იღებს, რომ მეზღვაურთა ეტაპობრივი ზრდა მოხდება და მათი დიპლომების სანდობაა, ეჭქვეშ აღარასოდეს დადგება”, - აცხადებს ხუროშვილი.

 უნდა ითქვას, რომ კანონპროექტის მთავარი სიახლეა STCW კონვენციაში შეტანილი  ცვლილებების (მანილას შესწორებების) გათვალისწინება, კერძოდ, პროექტში გათვალისწინებულია მეზღვაურთა კომპეტენციისა და ცოდნის დონის დადასტურება, სრულიად ახალი სახის სერტიფიკატით - კვალიფიკაციის სერტიფიკატით (CERTIFICATE OF PROFFICENCY), ასევე, გათვალისწინებულია აღნიშნული სერტიფიკატის მიღებისა და განახლებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი გემთმფლობელი კომპანიის ვალდებულებებსაც შეეხება, კერძოდ, მათ გემის ეკიპაჟის დაკომპლექტება, სათანადო კომპეტენციისა და მომზადების მქონე მეზღვაურებისაგან უნდა უზრუნველყონ, ასევე, მათ ვალდებულებებს განეკუთვნება - ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის ქონა და გემის ეკიპაჟის აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად დაკომპლექტება.

იმ შემთხვევაში კი, თუ სერტიფიცირების წესები დაირღვევა, პასუხისმგებლობის ზომად ჯარიმა განისაზღვრება. აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს, სააგენტო ადგენს და პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელიდან მიღებული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, პროექტის განხილვა უკვე მიმდინარეობს და საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას, ამ წლის ბოლომდე დაამტკიცებს.