ლეო ქიაჩელის გარდაცვალების დღისადმი („სტეფანე“)

  14:57:09     19-12-2011

ლეონ შენგელაია დაიბადა ზუგდიდის მაზრის სოფელ ობუჯში, 1884 წლის 7 (ახალი სტილით) 19 თებერვალს.

მათი სახლი ახლოს იდგა ქიაჩის ეკლესიასთან. ქიაჩის ხატის მფარველობას ყოველთვის გრძნობდა მწერალი და თავისი ფსევდონიმიც მას დაუკავშირა.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1902 წელს გარდაეცვალა მამა. 1904-1905 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905 წელს სტუდენტთა რევოლუციური გამოსვლების გამო, უნივერსიტეტი დროებით დაიხურა. დაბრუნდა სამშობლოში.
 
1905-1907 წლების რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. იჯდა ქუთაისის ციხეში. 1907 წელს, სოციალ-დემოკრატების დახმარებით, სხვა პატიმრებთან ერთად გაიქცა ციხიდან: „1906 წელს გლეხთა რევოლუციური აჯანყება დამარცხდა და რეაქციამ გაიმარჯვა.  მე შემიპყრეს და ქუთაისის ციხეში მომათავსეს…  სანამ ჩემი გამართლება მოხდებოდა, 1907 წ.  ს.დ. ორგანიზაციამ დაპატიმრებული და მეფის სამართალში მიცემული ამხანაგების გასათავისუფლებლად, რომელთაც მძიმე სასჯელი მოელოდათ,  ქუთაისის ციხეში გვირაბი ჩაიყვანა და პატიმართ საშუალება მისცა გაქცეულიყვნენ“.

არალეგარულად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 წელს გაემგზავრა უცხოეთში. სწავლობდა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის ზაფხულში დაბრუნდა საქართველოში.

მისი პირველი ნაწარმოები გამოქვეყნდა 1909 წელს.

ლეო ქიაჩელი იგი იყო გაზეთ „ლომისის“ რედაქტორი, არა ერთი ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მან დაწერა კინოსცენარი ფილმისთვის „ნარინჯის ველი“, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს ფილმები: „ტარიელ გოლუა“, „თავადის ქალი მაია“ და „გვადი ბიგვა“.

ლეო ქიაჩელის ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

ლეო ქიაჩელი გარდაიცვალა 1963 წლის 19 დეკემბერს, დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლეო ქიაჩელის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ნოველა „სტეფანე“.

სტეფანე

სტეფანე მთელ სოფელში განთქმული იყო თავისი ტყუილით. ყველამ იცოდა მისი ასეთი თვისება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა სიამოვნებით უგდებდა ყურს. სტეფანეს არ ახსოვს, ვისმე გაეჩერებინოს ლაპარაკის დროს და შეენიშნოს, შენ ტყუილს ამბობ, ჩემო ძმობილოო.

სტეფანე მებადური იყო. დილიდან საღამომდე მთელ დღეს მდინარეზე ატარებდა. მძიმე ბადითა და ანკესებით დატვირთული დადიოდა იგი მდინარის გაყოლებაზე. ხან ღიღინებდა, ხან ხმამაღლა მღეროდა და ხან კი თავის თავთან საუბრობდა. ხშირად მომხდარა, საყვარელი საქმე ისე გაიტაცებდა ხოლმე, რომ მეორე სოფელში ამოყოფდა თავს. ასეთ შემთხვევაში იგი დადგებოდა საზღვარზე და უმდაბლეს სალამს მიუძღვნიდა მეზობელ სოფელს. შეაქებდა და ნებას სთხოვდა სტუმრობისა. მიმოივლიდა ახლო ადგილებს და შემდეგ უკან დაბრუნდებოდა. წამოსვლისას მადლობის გადახდაც არ დაავიწყდებოდა.

სტეფანეს ცოლი სოფლის უბრალო დედაკაცი იყო. ქმრის ჩვეულებებს ურიგდებოდა და არასოდეს არ შეუწყრებოდა ხოლმე აშკარა დანაშაულობისათვისაც. არც კი ჰკითხავდა, სად იყავიო, როცა დააგვიანდებოდა. უწყინარი ქალი იყო.სტეფანე დიდად აფასებდა მეუღლის ასეთ ხასიათს და სიყვარულსა და ყურადღებას არ აკლებდა.

ოჯახს კარგად არჩენდა. თევზი კარგ შემოსავალს აძლევდა. ყოველ ორ-სამ დღეში წავიდოდა ქალაქში, ბლომად წაიღებდა თევზს და ფულით და სხვადასხვა ამბებით დატვირთული შინ დაბრუნდებოდა. ფულს და ამბებს დაბრუნებისთანავე ცოლს გადასცემდა. ამბავს უმეტეს შემთხვევაში თვითონ თხზავდა, იგონებდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლმაც კარგად იცოდა ეს გარემოება, მაინც უსმენდა.

- იმიტომ გეუბნები, რომ გამჭრიახი დედაკაცი ხარ და გონება მახვილი გაქვს. მეზობელი ქალებივით არსად არ იტყვი და გაგონილსაც კუდს არ გამოაბამ, - ასე დაიწყებდა ხოლმე სტეფანე ამბის მოყოლას.

ერთხელ ქალაქიდან დაბრუნებულმა ცოლს უთხრა:

- შენ ქალაქს არ იცნობ! ძალიან უცნაური რამეა სწორედ! იქაური მამაკაცები და დედაკაცები სულ სხვანაირებია. ამას წინათ ერთ ქალს მოვეწონე. შენ ეს რად უნდა გეწყინოს: შენც ხომ მოგწონვარ. ალბათ, კარგი მოგწონვარ, რომ სხვასაც მოვეწონე. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში. ჰოდა, მოვეწონე. ჯერ ბაზარში მეარშიყა ბევრი და მერე ბინაზედაც მიმიწვია. მეხვეწა, ჩემთან დარჩიო, მაგრამ მე ვუთხარი, ცოლიანი ვარ-მეთქი!

- ისემც რა გითხრა! - ხუმრობით გააწყვეტინა ცოლმა სტეფანეს.

- ამისთვის კარგი ვახშამი მერგება! ნავახშმევს კიდევ გეტყვი რაღაცას... ქალაქში იმდენი რამე შეემთხვევა კაცს, რომ ვერც კი დათვლი. არც კი დაიჯერებ, რომ გითხრა: ერთმა მდიდარმა ათასი ოქრო შემომაძლია, სულ ბაჯაღლო. რათა-მეთქი, ვკითხე. ეშმაკს შეაფურთხე და ეს ოქრო შენი იყოსო. უარი ვუთხარი: მე უეშმაკოდ სოფელს ვერ მოვჭამ-მეთქი. იმანაც ფული ჯიბეში ჩაიდვა. მაშინ მე ვუთხარი: აი, მომიცია ათასი ოქრო, და შენ შეაფურთხე-მეთქი. არც მე შემიძლიაო. ეშმაკს ვერ შევაფურთხებ და სხვას კი ყველაფერსო. მეც არ მივეცი ფული. ასე იყო. მაშ, რა გეგონა?.. აი, როგორი ხალხი ცხოვრობს ქალაქად! სოფელი ნუ კი გგონია! ჩემს ადგილას სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, აი, ჩვენი ზოსიმე, მაგალითად, უთუოდ დაეხარბებოდა ფულს და... თქმა რა საჭიროა: შეფურთხებული ეშმაკის შურისძიება, ხომ იცი, რა საშინელი იქნებოდა.

ასეთი იყო სტეფანე, რომელსაც ძალიან უყვარდა უწყინარი ტყუილი.

როდესაც ბადეს დიდი თევზი ამოჰყვებოდა, ერთ ამბავს შექმნიდა ამის გარშემო და ათასნაირად მოსდებდა სოფელს. ერთს ეტყოდა:

- გავიხედე და აი, რა ვნახე: თევზი საბალახოდ გამოსულიყო ნაპირზე. მივეპარე და დავიჭირე. მთხოვა, გამიშვიო. არ გაგიშვებ-მეთქი. დამიჯერა და ახლაც შინა მყავს.

მეორეს კი ასე ეტყოდა:

- გავიხედე და აი, რა ვნახე: თევზს თავი დაედვა ქვაზე, ნაპირთან, და დასძინებოდა. ხვრინავდა. ხელი მოვკიდე ბოლოში. არ განძრეულა. ვთქვი, ვინა თქვა, ბოლოთი თევზი არ დაიჭირებაო. ეძინა, მაგრამ მაინც თევზი იყო. მეც ბოლოთი დავიჭირე. თავით დაჭერა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა თევზს ღვიძავს. ანდაზებსაც მრავალი გამონაკლისი აქვს. ამ ჩემ თევზს არც კი გამოღვიძებია, სანამ სახლში არ მოვიტანე!..

ცოლს კი ეტყოდა:

- აი, ქალო, რა მართალი თევზი მოგიყვანე. შარშან დამპირდა, ამა და ამ დღეს მოვალო და კიდეც შეასრულა თავისი სიტყვა. იცოდე, ამ თევზისთანა პატიოსანი არავინ არ არის ქვეყანაზე! სწორედ ამისათვის არ მიუცია ღმერთს სიტყვის ნიჭი: პატიოსანმა არ უნდა ილაპარაკოსო ამქვეყნად. ღმერთი რომ ბრძენი არ იყოს, ამას ვერ იტყოდა. ეს პატიოსანი თევზიც მე მარტო უნდა შევჭამო. შესწვი.

* * *

ერთ კვირა დღეს სტეფანე მეზობელს ესტუმრა. გაუხარდათ სტეფანეს ნახვა, საუცხოო რასმე იტყვისო.

მეზობლისას სხვა სტუმრებიც იყვნენ, ძველი ცაცხვის ჩრდილში ისხდნენ. საერთო სალამი მისცა მათ სტეფანემ და დაჯდა. დიასახლისს სთხოვა, წყალი დამალევინეო. ვერ მოასწრო თხოვნის თქმა, რომ ყველას გულიანად გაეცინა. სტეფანეს ეს არ გაკვირვებია, რადგანაც იცოდა, რომ სიცილის გამომწვევი მადლი ჰქონდა დაბადებიდგან, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც იკითხა:

- ნეტავი რატომ გაიცინეთ?

- ისე! - სიცილით უთხრეს ქალებმა. ერთმა ალმაცერად შეხედა სტეფანეს და თვალი ძირს დახარა.

სტეფანემ აათამაშა ახლა თვალები და ტუჩებზე ღიმილი გაიკრა. დააკვირდა იმ ქალს და შემდეგ მოკლედ გაიცინა.

- ხე-ხე!

ატყდა სიცილი. დიასახლისს წყლის მოტანაც დაავიწყდა. პირზე ხელი მიეფარებინა და სხვებთან ერთად კისკისებდა.

მამაკაცებიც იცინოდნენ, მაგრამ სიცილის ქვეშ გაკვირვება ეტყობოდათ: ნეტავი რა გვაცინებსო.
კარგა ხანს იყო სიცილი. მერე შენელდა. სტეფანეს მართლა სწყუროდა და კიდევ მოითხოვა წყალი.

- უი ჩემს თავს! აკი სულ დამავიწყდა! - იკივლა დიასახლისმა და სწრაფად ადგა. ამას კვლავ სიცილი მოჰყვა.

- აგაშენათ ღმერთმა, კარგ გუნებაზე ყოფილხართ, - თქვა სტეფანემ, - დიდი ხანია ასეთი მადლიანი სიცილი არ გამიგონია! კარგი ამბავია!

- ამბავს ჯერ კიდევ მოველით შენგან! - უპასუხეს.

- უკეთესს ვერაფერს ვერ გიამბობთ!

-  ტყუილი! რომ არ გიამბნია?

- მაშ, რისთვის იცინოდით? განა ამბავი მხოლოდ სიტყვით ითქმის! ყველაზე უკეთესი ამბავი ის არის, რომელიც უსიტყვოდ ესმის ყველას. აი, ისეთი, რომელიც ამას წინათ გიამბეთ.

- ტყუილი! ტყუილი! - და ქალებმა გადაიკისკისეს.

- თუ ვერ გავიგონებთ, რაღა ამბავია? - გაიკვირვეს მამაკაცებმა.

- გაგონება მაინცდამაინც რა საჭიროა!.. მართალი გითხრათ, არც მე მოველოდი, თუ ასე შევძლებდი უსიტყვოდ ამბის მბობას, მაგრამ ჩემი საქმე ისეთია, რომ სულ თევზებთან მაქვს საქმე. თევზმა კი ლაპარაკი არ იცის.

- შენი ბამბაც კი ჩხრიალებს, სტეფანე! ბედნიერი კაცი ხარ! - შენიშნა ერთმა ყმაწვილმა კაცმა.

- ასე იცის ბედმა, ჩემო ძმაო! რა ჩემი ბრალია!

წყალიც მოუტანეს ამასობაში. სტეფანემ დალია და საზოგადოებას კმაყოფილებით გადახედა. ამ დროს ცალი ულვაში აუცმაცურდა. ამანაც საერთო სიცილი გამოიწვია. სტეფანეს ახლა თვითონაც გაეცინა.

- ასეთი ვარ! - ჩაილაპარაკა მან სიცილში რაღაც მწუხარედ და მეზობელს თამბაქო სთხოვა ყალიონისათვის, - წავალ, ისევ ჩემს ძოკოსთან მირჩევნია...

* * *

ეს ძოკო სოფლის გლახა იყო, მუნჯი, სტეფანეს გულითადი მეგობარი. ხშირად სჩვეოდა თავის თავთან ბუტბუტი, ხალხშიც რომ ყოფილიყო, მაინც ბუტბუტებდა თავისთვის და ყურადღებას არავის არ აქცევდა. ძალიან ახირებული მუნჯი იყო, მაგრამ როგორც კი მოჰკრავდა თვალს სტეფანეს, მყისვე შეწყვეტდა ბუტბუტს და დარცხვენილად გაუღიმებდა მეგობარს. მივიდოდა, გვერდში ამოუდგებოდა, და დაიწყებოდა ორ უცნაურ მეგობარს შორის უსიტყვო მეტყველება.
სოფელს უკვირდა მათი ამბავი. ხშირად უნახავთ ისინი მდინარის პირად მარტოდ მსხდარნი და საუბრით გართულნი. ძოკო „ელაპარაკებოდა“ სტეფანეს თუ სტეფანე უამბობდა ძოკოს, სულერთი იყო, ორსავე შეთხვევაში ისინი ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს.

სტეფანეს ცოლსაც უკვირდა, რომ მისი ქმარი ასე მეგობრობდა მუნჯს.

- ნუთუ მართლა გესმის ძოკოს საუბარი? - ჰკითხა მან ერთხელ სტეფანეს.

- ჰე, განა მხოლოდ ყურით ესმის კაცს? - მიუგო ქმარმა.

სტეფანე ყოველთვის განთიადზე მიდიოდა სათევზაოდ, მაგრამ მოხდებოდა, რომ მთელ ღამეს გაატარებდა მდინარეზე, ხოლო დილას კი შინ დაბრუნდებოდა.

ერთხელ სტეფანე ჩვეულებრივზე უფრო ადრე წავიდა სათევზაოდ. ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა იგი ბადით მხარზე გამოვიდა სახლიდან.

ცისკრის მოწითალო კალთის კიდური აღმოსავლეთით ცას შეჰფენოდა. გარემო ათრთოლებულიყო. წამავალი ღამის მძიმე სუნთქვა განთიადის მოახლოების ჟრიამულს შერეოდა. მოდუდუნე მდინარე ღამის ზღაპარს ათავებდა.

სოფელს კი ეძინა.

სტეფანეს ახლაც იქ დახვდა ძოკო, სადაც ყოველ დილას ხვდებოდა ხოლმე. მიესალმნენ ერთმანეთს მეგობრები და გაჰყვნენ მდინარეს. ცოტა ხნის შემდეგ შედგნენ. აქ მდინარემ რაღაც ამოოხვრით ჩაიხმაურა, თითქოს ამოიკვნესაო.

- არაო! გაიგე? ჩვენც დღეს ნუ ვითევზავებთ! - თქვა სტეფანემ.
- კი, მეც ასე მომესმა: არაო! - ანიშნა ძოკომ.

სტეფანე იქვე ხის ძირში ჩამოჯდა. ძოკო გვერდით მოუჯდა. მეგობრები დუმდნენ და ისე უგდებდნენ ყურს ერთმანეთს.

განთიადმაც ზარი ჩამოკრა. ახმაურდა არემარე. ბულბულის გვიანი ამონაკვნესი შორს მიწყდა სადღაც.

მზის ბრწყინვალება ქვეყანას უახლოვდებოდა.

სტეფანე და ძოკო კი სულგანაბულნი ისხდნენ ხის ძირში და დუმილს განაგრძობდნენ გულჩათხრობილად.

უცებ გაქრა ბინდი და დღე დამკვიდრდა.

მაშინ სტეფანე და ძოკო წამოდგნენ და გზას გაუდგნენ შინისკენ. არც ერთ მათგანს სიჩუმე არ დაურღვევია.

სოფლის შესავალში რამდენიმე კაცი შემოხვდათ.

- ამ დილით თევზები გალობდნენ და ჩემთვის არ ეცალათ! - უთხრა მათ მისალმების შემდეგ სტეფანემ.

ეზოს წინ, გამომშვიდობებისას, ძოკომ რაღაცა წუხილით უთხრა სტეფანეს. სტეფანემ ამოოხვრით უპასუხა მეგობარს, გამოემშვიდობა და სახლში შევიდა.

- ძოკომ მითხრა, რატომ სძინავსო ხალხს ღამით, უკვირს საწყალს, - უთხრა ცოლს სტეფანემ და მშრალი ბადე კედელზე ჩამოჰკიდა.

- მაშ, დღით ძილი ვის გაუგონია? - გაიკვირვა ჩვეულებრივად ცოლმა.
- ესეცაა!.. ჰუ, სოფელო!