ფრანგი მოქანდაკე ჟან ანტუან ჰუდონი
13:56:12     20-12-2011
ჟან ანტუან ჰუდონი, უდონი (დ. 20 მარტი, 1741, ვერსალი — გ.15 ივლისი, 1828, პარიზი), ფრანგი მოქანდაკე. ევროპის პორტრეტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია.
1764-1768 წლებში, იყო საფრანგეთის აკადემიის პენსიონერი რომში, სადაც გაიტაცა ანტიკურმა ხელოვნებამ და ანატომიამ. სახელი გაუთქვა ქანდაკებამ "დიანა" (1776, თაბაშირი, გოთის სასახლის მუზეუმი, გერმანია), რომელშიც მოდელის არისტოკრატიული დახვეწილობა ერწყმის მკაცრ კლასიცისტურ ფორმებს.
შემდომში შექმნა პორტრეტების სერია ჟ. ჟ. რუსო (1878, თაბაშირი, სამხატვრო მუზეუმი, შვერინი), ბ. ფრანკლინი (1776), ო. გ. მირაბო (1791, ორივე ტერაკოტა, ლუვრი, პარიზი). ვოლტერის ბიუსტი (1776) და ქანდაკება (1781, მარმარილო, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი).
ჰუდონის პორტრეტებისათვის ნიშანდობლივია ფსიქოლოგიური დახასიათების მრავალმხრივობა და სიმახვილე, ფორმის ცოცხალი ძერწვა, სილუეტის სიცხადე, ექსპრესიულობა. მეტი ლაკონურობითა და ბუნებრივობით ხასიათდება ბავშვებისა და ქალების სახეები ("მეუღლის პორტრეტი", 1787, თაბაშირი, ლუვრი, პარიზი და სხვ.). 1805-1823 წლებში, ჰუდონი ასწავლიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში.