თბილისის საქალაქო სასამართლომ, შს სამინისტროს თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულები გაასამართლა

  17:11:01     12-12-2011

2004 წელს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეიარაღებული პირები შს სამინისტროს თანამშრომლებს დაესხნენ თავს და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის კუთვნილი სახელფასო თანხა გაიტაცეს. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღნიშნულ დანაშაულში მხილებული პირების საქმის განხილვა დაასრულა. 

ზაზა ხორგუანს, ვლადიმერ ორჯონიკიძეს, გიორგი ბარაბაქაძეს, პაატა გურჩიანს, გიორგი გურჩიანსა და მევლუდ გუჯეჯიანს ბრალად შეერაცხათ - ყაჩაღობა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. გიორგი ბარბაქაძესა და პაატა გურჩიანს, ასევე, ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის გამო წარედგინათ.  

საქმის მასალების მიხედვით: 2004 წლის 22 დეკემბერს, ზაზა ხორგუანი, ვლადიმერ ორჯონიკიძე, გიორგი ბარაბაქაძე, პაატა გურჩიანი, გიორგი გურჩიანი და მევლუდ გუჯეჯიანი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ჯგუფურად დაესხნენ თავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და  პისტოლეტებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ აღნიშნული სამინისტროს ხანძარსაწინაარმდეგო სამმართველოსათვის განკუთვნილი ხელფასის თანხას. მითვისებული თანხის საერთო რაოდენობამ 131 452 ლარი შეადგინა. 

ბრალდებული მევლუდ გუჯეჯიანი წარსულშიც ნასამართლევი გახლდათ განსაკუთრებით მძიმე  დანაშაულისთვის, თუმცა, დანიშნული სასჯელი მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაუვადდა. მიუხედავად ამისა, მან 2004 წელს, კვლავ მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა. რაც შეეხება გიორგი გუჯეჯიანს, მას წარსულში ჩადენილი არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ მან, 2003 წელს,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაქცევა მოახერხა.

ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა  ორჯონიკიძემ, ბარბაქაძემ და პაატა გურჩიანმა სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული, გარდა აღიარებითი ჩვენებისა მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებული იქნა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ბრალის აღიარების საფუძველზე, დამტკიცებულ იქნა  მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.  სასამართლოს განაჩენით გ. ბარბაქაძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; პაატა გურჩიანს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით - 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით; ხოლო ვლადიმერ ორჯონიკიძეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის, 1 თვის და 1 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

რაც შეეხება ზ. ხორგუანს, გ. გურჩიანსა და მ. გუჯეჯიანს, ისინი თავს არიდებენ მართლმსაჯულებას და იმყოფებიან მიმალვაში. შესაბამისად, ისინი სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გასამართლდნენ. ზაზა ხორგუანს სასჯელის სახედ და ზომად, 11 წლის და 4 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; გიორგი გურჩიანს,  განაჩენთა ერთობლიობით, 31 წლით, 9 თვის და 11 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით; ხოლო მ. გუჯეჯიანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 6000 ლარის ოდენობით.   

ძებნილ მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან დაეწყებათ.