დეპუტატ გია ცაგარეიშვილის ვაჟს, რესტორანში მომხდარი შელაპარაკების გამო სცემეს

  19:10:14     17-12-2011

საპარლამენტო ფრაქციის, "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, გია ცაგარეიშვილის ვაჟს, ზურაბ ცაგარეიშვილს, 14 დეკემბერს, ღამით, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური შეფასება მიეცა. თავად გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან, რადგან  არ სურს ეს შს სამინისტრომ პოლიტიკოსის მხრიდან გამოძიებაზე ზეწოლის იარაღად აღიქვას. მინდა ვიფიქრო, რომ ეს კრიმინალური თავდასხმა იყო და არა მორიგი პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება  ჩემი ოჯახის წინააღმდეგ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დღეს, შს სამინისტრომ ზურაბ ცაგარეიშვილის ცემის საქმე გახსნა, რომელსაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს და პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის 14 დეკემბერს, თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება  სისხლის სამართლის საქმეზე, ზურაბ ცაგარეიშვილის სხეულის დაზიანების ფაქტზე, დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ცაგარეიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რესტორან „HB"-ში, სადაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ ივანე ერგემლიძესთან. ეს უკანასკნელი, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, დაუკავშირდა თავის მეგობრებს - ირაკლი გიორგაძეს, ლევან ჭუმბურიძეს და ვოვა ილინს, რათა მოეხდინა ანგარიშწორება რესტორანში მომხდარი შელაპარაკების გამო. ივანე ერგემლიძე და მისი მეგობრები   დაელოდნენ რესტორანში მომხდარი შეკამათებისას ყველაზე აქტიურ მონაწილეს - ზურაბ ცაგარეიშვილს და  რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, ავტომანქანით გაყვნენ  მას სახლამდე. შევიდა რა ცაგარეიშვილი თავისივე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ივანე ერგემლიძემ  მეგობართან, ირაკლი გიორგაძესთან ერთად, მიაყენა მას სხეულის დაზიანება.

შს სამინისტრომ ივანე ერგემლიძე, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, უკვე დააკავა. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.