საქართველო ავღანეთში დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის

  16:54:27     16-12-2011

საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამხედრო კონტიგენტს ზრდის.

პრეზიდენტმა პარლამენტს ავღანეთის უსაფრხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ თანხმობის მისაღებად დღეს მიმართა.

მიმართვის მიხედვით, აღნიშნული ბატალიონი ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში იმსახურებს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტს უკვე გამოხატული აქვს თანხმობა ISAF -ის მისიაში ერთი ქვეითი ასეულისა და ინსტრუქტორთა ჯგუფის (საფრანგეთის კონტიგენტში), ერთი ქვეითი ბატალიონის (ამერიკის შეერთებული შტატების კონტიგენტში) და ორი სამხედრო მოსამსახურის (თურქეთის კონტიგენტში) მონაწილეობის თაობაზე.

ავღანეთში დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ შესაბამის დადგენილებას, პარლამენტი, მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ ვინაიდან, ნატო-ს ეგიდით წარმოებული სამშვიდობო მისია ავღანეთში რადიკალურ დაჯგუფებას, თალიბებს ებრძვის და მსოფლიო უსაფრთხოებას იცავს, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს,  რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში ჩართვის შესახებ, სწორი არჩევანია. ქართული მხარის შეფასებით, იმ სამხედრო ვალდებულებით (ორი მძიმე ბატალიონი, ორი მსუბუქი ბრიგადა), რომელიც თავის თავზე, საქართველომ, 4.4 მილიონიანმა ქვეყანამ აიღო, თბილისს, ამ სამხედრო ძალისხმევაში, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს.

გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ მისიაში,  მონაწილეობისთვის ქართველი სამხედროები ხშირად, მსოფლიო ლიდერების მხრიდან, მადლობასაც იმსახურებენ. მაგალითად, აშშ–ის საზღვაო ქვეითთა გენერალმა და სამხრეთ–დასავლეთ ავღანეთში კოალიციური ძალების ყოფილმა მეთაურმა, რიჩარდ მილსმა, ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ისინი ამოცანებს თავს “ჩინებულად” ართმევენ.

რაც შეეხება ავღანეთში არსებულ კონტიგენტებს, ამჟამად, ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, ყველაზე დიდი კონტიგენტი – 1550 ჯარისკაცი – ავღანეთში ავსტრალიას ჰყავს. მალე კი, ქართული კონტინგენტი ავღანეთში 1600-1700 ჯარისკაცამდე გაიზრდება. ამ ეტაპზე კი, ავღანეთში 950 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება. მე-3 ბრიგადის ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში ნებაყოფლობით მსახურობენ...