ნაფიცმა მსაჯულებმა, შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილე პირებს, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

  19:08:57     14-12-2011

27 წლის ნოდარ მარტიაშვილი, 2004 წლის 7 სექტემბერს, ორთაჭალის ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. თუმცა, როგორც წლების შემდეგ გაირკვა, ეს თვითმკვლელობა კი არა, კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო, რომლის დამკვეთიც, საქმის მასალების მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქურასბედიანი, მეტსახელად „წრიპა“ გახლავთ. სწორედ ამ საქმეს განიხილავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

საქმის მასალების მიხედვით, ნო­დარ მარ­ტი­აშ­ვი­ლი ციხეში, ცი­ხის მა­შინ­დე­ლი “მა­ყუ­რებ­ლის”, ალექ­სან­დ­რე ქუ­რას­ბე­დი­ა­ნის - “წრი­პას” ახლობლების, ძმებ სომ­ხიშვილების გან­ზ­რახ მკვლე­ლო­ბის გა­მო მოხვდა. ამიტომ ‘’წრიპამ’’  მარ­ტი­აშ­ვილის მკვლელობა განიზრახა და იგი ლევან ბეჟა­ნიშ­ვილს, რომეო სარ­ქი­სოვს, ბექა მა­ი­სუ­რა­ძეს, ზუ­რა ოქ­რუ­აშ­ვილს და ლევან კი­კა­ბი­ძეს დაავალა. ქურასბედიანის დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა მძი­ნა­რე ნო­დარ მარ­ტი­აშ­ვილს ხელ-ფე­ხი შე­უკ­რეს და ბა­ლი­შით გა­გუ­დეს, შემ­დე­გ კი თვითმკვლელობის იმიტაციის მიზნით, მი­სი ცხე­და­რი ტუ­ა­ლეტ­ში, თასმით ჩამოკიდეს.

მარტიაშვილის მკვლელობა სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბად და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რეს. დანაშაული ახლახანს, ყოფილი პატიმრის ჩვენების საფუძველზე გაიხსნა, რომელიც აღნიშნულ მკვლელობას ესწრებოდა.

მარტიაშვილის მკვლელობაში მონაწილე ბექა მაისურაძე გარდაცვლილია. რაც შეეხება მკვლელობის დამკვეთ დავით ქურასბედიანს, იგივე "წრიპას", იგი მიმალვაშია და დაუსწრებლად აქვს მისჯილი სამუდამო პატიმრობა. დღეს, თორმეტმა  ნაფიცმა მსაჯულმა, მკვლელობაში მონაწილე დანარჩენი პირების მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა და ბრალდებულები: რომეო სარქისოვი, ლევან კიკაბიძე და ვახტანგ ბეჟანიშვილი დამნაშავედ ცნო, 2004 წლის  7 სექტემბერს, სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ნოდარ მატიაშვილის განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ - ჯგუფურად, შეკვეთით და წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ვერდიქტი ბრალდებულების, სარქისოვისა და ბეჟანიშვილის მიმართ მიღებული იქნა ერთხმად, ხოლო ბრალდებულ კიკაბიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი, მიღებული იქნა 10  ხმით, 2-ის წინაღმდეგ.

მოცემულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, ჩატარდა 6 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ორი ბრალდებული და 23 მოწმე, ასევე, მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას მიიღებენ სასაჯელის დანიშვნის სხდომაზეც, რომელიც  თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2011 წლის  15 დეკემბერს, 10  საათზე გაიმართება.