ნინო ლარცულიანის ახალი ლექსები
20:42:54     10-12-2011
პოეტ ნინო ლარცულიანის შესახებ ადრე ვესაუბრეთ ჩვენს მკითხველს. მისი ლექსები გამოირჩევა კარგი პოეტიკით, რელიგიური თემატიკით, სინაზითა და გულწრფელი, ბუნებრივი გრძნობებით.
ლექსებს პატარაობიდან თხზავს. მცირე ასაკიდან წერდა ზღაპრებს, პატარა მოთხრობებს, სიმღერებს...
მის რამდენიმე ლექსზე დაწერლია სიმღერა. პოეტის მოკლე ბიოგრაფიას და ლექსებს მკითხველი იპოვის პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.
დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ნინო ლარცულიანის რამდენიმე ახალ ლექსს.
გამა-ქალთა-მზე
დუღს ჩემს ძარღვებში
შენი მდინარე
და ვიბადები
მარად
და
მარად,
ჩვენ ერთადა ვართ
ნაზიც,
მძვინვარეც
და ჩვენ არ ვიცით
რა არის დაღლა....
შემომაჩერდი
ცხელი თვალებით,
ლილე,
ცარგვალზე მოხეტიალევ,
შენ მაღალი ხარ,
როგორც არასდროს
ახლა,
ამ წუთს...
და....
ამაბრიალე!
მე შენს მზერაში
ჩავდე სუნთქვები,
და თბილი ქვების
ვკოცნი საკინძეს....
მზევ,
ლამარიას მხრებზე
დაეშვი
და შენს სხივებზე
ნელა ამკინძე...
ამკინძე ისე,
რომ ვერ დაშალონ
მერე ყინვბად
და ნამქერებად,
ამკინძე ისე,
რომ ავციაგდე
უთვალავ მზედ
და
ცის ვარსკვალევებად!.....
მზევ,
ლამარიას
მხრებზე
დაეშვი!...
მზევ,
შინ შემოდი ...
გამა-ქალთა- მზე!
ქრისტეს მეგობარი
თითქოს ბავშვი ვარ და
ქრისტე აქვე ცხოვრობს,
აგერ, ღობის მიღმა,
ხეს თლის იოსები,
და ზედ შალაშინს რომ
სწორად გადაუსვამს
დასცქერს ბურბუშელებს
მშვიდად ღვთისმშობელი...
ღამით თბილი რძე რომ
ატკბობთ ნამუშაკევთ,
თურმე მეც იქა ვარ,
მალვით კარს მომდგარი..
ქრისტეს ვუყვარვარ და
ჩემკენ მოაშურებს,
სახლში შემოვყავარ
სიყრმის მეგობარი...
ამ დროს გულისცემის
ცხელი ბიძგებიც კი
ცემენ გამალებით,
ცხენის ფლოქვებივით,
თითქოს უშენობა
ერთად შევკონე და
ცეცხლში მოვისროლე
ძველი ფურცლებივით!
თითქოს ბავშვი ვარ და
ქრისტეს მეგობარი
და მან დაკარგული
ისევ მომიძია,
სული უშენობის
სევდით ავად არი,
და მე უშენობა
აღარ შემიძლია!
ლამარია
აღმართს მოვუყვები შენსკენ,
ლამარია,
სისხლის მდინარე მაქვს
- ურჩი არაგვივით.
ლილეეეე!..
სიყვარულმა ისე გადამრია,
გული მიფრიალებს
ომში - ალამივით!
აღმართს მოვუყვები შენსკენ,
ლამარია,
გზაზე თმებს მიშლიან,
ქარის ასულები,
თითქოს მხლებლებივით,
გვერდით მომყვებიან
მხარზე შემოუდგამთ
კოკა და სურები.…
როგორ მესურვები,…
მგონი, აღარ დარჩა
ჩემში არაფერი
შენით შეუცვლელი,
შენი მონატრება
მთიბავს უთიბესად,
მთიბავს უთიბესად,
როგორც თავთავს
- ცელი!
ნაწნავს დანაწვიმებს
შავი ყურძენივით,
ნელა ჩაგაწურავ
უბის საწნახელში,
გულიდან აგიფრენ
მაგ ველურ არწივებს,
მერე დამედევნე
მზიან სანახებში!..
აღარ მენაღვლება
აწი არაფერი,
რაკი გაერთხაზდა
ჩვენი ბილიკები,
რაკი მზერა ისე
ფიცხად დამადევნე,
როგორც მონადირის
ჩქარი მარეკები!
მე ვერ მეყვარები
უმთო და უმზეო,
გულზე უნდა გედოს
ცეცხლის ნაკერები,
მთელი უმზევეთი
უნდა გავამზეოთ,
უნდა ჩამოვკრიფოთ
მწიფე ვარსაკვლავები!
ახლა ქარი მთიბავს,
აღმართს მივუყვები,
ლილეეე! – ჩემი სისხლი
ურჩი არაგვია,
რაც ვერ გაგიმხილე
- უშგულს მოვუყვები
როცა ჩამიხუტებს
გულში ლამარია!
ნათლისმცემელო
ნათლისმცემელო,
უნათლისმცემლე
ჩემს გულში - მის მზეს,
ნათლისმცემელო,
უნათლისმცემლე
მის გულში - ჩემს მზეს,
ამ დიდებულ დღეს....
ცის კიდობანში
ვთვლი ვარსკვლავებს,
როგორც ძვირფას თვლებს,
ყმას ტალავარის გულისპირზე
ვუქარგავ მზე-ჯვრებს...
ამგვარად ვცხოვრობ,
და ვმზევდები ცოტაც ყოველდღე,
ჰოდა, ამავსე,
თიხის დოქივით
იორდანეს წყალთან ჩამომდგეს...
იქნებ გამოვდგე,
გამოვდგე და
არ დავიბზარო.
მე მზე მჭირდება,
მზე მჭირდება,
რომ გავიზარდო,
და მზე მჭირდება,
მზე მჭირდება,
რომ დაგიძახო,
სულ სხვა ძახილით!!!!
მიედინება იორდანე,
როგორც მარხილი
და მე მის ტალღებს
საიდუმლოდ ვეჩურჩულები:
"ნათლისმცემელო, ნათელ-ჰყავი ჩვენი გულები..."