პოლ ელუარის „მეხუთე ლექსი ცხადზე“
15:36:21     14-12-2011
1895 წლის 14 დეკემბერს, სან-დენიში დაიბადა ცნობილი ფრანგი პოეტი, პოლ ელუარი (Paul Éluard). ნამდვილი სახელი ეჟენ ემილ პოლ გრენდელი (Eugène Émile Paul Grindel). მამა ბუღალტერი იყო, დედა მკერავი.
1912 წელს აღმოაჩნდა ჭლექი, რის გამოც იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა. სამკურნალოდ წავიდა შვეიცარიაში.
შვეიცარიაში, კლავადელის პანსიონში გაიცნო ელენა დიაკონოვა, რომელსაც გალა დაარქვა. გალა გახდა მისი მუზა. 1917 წელს მათ იქორწინეს. შეეძინათ ქალიშვილი სესილი. შემდეგში გალა სალვადორ დალის მუზად იქცა... თუმცა, პოლ ელუარმა 1934 წელს მეორედ იქორწინა, გერმანელ აკრობატ ქალზე, ნუშზე (მარია ბენცი). მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალე, მისი მეუღლე გარდაიცვალა. 1950 წელს პოეტმა იქორწინა დომენიკ ლემორზე.
პოლ ელუარის მოკლე ბიოგრაფია მკითხველს შევთავაზეთ მისი გარდაცვალების დღეს, 18 ნოემბერს. პოეტი გარდაიცვალა 1952 წელს, გულის შეტევით.
იგი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ფრანგული ავანგარდიზმისა, დადაიზმისა და სიურრეალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი. დაჯილდოებულია მშვიდობის მსოფლიო პრემიით (გარდაცვალების მერე, 1953 წელს). მის ლექსებზე არა ერთ კომპოზიტორს დაუწერია მუსიკა.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ პოლ ელუარის ლექსს „მეხუთე ლექსი ცხადზე“, რომელიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა.
მეხუთე ლექსი ცხადზე
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
მე ვარ ურიცხვი სახესხვაობა ჟამისა დღისა
წელიწადისა
მე ვარ ურიცხვი სახესხვაობა ამ სიცოცხლისა
სიტყვის და ფორმის
მრავალი ფერის და მოძრაობის
მოულოდნელი სილამაზის
საყოველთაო სიმახინჯის
მგზნებარე აზრის სიცხადისა და სურვილების
მაქმანებში ვარ მოქცეული
მე ვარსებობ მწუხარებაში
და არსებობით მუდამ სიკვდილს ვეკამათები
მე ვარსებობ მდინარეებში დაუსრულებლად აგიზგიზებულ
აკამკამებულ და ბნელით მოცულ
დაუხრელ თვალთა მდინარეებში
უღრან ტყეებში და ველების სამოთხეებში
ზღვებს ვუერთდები ღატაკ ცასთან დაქორწინებულთ
მე ვარსებობ უდაბნოებში ქანდაკებების ხეივნებს შორის
დასაღუპავად განწირული ადამიანის მარტოობაში
და ხელმეორედ შეძენილ ძმებში
მე ერთდროულად ვცხოვრობ შიმშილში სიმდიდრეში და სიუხვეში
შემკრთალ სხივებში და ღამეთა მდუმარებაში
მე პასუხს ვაგებ ამ სიცოცხლისთვის
და რაც გეკუთვნის
ან დღევანდელს ანდა ხვალინდელს
ქვეყნიერების ყოველი კიდით ქვეყნიერების არსებობის
უწყვეტი ჯაჭვით
მთელი მისი ცეცხლით და კვამლით
გონებითა და უგუნურებით
მიუხედავად თვით სიკვდილისა მიუხედავად დედამიწისა
თვით არცთუ ისე რეალური დედამიწისა
რადგან სიკვდილის სახესხვაობა ურიცხვია დედამიწაზე
მე ვცხოვრობ ქვეყნად და ყოველივე ჩემთან არის
ამქვეყნიური
ხტიან თვალებში ცის ვარსკვლავები და ვქმნი ყველა
იმ საიდუმლოს
რამდენის შექმნაც შეუძლია ამ დედამიწას
არა არ არის საიდუმლო იმედისა და ხსოვნის
საზღვარი
და დღევანდელი ხვალინდელის საფუძველია