ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ამიერკავკასიის ახალგაზრდა პოეტთა კონკური - საუკეთესო პატრიოტული ლირიკა - ზაზა სუყაშვილი (ჰერელი)
12:13:41     12-12-2011
9 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ამიერკავკასიის ახალგაზრდა პოეტთა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა პოეტებმა.
ვაჟა-ფშაველას პირველი პრემიები გადაეცა 1 სომეხ, 2 აზერბაიჯნელ და 2 ქართველ (ნიკა ჩერქეზიშვილს, ბექა ახალაიას) პოეტს. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჰერეთში დაბადებულმა ახალგაზრდა (19 წლის) პოეტმა ზაზა სუყაშვილმა (ჰერელმა).
ზაზა სუყაშვილი ჟიურის მიერ ერთხმად აღიარებულ იქნა 2011 წლის ქართული პოეზიის აღმოჩენად. გარდა ამისა, მან გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო პატრიოტული ლირიკა“ და საპატიო სიგელთან ერთად გადაეცა ვაჟა-ფშაველას სახელობის ფულადი პრემია.
ზაზა სუყაშვილი (ჰერელი) ჩვენ უკვე გავაცანით პრესა.გე-ს მკითხველებს პუბლიკაციით: „ზაზა ჰერელის (სუყაშვილის) რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)“, ამა წლის 18 ივლისს. იგი დაიბადა 1992 წელს, ჰერეთში, ჩვენს ისტორიულ მიწაზე, „საიდანაც იწყება საქართველო“. ამიტომ აირჩია ფსევდონიმად - ჰერელი. დარწმუნებული ვარ, ზაზასნაირი ადამიანები დაკარგულ მიწებს „პეშვით მოიტანენ სამშობლოში“.
ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა პოეტთა კონკურსის გამარჯვებული ავტორების ლექსები გამოიცა ერთიან წიგნად სახელწოდებით „ხარს ვგევარ ნაიალაღარს“, სადაც ჰერელის 3 ლექსი შევიდა, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:
* * *
გამოიდარა, ცამ შეიხსნა ღრუბლების თასმა,
პირველი კვირტი გაეპარა ხელიდან სეზონს...
და ტყეებიდან გამოქცეულ იების თავსხმას,
შინდის ყვავილში დაემალა დამფრთხალი ეზო.
მზემ სოფლის ირგვლივ ამოხლართა სხივების წნელი,
მერე დაიწყო მარტის თვეზე აპრილის მყნობა.
ხოლო ალუბლის სატრფოსადმი გაგზავნილ წერილს,
ატმის ყვავილზე დაწერილი მოჰყვა თანხმობა.
ვაზის ფოთლებზე საქორწინოდ გაეწყო სუფრა
(ალუბლის ტოტმა ვაშლებს ტოტი მოსტაცა მაინც!).
პატარძალი კი - ნაყოფი რომ ეზრდება უფრო,
ვარდის კოკორში (ცხრა დღის თავზე) გააჩენს მაისს...
11 ოქტ. 2011 წ.
ალაზნის მიღმა... საქართველოში!
რამდენჯერ ცრემლით დაუწყია თვალის გახელა,
თუმცა ძარღვებში დარდმა გენი ჯერ ვერ ჩახუთა!
ძნელია, როცა საინგილო ჰქვია სახელად
და ვერ იბრუნებს ისტორიულ ჰერეთს - საკუთარს...
დროის დინებამ ამოხია მატიანედან,
განგებამ დააკაბადონა, როგორც წიგნაკი.
-იცით? - იწყება საქართველო სწორედ აქედან,
ჰოდა ვალია, გავუფრთხილდეთ! ამის მიღმა კი
წყალს წაუღია უდაბნო და მთები - ხრიოკი!
მინდა სოფელში ბერიკაცი დიჲლიგს* ბარავდეს,
მერე ბოსტნიდან (საღამო ხანს) პაპა იობის
მეზობლის ბავშვი საზამთროს და კიტრებს პარავდეს.
ღამით კი ლოცვით მიდიოდეს ბებო ხატებთან
და უფალს მშვიდად გათენებას ეხვეწებოდეს...
და ცხელი ცრემლი, ნაოჭიან, ფერმკრთალ ღაწვებთან
დაგუბებული, ჟონავდეს და მეწვეთებოდეს!
სანატრელია! მენატრება სოფლის მთა-ველი,
შორიდან მესმის მშობლიური კუთხის ნანინა.
ქვეყნად გამჩენო, დაკარგული ყველა მტკაველი
ნეტავი, პეშვით სამშობლოში მომატანინა!
...
ჭრილობებს სულზე ჩუმი ლოცვით გაიმთელებენ,
დაუბრუნდება ბაირაღი ჰერელ მედროშეს...
იქართველებენ!.. ძველებურად იქართველებენ
ალაზნის მიღმა... გასხვისებულ საქართველოში!
--------
*დიჲლიგი - საკარმიდამო ნაკვეთი
21 ივნ. 2011 წ.
* * *
ღრუბლის ქსოვილით ქარი ისევ ამინდებს კერავს,
წვიმს და სოფელში ივსებიან პატარა ტბები...
ბეღურასავით რომ შემორჩი მშობლიურ კერას,
დე, ალბათ ახლა წინდას ქსოვ და ბუხართან თბები.
მე კი მცივა და ვიყინები... ვერ ვითბობ ხელებს!
რომ არა სწავლა, დავტოვებდი უთუოდ დედა-
ქალაქს* და ჩუმად, ჩვენს ეზოში გამავალ ღელეს
გადმოვიდოდი და ვიტყოდი: „-სა ხარა, დედა?“
გამოხვიდოდი აივანზე ფერმკრთალი სახით
(თათს შემომკრავდა შარვლის ტოტზე პატარა ლეკვი),
მომეხვეოდი, ჩამიკრავდი გულში და სახლით
სულს გამითბობდი (ოცნებებსაც, ფიქრებსაც...) მე კი –
ასე ნელ-ნელა დამიწევდა მაღალი სიცხე...
გამომიცხობდი (მშიერ-მწყურვალს) კეცებზე მჭადებს,
მერე მეტყოდი: „-შეუკეთე ბუხარს ცაცხვის ხე.“
და „ნაღვერდალზე“ შევიწვავდი მე თვითონ მწვადებს.
მერე კი ტყიდან მოვიდოდა დაღლილი მამა,
ჩამოვსხდებოდით სუფრასთან და ავწევდით ჭიქას,-
არაყს დავლევდით სამ-სამს მხოლოდ და მხოლოდ წამლად.
საღამოს - ბაბო ჩამობანდა კამეჩის ჯიქანს,
ძუძუს მოწყვეტდა პირმშო ზაქის ხის მწარე წკეპლით,
ჩამოწველიდა, მოხარშავდა რძეს დიდი ქვაბით...
(ისევ მცივა და ვგრძნობ, რომ სათქმელს გზასავით ვტკეპნი,
სიცხე მაქვს, რა ვქნა, რომ არ მშველის არცერთი აბი!).
ღრუბლის ქსოვილით ქარი ისევ სიცივეს კერავს,
წვიმს და ქალაქი ვეღარ იტევს წვიმიან ამინდს...
ავად ვარ... ღმერთო, ნუ მანატრებ მშობლიურ კერას
„და საფარველსა ქვეშე მისსა“ მამყოფე –
ამინ!
------
*დედაქალაქს (დედა-ქალაქს) - გადატანილია
2 ნოემ. 2011 წ.