ამერიკელი მხატვარი თომას ჰარტ ბენტონი

  11:44:22     13-12-2011

თომას ჰარტ ბენტონი (Thomas Hart Benton) ასევე ტომ ბენტონი(* 15 აპრილი, 1889 ― გ. 19 იანვარი, 1975), რეგიონალისტური სკოლის მიმდევარი ამერიკელი მიურალისტი ფერმწერი. მისი ანიმაციური ფილმების მსგავსი ნახატები თანამედროვე შუადასავლეთის ყოველდღიური ცხოვრების სცენებს, განსაკუთრებით კი ინდუსტრიამდელი ფერმების ბუკოლიკურ ხედებს ასახავს.

ბენტონი დაიბადა ნიოშოში, მისური, გავლენიან პოლიტიკოსთა და ლობისტთა კლანის ოჯახში. მამამისი იურისტი და აშშ-ის კონგრესმენი იყო; სახელი დიდი ბიძის დაარქვეს, რომელიც მე-19 საუკუნეში საშტატო სენატორი თომას ჰარტ ბენტონი გახლდათ. ბენტონმა ბავშვობა ვაშინგტონსა და მისურის შტატს შორის წარამარა მოგზაურობაში გაატარა. ადრეულ ყრმობაში ის წინ აღუდგა მშობლების მცდელობას პოლიტიკოსად გაეზარდათ და მოინდომა ხელოვნებაში ეცადა ბედი. ამ დროს ის გაზეთ „ჯოპლინში“ ანიმატორად იწყებს მუშაობას.

1907 წელს ბენტონი შედის ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, თუმცა მოგვიანებით (1909) პარიზში გადადის განათლების ხელოვნებაში ჟულიენის აკადემიაში გასაგრძელებლად. პარიზში ბენტონი ხვდება სხვა ჩრდილოამერიკელ ხელოვანებს, დიეგო რივერასა და სტანტონ მაკდონალდ-ვრაიტს. ვრაიტის გავლენით, ბენტონის ნამუშევრებში, სინქრომიზმისკენ ძლიერი გადახრა შეინიშნება.

ბენტონი ნიუ-იორკში ბრუნდება 1913 წელს და აგრძელებს ფერწერას. მისმა სამსახურმა აშშ-ის საზღვაო ძალებში სამხედრო გეგმების მხაზველად დიდი გავლენა იქონია მის შემდგომ შემოქმედებაზე. საზღვაო ძალებში მსახურობის დროს მის მიერ შექმნილი ნამუშევრებში მისი ყურადღების ფოკუსი ინაცვლებს გემზე მუშაობისა და ცხოვრების რეალისტურ ასახვაზე, რომელიც მას თან გაჰყვება მთელი შემდგომი კარიერის განმავლობაში.

1920 წელს ნიუ-იორკში დაბრუნებისას ბენტონი თავს "მოდერნიზმის მტრად" აცხადებს და იწყებს ნატურალისტურ და რეპრეზენტაციონალურ მიმდინარეობას, რომელსაც შემდგომში რეგიონალიზმი დაერქვა. ბენტონი ასწავლიდა ხელოვან სტუდენტთა ლიგაში და აქტიური მემარცხენე პოლიტიკოსი იყო. მან ამავე დროს განავრცო მისი რეგიონალისტური ნამუშევრები, რამაც კულმინაცია მისი სოციალური კვლევის ახალ სკოლაში (1930-31) შექმნილი მიურალების დროს მიაღწია.

1932 წელს ბენტონი ძირითადი მიმდინარეობის შაბლონებს არღვევს. ჯერაც უცნობი მხატვარი, ის არჩეულ იქნა ინდიანას ცხოვრების ამსახველი მიურალების შესაქმენლად, რომელიც ამ შტატის წვლილი უნდა გამხდარიყო 1933 წელს საუკუნის პროგრესის გამოფენაზე ჩიკაგოში, ილინოისი. ინდიანას მიურალებმა დიდი აზრთა წინააღმდეგობა გამოიწვია. ბენტონი შეულამაზებელ შუქში ხატავდა ყოველდღიურ ხალხს, მათ შორის, სრულ რეგალიებში გამოწყობილ კუ-კლუქს-კლანის წევრებს. ამ აჟიოტაჟის წყალობით ის ჟურნალი „თაიმის“ გარეკანზე მოხვდა და ამერიკის ყველა ოჯახში ცნობილი სახელი გახდა.

1935 წელს ბენტონი ტოვებს ნიუ-იორკს კანზას-სიტის ხელოვნების ინსტიტუტში (კანზას-სიტი, მისური) მასწავლებლის სამსახურისთვის. კანზას-სიტიში ყოფნამ მას საშუალება მისცა უფრო დაახლოებოდა ამერიკული სოფლის ცხოვრებას. ბენტონი თანაუგრძნობდა ინდუსტრიალიზაციის მიერ შევიწროებულ გლეხებსა და მცირე ფერმერებს. მისი იმდროინდელი ნამუშევრები ხშირად მცირე ქალაქებისა და სოფლების ცხოვრების მელანქოლიასა და სილამაზეს აღწერენ.

ბენტონის სტუდენტებს შორის ხელოვნების ინსტიტუტში მრავალი მომავალი მხატვარი იყო შუა დასავლეთიდან. მისი ყველაზე ცნობილი სტუდენტი, ჯექსონ პოლოკი, რომელსაც ბენტონი ხელოვან სტუდენტთა ლიგაში მენტორობდა, შემდგომში აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მოძრაობის დამფუძნებელი გახდა, რაც რადიკალურად განსხვავდება ბენტონისეული სტილისაგან. ბენტონი კანზასის ხელოვნების ინსტიტუტიდან გაშვებულ იქნა 1941 წელს, თუმცა ის გარდაცვალებამდე კანზას-სიტიში რჩება.

კარიერის დასრულებამდე ბენტონის კონცენტრაცია შუა დასავლეთის ქალაქების სახალხო შენობების მიურალები იყო, მათ შორის აღსანიშნავია მისურის შტატის დედაქალაქი ჯეფერსონ-სიტი. მისი ნამუშევარი ჰარი ტრუმანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე 1960 წელს საფუძველს უყრის მეგობრობას ყოფილ პრეზიდენტთან, რომელიც მათი სიცოცხლის ბოლომდე გასტანს.

ბენტონი გარდაიცვალა 1975 წელს საკუთარ სტუდიაში მუშაობისას, ფუნჯით ხელში. დაკრძალულია ბელოფონტენის სასაფლაოზე სენტ-ლუისში (მისური).