"ქართუ ბანკის" ხელმძღვანელმა უცხოეთის მოქალაქეს მანქანით გადაუარა

  15:03:19     17-12-2011

“ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის რჩეული - ნოდარ ჯავახიშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ ციხეში მოხვდა. იგი 2004 წლის 12 აგვისტოს, უშიშროების თანამშრომლებმა გლდანში, საკუთარ ნაკვეთში დააკავეს. ნოდარ ჯავახიშვილს ბრალი იმავე დღეს წაუყენეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

საქმე ეხებოდა 2000 წლის 5 ოქტომბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც ალბერტ ფიორინგერის სიცოცხლე შეეწირა. ფეხით მოსიარულე ალბერტ ფიორინგერს, ნოდარ ჯავახიშვილი საკუთარი ავტომანქანით დაეჯახა. ფიორინგერი, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ჯავახიშვილი, რომელიც იმ დროისთვის ‘’აღორძინების’’ პარტიული სიით პარლამენტში იყო მოკალათებილი, ფიორინგერის გარდაცვალების გამო არ დასჯილა. შევარდნაძის ხელისუფლების დროს, იმუნიტეტის გარდა, საქართველოს პარლამენტის წევრებს სახელმწიფო მანქანაც იცავდა პასუხისმგებლობისაგან.

ჯავახიშვილი ამტკიცებდა, რომ  მოძრაობდა 40-45 კმ/სთ სიჩქარით, იყო ფხიზელ მდგომარეობაში და არ არღვევდა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესებს. შესაბამისად, პროკურატურის მასალებში ჩაიწერა, რომ ალბერტ ფიორინგერი იყო დიდი დოზით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იდგა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე. მანქანის მიახლოებისას კი დაიწყო საგზაო ნაწილის გადაკვეთა, რითაც დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისთვის დაბრკოლების შექმნას, იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი.

ჰოდა, თურმე  40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ჯავახიშვილს, ასე შემოაკვდა ფეხით მოსიარულე ფიორინგერი, რაც ალბათ დამაჯერებელ სურათს არ ქმნის, რადგან ამ სიჩქარით მოძრავ ავტომანქანას, ალბათ, შეუძლებელია ფეხით მოსიარულე პიროვნება მოეკლა, თუნდაც გზის სავალი ნაწილის  გადაკვეთისას. ეს “საქმე” რომ თეთრი ძაფით ნაკერს ჰგავდა, სწორედ ამიტომაც, ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლის დადგენილებით, საქმის შეჩერების შესახებ რევოლუციამდელი პროკურატურის დადგენილება გაუქმდა და ხელახალი ძიება დაიწყო, რომლის საფუძველზეც, ივანიშვილის ფავორიტმა თავი ციხეში ამოყო.

2004 წლის 12 აგვისტოს ის საკუთარ ნაკვეთში, უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს. ჯავახიშვილს, რომელსაც ეგონა, რომ პარლამენტის იმუნიტეტმა და ასლან აბაშიძის “აღორძინებამ” ციხეს გადაარჩინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით 7 წლამდე თავისუფლების აღღკვეთით ისჯება, თავი ციხეში უკრეს...