„რაც ივანიშვილმა იკადრა, ფერმის ღორიც კი არ იკადრებდა“

  17:43:24     20-12-2011

ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალეკო ივანიშვილთან შეკამათება, ღენტორ გაფრინდაშვილს ძვირად დაუჯდა. ივანიშვილებმა ანგარიშწორების იარაღად „ბანკი ქართუ“ გამოიყენეს და ღენტორ გაფრინდაშვილს თითქმის მთელი ქონება დააკარგვინეს. ივანიშვილების ანგარიშწორებას შეეწირა გაფრინდაშვილის დედაც.  ღენტორ გაფრინდაშვილი „პრესა.ჯი“-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ საქციელს, რომელსაც „ფერმის ღორიც“ კი არ იკადრებდა, ივანიშვილს არ აპატიებს და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დასამტკიცებლად, ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს.

ღენტორ გაფრინდაშვილს ბიზნესი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალეკო ივანიშვილის ცოლის ნათესავთან, რომელსაც, ფაქტობრივად, ალეკო ივანიშვილი აკოტროლებდა. დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან შეკამათება მოუვიდა, რადგან მისგან თავი ძალიან დამცირებულად იგრძნო. ამის შემდეგ, ივანიშვილებმა მის წინააღმდეგ ანგარიშსწორების იარაღად, „ბანკ ქართუში“ 1998 წელს აღებული კრედიტი გამოიყენეს, რომელიც მათივე გადაწყვეტილებით, შეჩერებული იყო.

გაფრინდაშვილმა „ბანკ ქართუსგან“ კრედიტი 1998 წელს აიღო, ექვსთვიანი ხელშეკრულებით, მას ყოველთვიურად პროცენტი უნდა გადაეხადა, შემდეგ ვადა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა და შვიდი თვის განმავლობაში, გაფრინდაშვილი კეთილსინდისიერად იხდიდა 1050 დოლარს, რის შემდეგაც ვალის შეჩერება- გაქვითვა მოხდა.  

ღენტორ გაფრინდაშვილი: „საერთო ბიზნესი მქონდა „ბანკი ქართუს“ დამფუძნებლის ძმის, ალეკო ივანიშვილის ცოლის ბიძაშვილთან, რომლთანაც ჩხუბი მომივიდა, რადგან ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი. ამ ჩხუბის შემდეგ, მათგან მივიღე წერილი, რომ ითხოვდნენ ჩემს მიერ 1998 წელს „ბანკ ქართუსგან“ აღებული კრედიტის - 35 000 დოლარის დაბრუნებას, რომელიც მანამდე შეჩერებული იყო. იცით ალბათ, რომ როდესაც ვალს არ გთხოვენ და მისი ხანდაზმულობა შედგენს 3 წელს, კრედიტი ანულირებულია. მე კი მისი გადახდა მომთხოვეს ექვსი წლის შემდეგ. პატიოსნად, კაცურად დავუწერე, რომ გადავიხდიდი 35 000 დოლარს. ამის შემდეგ ისეთი რამ იკადრეს, რასაც მევახშეც კი არ იკადრებდა. აღიარებითი წერილი რომ მოიპოვეს, სასამართლოში მიიტანეს და სამჯერ მეტის გადახდა მოითხოვეს.  

- თქვენ გქონდათ მრავალწლიანი სასამართლო დავა ივანიშვილის ბანკთან...

- დიახ, შვიდწლიანი დავა მქონდა სასამართლოში და კვლავ ვაპირებ ამ საქმის გაგრძელებას, მე „არავისტი“ არ ვარ და არ მაინტერესებს, ვინ მოვა ხელისუფლებაში, როგორც თვითონ აქვთ გეგმაში. ძალიან  შეურაცხყოფილი ვარ, ამ ამბავს გადაჰყვა დედაჩემი. ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა. დედაჩემი არ ჰგავდა ზოგიერთი მათგანის დედას. პროკურატურასაც მივმართე, რომ აღეძრათ საქმე და მიეცათ მსვლელობა მისთვის, მაგრამ იმ პერიოდისთვის ძალა აღმართს ხნავდა.

სასამართლო დავა 7 წელს მიმდინარეობდა, ამის გამო, მევახშეებისგან ძალიან დიდი ვალი ავიღე. გავყიდე მამაპაპისეული სახლი ჭიათურაში, ჩემი დის სახლი თბილისში. დანარჩენი ყველაფერი, რაც ღირებული გამაჩნია, დალომბარდებული მაქვს.  სისტემატურად ვიღებდი სესხს მევახშეებისგან, რომ ვალები გამესტუმრებინა. ამის გადაყლაპვას არ ვაპირებ. არ მაინტერესებს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ იმას, რომ მისი გარემოცვა თაღლითურად მომექცა, დღეს თუ ხვალ აუცილებლად დავამტკიცებ.

- ახლა რატომ არ მიმართავთ შესაბამის ორგანოებს, მით უმეტეს, თუ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მათი მხრიდან?

- სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ჩადენილი, მოტყუებით, თაღლითური გზით, დიდი ქონებრივი გამორჩენის მიზნით და ა.შ. მოქმედებდნენ ჩემს წინააღმდეგ. მე თავმოყვარე კაცი ვარ, ახლა რომ მიმემართა შესაბამისი ორგანოებისთვის, ხალხი ჩათვლიდა, რომ ვისარგებლე სიტუაციით, ამის გამო, შევიკავე თავი. თუმცა, რაც უნდა მოხდეს, ვინც უნდა იდგეს მის მხარეს, მე მათ არ ვაპატიებ, როგორც მომექცნენ.

 - თქვენ თქვით, რომ ბიზნესი გქონდათ ივანიშვილთან, როგორია ის ურთიერთობებში?

 - ბიზნესი მქონდა ბიძინა ივანიშვილის ცოლის ბიძაშვილთან, მაგრამ ყველაფერს წყვეტდა ალეკო ივანიშვილი. როგორც თვითონ ამბობენ, თითქოს ბიძინამ ეს არ იცოდა - გამორიცხულია. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილი ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს კერძო პირებთან, როცა საქმე კერძო პირის უძრავ ქონებას ეხება და არა კომერციულს. შეუძლებელია შვიდწლიანი სასამართლო დავა მის ბანკთან ბიძინა ივანიშვილს არ სცოდნოდა, არ სცოდნოდა, რომ მომექცნენ თაღლითურად, რაშიც სასამართლო მოხელეებიც არიან გარეული. ეს ხდებოდა განსაკუთრებით თავიდან, 2005 წელს, როცა პროცესი დაიწყო. ის მოსამართლე შემდეგ გააგდეს სამსახურიდან. გარკვეული პერიოდი ადვოკატი იყო, ახლა ადვოკატიც აღარ არის.

- ივანიშვილს და მის ბანკს არ აქვს ფინანსური პრობლემა და იმის აუცილებლობა, რომ ასეთი მაქინაციებით ამოიღოს თანხები კრედიტორებისგან, ხომ არ იყო ეს ანგარიშსწორება მისი მხრიდან?

- რა თქმა უნდა, ეს იყო ანგარიშსწორება, იმისთვის, რომ თავი ვეღარ შევიკავე და მაგრად გამოვლანძღე ალეკო ივანიშვილი. გამოვლანძღე იმიტომ, რომ მიმიყვანეს ამ ზომამადე. გადამღალეს უკვე, კამიკაძე გამხადეს.

- ივანიშვილი ქულებს იწერს, რომ ის არის მეცენატი...

- ეგ არის ბებიას ზღაპრები. რაც ივანიშვილმა იკადრა, ძალიან უზრდელად რომ ვთქვა, ფერმის ღორიც კი არ იკადრებდა. აღიარებითი წერილი რომ არ დამეწერა, კაპიკს ვერ წაიღებდნენ ჩემგან. მე ჩემი ნამუსით დავუწერე მათ ეს წერილი, რადგან არავის ფული არ მჭირდება. მათ კი ვალი ჩემი წერილით რომ „გააპრავეს“, სასამართლოში გაიქცნენ და სამჯერ მეტი მომთხოვეს, თორემ 35 000 გადახდაზე მე უარს არ ვამბობდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოწერილი მქონდა, როგორც თვითონ მეუბნებოდნენ. როგორც უნდა მიჭირდეს, მე მაგათი მათხოვარი არ ვიქნები.

- ბევრს საუბრობენ, რომ პირად ურთიერთობებში ივანიშვილი ძალიან მძიმეა და მას ახასიათებს ანგარიშსწორებები.

- სწორი შეფასება მისცა მას ერთმა პარლამენტარმა. ივანიშვილი ყველაფერზე „ვარდება“ და ძალიან პრიმიტიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მე, როგორც აღვნიშნე, „არავისტი“ არ ვარ. ზოგიერთი კი თუ ფიქრობს, რომ ვაის გავეყრებიო, ფრთხილად იყვნენ, უის არ შეეყარონ.