კახა შარაშიძის დაბადების დღისადმი

  13:22:59     17-12-2011

თბილისში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა კაცი, კახა შარაშიძე…

მეზობლები ვიყავით. მე ცოტათი უფროსი. ძალიან განათლებული და ზრდილობიანი ადამიანი იყო, ვაჟკაცი და მეგობრების მოყვარული. ბევრი მეგობარი ჰყავდა, მთელ ქალაქში...

ამ გადასახედიდან ვამჩნევ, უფრო სწორად მისი გარდაცვალების მერე მივხვდი, რაღაც სევდით იყო სავსე მისი გული...

ხშირად ვსაუბრობდით, ისტორიაზე, პოლიტიკაზე, ცხოვრებაზე...

ბიჭებს ძალიან უყვარდათ... მისი სიკვდილი ყველამ ძალიან განიცადა...

მისი გარდაცვალების მერე მივხვდი, კახა გრძნობდა, დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა.

ლექსებს წერდა. კარგი პოეტი იყო, თუმცა, ამაზე არ საუბრობდა.

კახას ლექსების კრებული, „თეთრი საღამო კვდება დუმილით“, მისი გარდაცვალების მერე გამოვიდა...

ძალიან მინდა კახას და სხვა, უდროოდ გარდაცვლილი პოეტების ლექსები იცოდეს ქართველმა მკითხველმა. ფეისბუკში მოვძებნე მისი და, ნინო, რომელიც დროებით საქართველოში არ გახლავთ, სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, და ვთხოვე, რამე დაეწერა კახაზე და მისი სურათიც გამოეგზავნა. ვიცოდი, გაუჭირდებოდა, მოუშუშებელი ტკივილი ისევ განუახლდებოდა, მაგრამ...

კარგი იქნება, მისი დაბადების დღეს, არა მარტო ახლობლებმა და მეგობრებმა, არამედ ლიტერატურის მოყვარულებმა ერთად გავიხსენოთ პოეტი კახა შარაშიძე.

ნინო შარაშიძე:

„კახა 1968 წლის 18 დეკემბერს დაიბადა.

საოცარ გაელვებად დარჩა მისი სიცოცხლე...  ნატიფი სულის, პოეტური ბუნების, თავმდაბალი და ამავე დროს საოცრად ძლიერი და გამტანი, მთელი მისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე უდანაშაულო ადამიანების ქომაგობასა და სამართლიანობის ძიებაში გაატარა. მთელი მისი შინაგანი სამყარო აჯანყებული სულის პროტესტია, ვის წინააღმდეგ? ყველას და ყველაფრის...

ჯერ კიდევ ბავშვობიდან, საოცარი წინააღმდეგობის განცდა გაუჩნდა საბჭოთა სისტემის მიმართ. ღიად უცხადებდა ბრძოლას დამკვიდრებულ ღირებულებებს, რაც სრულიად მიუღებელი იყო პედაგოგებისთვის. მახსოვს ერთხელ, სკოლის დირექტორმა თათბირი ჩაატარა და სასტიკად დაგმო თვითმფრინავის გამტაცებელი ქართველი ახალგაზრდების საქციელი. კახამ საპროტესტო ლექსი დაწერა და დირექტორის სამუშაო კაბინეტში, მაგიდაზე დატოვა. საოცარი ამბავი მოყვა ამ ინცინდენტს. მასწავლებლები იმუქრებოდნენ, რომ სკოლიდან გარიცხავდნენ, ნიშნებს არ დაუწერდნენ.  მისი საქციელი ღალატს შეადარეს. დირექტორმა ეს ამბავი ჩემი მშობლების სამსახურს შეატყობინა.

საბოლოოდ არ გარიცხეს, თუმცა დაუპირისპირდნენ. კახას თავისუფალი თემები ძალიან ღრმა იყო, მაგრამ არ მოსწონდათ. სისტემისადმი ბავშვობიდანვე დაპირისპირებამ, ცხადია, მასზე უარყოფითად იმოქმედა. გაუცხოების განცდა ჩამოუყალიბდა, ამას დაემატა ბავშობასთან გამოთხოვების მტკივნეული პერიოდი, როცა "წმინდა და ხელშეუხებელი" სიყვარული მის ცხოვრებაში "ვნებიანმა სიახლოვემ და შიშველმა ლტოლვამ" შეცვალა. გულდაწყვეტილი დაეძებდა "იისფერ მზერას", რომელიც სადღაც გამქრალიყო.

უამრავი მეგობარი ჰყავდა, ყველასთვის სასურველი იყო, ყველგან მიღებული, გარეგნობით ძალიან მომხიბვლელი, ძლიერი, ვაჟკაცური, უშიშარი და რისკიანი, თითქოს მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს ეძებდა. ერთხელ ბეთანიაში წავედით ცხენებით, თითქმის გაუხედნავი ცხენი აირჩია, მთელი გზა შეშლილივით დარბოდა "ენერგია" ( ასე ერქვა ცხენს), კახა კი ბედნიერი იყო. არაჩვეულებრივად ცურავდა. იმდენად ღრმად შედიოდა ზღვაში, რომ აღარ ჩანდა.

ზამთარში კი ყველაზე რთულ სათხილამურო გზებს ირჩევდა და იქიდან ეშვებოდა. მთელი მისი ცხოვრება ცეცხლთან თამაშს ჰგავდა. განსაცდელში ჩავარდნილს გაქცევა არ უყვარდა, ყველაფერს პირისპირ ხვდებოდა.

უსწრაფესი რიტმით ცხოვრობდა, უამრავ ხალხში ტრიალებდა, მთელი სიცოცხლე მუდმივ მოუსვენრობაში გაატარა. განმარტოების, საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება მხოლოდ ღამე ეძლეოდა:

"ქარი მეგზურია ჩემი ოცნების
და ღამე - ფიქრის თავშესაფარი..."

დაუდეგარი ცხოვრების მიუხედავად, კახას მთელი სიცოცხლის მანძილზე უდიდესი სევდა და უცნაური წინათგრძნობა სდევდა თან. მას თითქოს წინასწარ აქვს გააზრებული ის სურათი, რაც მის დასასრულს უნდა ახლდეს. უფრო მეტიც, ერთ მის ლექსში ვკითხულობთ: "ადამიანის ხელიდან შორი, არ მენანება სიკვდილის ხილვაც".

სწორედ ადამიანის ხელით დაიღუპა - 1991 წლის 22 ივნისს კახა მოკლეს. გულში სასიკვდილოდ დაჭრილი მანქანაში თავისით ჩაჯდა და წყნარად უთხრა მძღოლს - "დაჭრილი ვარ, საავადმყოფოში მიმიყვანეთ". ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. რამდენიმე წუთში გზაშივე დალია სული.

"ვგრძნობდი ვკვდებოდი ფიქრივით ჩუმად,
აღარ რჩებოდა ჩემი წარსული..."

21 წელი გავიდა მას შემდეგ. მე მაშინ 20 წლი ვიყავი, კახა კი - 22-ის. 18 დეკემბერს საბურთალოს სასაფლაოზე წავალთ "...საფლავზე ყვავილებს დაშლიან. მერე კი მოვა ვიღაც და ფრთხილად აკრეფს მათ. იქვე ტირიფი იდგება, სწორედ ისეთი, როგორიც შენს სახლთან. მე ვერაფერს გავიგებ, ფოთლები კი ნელ-ნელა დაიწყებენ ცვენას და ცხედრებივით დაესვენებიან მიწაზე..."

რამდენიმე ლექსი შევარჩიე მისი ჩანაწერებიდან“:

* * *

მაშინ იების პატარა კონა
მეჭირა ხელში,
გეძებდი დიდხანს და ჩამონისლულ
ბილიკებს ვსდევდი.
აპრილის ნელი თოვლი სცვიოდა
ატმების ხეებს,
სადღაც წიოდა ბეღურის ბარტყი
ნაწვიმარ ველზე.
ვეღარ გიპოვე, დაჭკნა იებიც,
არ ჩანდა არვინ
და მე ბავშვივით დაღონებული
ავტირდი მაშინ.

* * *

ო, არასოდეს მუხლმოდრეკით შენ არ გემთხვევი,
შენი შექმნილი ვერაფერი მე ვერ ვიწამე
და გარიყული ჩემი სევდით, როგორც კაენი,
მუხლმოდრეკილი ვდგავარ ჩემი სულის წინაშე.

"არც სინაგოგა, არც მეჩეთი, არც ეკლესია",
ომარ ხაიამ, მე შენს სიტყვებს ახლა ვიგონებ
და მარტოობას ჩემი სული არ დაუტანჯავს
ისე ძლიერად, როგორც ეხლა მე ამ სტრიქონებს.

დავდივარ მარტო, როგორც ჩრდილი სასაფლაოზე,
სიცივით მზრალი მოგონების სურათებს ვფანტავ.
შენ ვერ ირწმუნებ, ჩემო კარგო, ამას ვერასდროს,
რომ მარტოობა ჩემზე ძლიერ არავის ტანჯავს.

* * *

ვიოლინოზე სიჩუმე უკრავს,
ისევ ივსება ქუჩები თოვლით
და მარტოობით დაღალულ ხატთან
წვერმორეული მოხუცი მოდის.

ქარმა დაძენძა ნისლიანი ცა,
ვინ ინანიებს ნეტავი ცოდვებს?
-რას ინატრებდი, - მივმართე ფრთხილად,
- იმას, რომ რამე სურვილი მქონდეს.

მე გამოვშორდი სევდიან ტაძარს,
გამომედევნა ნაღველი მძიმე,
ბინდი ჩამოწვა დაფნის ტევრებში,
დაისადგურა მრუმე სიცივემ.

* * *

სისხლისფერი ფარდები, წვიმა,
ვიოლინო შიშველ მკლავებზე,
"დღეს აღარ მოვა"
და ისევ მთვარე
მოაკაკუნებს ფანჯრებზე.
აშლილ სიმებზე სანთელი მიწვა,
ვნებამ იკივლა ბაგეზე,
მერე დაიწყო ბინდმა მოყოლა
მეჭორე მთვარის ამბებზე.
ანგელოზი შიშვლდება ურცხვად,
ვიოლინო, შიშველი მკერდი,
აწეწილი სიმები, ქარი,
... მე ისევ გელი

* * *

ო, არა, მე დღეს შესანდობლად არ შემოვსულვარ,
ხატო, ნუ მიწყენ, მე ხომ ცოდვებს არავის ვუმხელ,
ახლა ვბრუნდები, როგორც ჩრდილი სამძიმარიდან
და ძილგრამკრთალი კვლავ ვიგონებ გარდასულ წუთებს.

ისევ აანთეთ კანდელები, ისევ იგლოვეთ,
მეხ ცრემლნარევი ვეახლები წმინდა საფიცარს
ან ერთხელ კიდევ ღვინით სავსე თასი მომეცით
და ერთხელ კიდევ ვადღეგრძელებ ომარ ხაიამს.

* * *

შევდივარ ეზოში.
მიტოვებულ ალაგას დუმილი მეფობს.
ჭრიალებს სახლი,
საღამოს რომ ნიავი არყევს.

შიგვე დგას ტახტი.
ო, ვინ ჩამძახის ასე სასტიკად,
რომ ჩვენ დავტოვეთ მოხუცი სახლი.
მე მაგონდება ... არც კი ვიცი ვინ.
წინაპართა აჩრდილებს სანთელს ვუნთებ.
ოთახში მარტოა ღვთისშობლის ხატი
და მეც შემცბარი, წარსულ წლებს ვუცქერ.

* * *

ქართლის ქედებზე ღამის ნისლი წევს,
დაბლა არაგვის ხმაურობს ჩქერი,
მოწყენილს მკრთალი ნაღველი დამდევს
და დარდი ჩემი სავსეა შენით

* * *

ღამის ნელი სიჩუმე,
აუხსნელი ქარაგმა,
უკვე საკმარისია,
არაფერი არა თქვა.
ნისლიანი მწვერვალი,
დათოვლილი ბაღები,
მიფერფლილი ბუხარი,
ცრემლიანი თვალები.
ალბათ კმარა ლოდინი,
შუაღამეც გასულა
და გვიანი სტუმრებიც
სათითაოდ წასულან,
აღარავინ არ მოვა...

* * *

სხივებმა ისრებით მწვერვალი დაფარა
და ირგვლივ ჯერ კიდევ სინათლის ლანდები,
მწუხრმა რომ ცრემლებით ცა გადაატარა,
ისევ ბარბაცებენ, ისევ ირევიან,
შემოღამებაა.
ქარი დაწრიალებს,
ტაძრებს ეფერება ბინდის ათინათი,
სულში გაიელვებს ყრმობის მოგონება,
როგორც მოჩვენება მარად წარმავალი.
გაფითრებულ წყვდიადს ბურდავს ნისლის თოვა,
მოჩვენების ტევრში ჩუმად დაძრწის ლანდი,
გრძნეულების ღმერთებს გამოიხმობს ლოცვა
და ალერსის ზღვაში იძირება დარდი.
იძირება დარდი და უსაზღვრო გლოვა
ქარით წეწილ სულში ვნებით სავსე ბორგავს.
ფერმკრთალების ჩრდილში, მოჩვენების ტბაში
ეფერება ტაძრებს ბინდის ათინათი.
სხივებმა ისრებით მწვერვალი დაფარა
და ირგვლივ ჯერ კიდევ სინათლის ლანდები
მწუხრმა რომ ცრემლებით ცა გადაატარა,
ისევ ბარბაცებენ.
შემოღამებაა...