ნიკო მარის მშობლიური გურული დიალექტი

  20:01:43     20-12-2011

1934 წლის 20 დეკემბერს ლენინგრადში გარდაიცვალა დიდი მეცნიერი - ლინგვისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, არქეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი და პედაგოგი - ნიკო მარი. 

დიდი ენათმეცნიერი დაიბადა 1864 წლის 25 დეკემბერს ქუთაისში. მამა წარმოშობით შოტლანდიელი იყო, დედა ქართველი. დღეს, გურიაში ცხოვრობენ მისი მოგვარეები, რომლებიც ნამდვილი გურულები და შესანიშნავი ქართველები არიან. 

გიმნაზიაში შესვლამდე რუსული ენა თითქმის არც იცოდა. როგორც თვითონ აღნიშნავდა ავტობიოგრაფიაში, „მშობლიურ ენად ვთვლი ქართულს, უფრო ზუსტად გურული დიალექტსო“. წერა-კითხვაც პირველად ქართულად ისწავლა. შემდეგ დაიწყო სწავლა ფრანგულისა, რომელსაც ქართული ტრანსკრიპციით წერდა. ძალიან უყვარდა მშობლიური ენა, წერდა ლექსებს ქართულად. ქართულად თარგმნილა ბაირონის, ჰაინეს და სხვათა ნაწარმოებებს. 

1884 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1890 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. 1891 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი გახდა. 1894-1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანის და რომისა და ვენეციის ბიბლიოთეკებში. 

ქართულ ხელნაწერთა აღმოჩენისა და შესწავლის მიზნით 1898 წელს გაემგზავრა ათონის მთაზე (ნ. კონდაკოვის ექსპედიცია). 1902 წელს ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმყოფებოდა სინას მთაზე და იერუსალიმში. 

1902 წელს გახდა უნივერსიტეტის პროფესორი, 1912 წელს რუსეთის საიმპერატორო აკადემიის აკადემიკოსი, 1913 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი, 1924-1930 წლებში ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, 1930 წლიდან სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 

ნიკო მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განვითარების საქმეში. მან გამოაქვეყნა ჩვენი სასახელო ნაწარმოები - გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და სხვა. 

მისი მოწაფეები იყვნენ დიდი ქართველი მეცნიერები, ივანე ჯავახიშვილი და აკაკი შანიძე... თუმცა, შემდგომში ნიკო მარს სამეცნიერო და სხვა საკითხების გამო კამათი ჰქონდა ქართველ მეცნიერებთან, მათ შორის თავის მოწაფეებთან... 

ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორც ვთქვით, ხშირად ეკამეთებოდნენ ნიკო მარს, რომელიც ხშირად ცვლიდა თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა სამეცნიერო თუ სხვა საკითხისადმი. 

მაგალითად, უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ II თანახმა იყო გამოეყო თანხები ქართველებისთვის, ტფილისში გახსნილიყო უნივერსიტეტი, ან სხვა რამ გაკეთებულიყო, როგორც საზოგადოება მოისურვებდა. ქართველებს უნდოდათ ქართული უნივერსიტეტის დაარსება, ნიკო მარი კი ამბობდა, რომელსაც ჭკუას ეკითხებოდნენ, უნივერსიტეტი საერთოკავკასიური უნდა იყოსო. 

დიდი ხნის წინ, როცა ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჩვენმა დეკანმა, ბესარიონ ჯორბენაძემ მითხრა: „ თუნდაც კავკასიური უნივერსიტეტი გახსნილიყო თბილისში, ჩვენი არ იქნებოდა? ქართველები ძალიან მაქსიმალისტები ვართ, არ ვუფასებთ ნიკო მარსო“. 

კი ვუფასებთ, თუმცა, ჩემი აზრით, კავკასიური უნივერსიტეტი რუსულენოვანი იქნებოდა. დაარსდებოდა ქართული ფაკულტეტებიც, მაგრამ, ჩვენ მაინც ქართული უნივერსიტეტი გვერჩივნა. 

თუმცა, კამათი ამ თანხის დახარჯვასთან დაკავშირებით, თვით ქართველებს შორისაც მიმდინარეობდა. ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძეც კამათობდნენ... ილიას უნივერსიტეტი უნდოდა, ნიკოს კი ადგილობრივი თვითმმართველობა... ორივე ხომ ძალიან საჭირო იყო... 

უნივერსიტეტის დაარსება არ გვეღირსა 1918 წლის 26 იანვრამდე (ახალის სტილით 8 თებერვლამდე... 

გარდა ამისა, ნიკო მარს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის ორიგინალურობასთან დაკავშირებით. თუმცა, დიდად აფასებდა „ვეფხისტყაოსანს“. მან გამოსცა „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი და დასკვნითი სტროფები“ (1910), სათანადო გამოკვლევებითა და რუსული თარგმანით, გამოაქვეყნა ნაშრომი“ვეფხვისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა“ (1917). 

ნიკო მარმა გაშიფრა ურარტუს მეფე სარდურ II-ს (ძველი წელთააღრიცხვის 760-730) სოლისებური წარწერა, რომელშიც მოხსენიებული იყო კულხა (კოლხთა ქვეყანა). 1906 წელს პეტერბურგში გამოსცა „საქართველოს ისტორია“, სადაც განხილულია ქართველი ხალხის ისტორიის იმნიშვნელოვანესი საკითხები და მოვლენები (ეთნოგენეზის საკითხები, ქრისტიანობის მიღება, ლიტერატურის ისტორია და სხვა. საქართველოსა და კავკასიის უძველესი ხანის ისტორია ერთ მთლიანობაშია წარმოდგენილი (ქართველ-კავკასიურ ტომთა მცირე აზიიდან მიგრაციის, ქართველ-ურარტუელ ტომთა ნათესაობის, ქართველ-ბასკური პარალალების საკითხები და სხვა).

 

ნიკო მარმა სათანადო მეცნიერული კომენტარებით, ლექსიკონითა და რუსული თარგმანითურთ გამოსცა „პეტრე იბერის ცხოვრება“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.და სხვა.

 

ნიკო მარმა გამოაქვეყნა რუსულ ენაზე „ძველი ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკის საფუძვლები“, „ჭანურის (ლაზურის) გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით “,  „ქართული ენა“ (სახელმძღვანელო ფრანგულად, ცნობილ ქართველოლოგ მორის ბრიერთან ერთად) და სხვა...

 

ივანე ჯავახიშვილი წერდა: „გამოკველევების შედეგად ნიკო მარმა ქართული ფილოლოგია იმ სიმაღლეზე ასწია, რა სიმაღლეზეც არის თანამედროვე დასავლეთ ევროპის ფილოლოგია“.

 

ნიკო მარმა სომხური ენა ნარევ ენად მიიჩნია. შეისწავლიდა აფხაზურს (აფსუურს). შექმნა კიდეც ამ ენისათვის ანბანი, მაგრამ მისი ანბანით დიდხანს ვერ წერეს აფხაზებმა (აფსუებმა), და გადავიდნენ უფრო გამოსადეგ ქართულ ანბანზე, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგებოდა მათ ენას (თუმცა მერე ისიც შეცვალეს. ქართული დამწერლობის მეშვეობით, როგორც ენათმეცნიერები ამბობენ, აფხაზურმა (აფსუურმა) ანამ ნაწილობრივ მაინც გადაირჩინა თავისი ბუნება).

 

ნიკო მარი ცდებოდა, როდესაც დასავლეთ საქართველოსში, გურიაში არსებული მდინარის სუფსის სახელწოდების ძირი აფხაზურად (აფსუურად) მიაჩნდა. აღმოსავლეთ საქართველოში არის მდინარე ფცა, იქ რაღა უნდოდათ აფხაზებს (აფსუებს)? მეტიც, ქართულ ენაში კიდევ არის სიტყვები, რომელიც ფს ძირიდანაა, მაგრამ ნამდვილად არ არის აფსუური (აფხაზური). 

ტაო-კლარჯეთში შატბერდის სავანის ძებნისას, აღფრთოვანებულს დღიურში ჩაუწერია: „აქ შევიგრძენი ისეთი სიახლოვე ამ მიყრუებული კუთხის წარსულის რეალობისა, რომ არ გამიკვირდებოდა თვით გრიგოლ ხანძთელი რომ გამომცხადებოდა პასუხით კითხვაზე, რომელმაც აქ მომიყვანა: სადაა შატბერდი?“ 

ჩემთვის მნიშვნელოვანია ნიკო მარი განსაკუთრებით, მან შავშეთში, სოფელ ოქრობაგეთში იპოვა და გაშიფრა (თუ ეს წაკითხვა სწორია) მამალაისძეთა სააღმშენებლო წარწერა X საუკუნისა („შავშეთში და კლარჯეთში მოგზაურობის დღიური“ (1004 წ., გვ. 8). მის აზრს იზიარებენ ნ. შაშიაშვილი (ქართული წარწერების კორპუსი, I, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, (V-X სს), თბილისი, 1980, გვ. 307) და ი. სიხარულიძე (ი. სიხარულიძე, შავშეთ-იმერხევი, ბათუმი, 1988, გვ. 25-26). 

როგორც ამბობენ ენათმეცნიერები, ნიკო მარს ჰქონდა საოცარი ინტუიცია და შეეძლო პრობლემების გამოკვეთა, საკითხის დასმა, მაგრამ საკითხის გადაწყვეტაში კი თანმიმდევრული და იმავე შესაძლებლობისა არ იყოო. თუმცა უნდა დავამატოთ, ის ენციკლოპედიური განათლების ადამიანი იყო. 

ნიკო მარმა თავის ცხოვრების მანძილზე წამოაყენა რამდენიმე თეორია, რომელთაც შემდგომში ცვლიდა, ან უარყოფდა... 

საინტერესოა ნიკო მარის იაფეტური თეორია... თუმცა მას შემდეგ, რაც ჩათვალა შეცდომად იაფეტურისა და სემიტურის ნათესაობა... იაფეტური თეორიის თანახმად, ქართველური ენებს (როგორც უწოდებენ ქართულის - სალიტერატურო ენის შემადგენელ ნაწილებს (სვანურს, ჭანურს, მეგრულს), ასევე კავკასიურ ენებს (აფხაზურ) აფსუურ)-ადიღურს, ვაინახურ და დაღესტნის) ერთი წარმომავლობა, ერთი ენათა ოჯახი აქვთ. ამასვე დაუკავშირა ბასკურიც.

 

თუმცა, შემდგომში ჩათვალა, რომ იაფეტიზმები დასტურდება მთელი მსოფლიოს ენებში. მან იაფეტური ენები (იაფეტიზმი) გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად (სტადიად), ხოლო — ენათა ოჯახის ცნება უარყო. ნიკო მარმა „ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება“ შექმნა, რომელიც არ იქნა გაზიარებული ენეთმეცნიერების მიერ. 

აქვე უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართულ ენას, და როგორც უწოდებენ, ქართველურ ენებს (ამ ტერმინს არ ვეთანხმები ახალი ქართული ენათმეცნიერების სკოლის ზოგიერთი თეორიის შესაბამისად - მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თეიმურაზ გვანცელაძე, ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე და სხვები). 

ნიკო მარი ქართული ენის შესახებ წერდა: „ ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ქართული ენის შეუსწავლელად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობელად, კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული საკითხი ვერ გადაიჭრება“.