ერთი ქალისთვის მიძღვნილი სამასი ლექსი
14:55:10     09-12-2011
ადამიანის შემოქმედება მის ნოსტალგიებსა და ცდუნებებს ასახავს - ასე აფასებდა ხელოვანების შემოქმედებას ალბერ კამიუ. პოეტ რეზი ქინქლაძის შემოქმედებაც მის ნოსტალგიებს, ცდუნებებს, სევდიან და მხიარულ ისტორიებს ასახავს.
ის ფართო საზოგადოებამ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუდან“ გაიცნო. რეზის ამ დრომდე სამასამდე ლექსი აქვს დაწერილი და უმეტესი ნაწილის ადრესატი, მისი სიყვარულის ობიექტია. ახალგაზრდა პოეტის მუზა ქალია, საწერი თემა კი – სიყვარული. წერს ყველგან... სახლში, ქუჩაში, სამსახურში და სამარშრუტო ტაქსშიც კი. ლექსის ფაბულას, ის ამ დროს მობილურ ტელეფონში ინიშნავს. რეზი ქინქლაძის მეუღლე, ქეთი კოპალიანი აღიარებს, რომ მეუღლის მიერ შექმნილი ლექსების ადრესატი თვითონ არის. „საეჭვიანო არ მაქვს. ვიცი, რომ ჩემი მეუღლის ლექსები, ძირითადად, არის სიყვარულზე და ქალზე. ძალიან ბევრი ლექსი მე მეძღვნება, თუმცა, ყველა არა. არ ვეჭვიანობ, მომწონს მისი ლექსები და მინდა რომ წეროს. გამორჩეული ლექსი არ მაქვს, ყველა ძალიან მომწონს“.
თავის მხრივ, პოეტიც ამბობს, რომ მომავალი მეუღლის გული „თავის დროზე“ სწორედ სიყვარულზე დაწერილი ლექსებით მოიგო.
ჩვენ რეზის სახლში ვესტუმრეთ, სადაც მის შემოქმედებაზე, პირველ პოეტურ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ. ახალგაზრდა პოეტი, უახლოეს მომავალში, პირველი კრებულის გამოშვებას გეგმავს, სადაც 40–მდე რჩეული ლექსი შევა.
– პირველი ლექსი რა ასაკში დაწერე?
– 13 წლი ვიყავი, როდესაც პირველი ლექსი დავწერე. 14 წლისამ, ჩემივე ხელით გავაკეთე კრებული. მაშინ მეგონა, რომ ძალიან კარგ ლექსებს ვწერდი. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ჩემ შემოქმედებაში პროგრესია. არც ახლა მაქვს განცდა, რომ ძალიან მაგარი პოეტი ვარ, თუმცა, პროგრესს ვგრძნობ.
– რა არის უმეტესად თემა, რომელზეც წერ?
– ძირითადად, თემა არის სიყვარული და ქალი. პირველი ლექსი დავწერე გალაკტიონზე, იმის შემდეგ კი, ყველა ლექსი არის სიყვარულზე და ქალზე. რატომ? არც მე ვიცი. ამ თემებზე მეწერება.
–როდის მოდის მუზა?
– მუზა არ იცი როდის მოვა. ჩემი მუზა ახლა უკვე ჩემი მეუღლეა. როდესაც შეყვარებულები ვიყავით, მაშინ ამ გრძნობამ ძალიან ბევრი ლექსი დამაწერინა. ეს იყო განშორება, შერიგება, გაბრაზება. ყველა ეს ემოცია გადმომქონდა ფურცელზე ლექსის სახით. ყოველთვიც ვცდილობ, რომ ჩემი ემოცია მაქსიმალურად ავსახო ჩემ ლექსებში და ფურცელზე გადმოვიტანო.
– რა სიხშირით წერ ლექსებს?
– ყოფილა შემთხვევა, რომ ორი ან სამი თვე არაფერი დამიწერია საერთოდ. დღეში კი, შეიძლება სამი ლექსი დავწერო. გააჩნია, რა ემოციებით ვარ იმ დღეს.
– მისაბაძი პოეტები თუ გყავთ?
– შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ გალაკტიონი არის ჩემთვის მისაბაძი პოეტი. ნიკო გომელაურზე აღარაფერს ვამბობ. ის იყო ჩემთვის ძალიან დიდი პოეტი და ძალიან კარგი ადამიანი. ახლაც ასეა.
– შემფასებელი?
– ჩემი და იყო ჩემი შემფასებელი ყოველთვის, ახლა მეუღლეც ითავსებს ამ ფუნქციას.
– კრიტიკა?
– კრიტიკას ვიღებ. გინდა თუ არ გინდა, ის მაინც მოდის. ვიღებ განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს. ამ დროს ხვდები, რომ არსებობს რაღაც, რაც უნდა გამოასწორო. ამიტომ ვთვლი, რომ ჯანსაღი კრიტიკა საჭიროა.
– დრო დღის განმავლობაში, როდესაც მოდის მუზა...
– ღამე განსაკუთრებული ემოციები მოდის და საუკეთესო დროა ლექსის დაწერისთვის. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დროს იქმნება საუკეთესო ლექსები.
– განწყობა...
– ჩემი ლექსების უმეტესობა ეძღვნება სიყვარულს. წარსულში იყო პერიოდები, რაც გადმოტანილი მაქვს ლექსების სახით. როცა გიყვარს შემოქმედებაზე დადებითად აისახება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ტკივილნარევი სიყვარული უფრო დასაფასებელია, ვიდრე „ჩვეულებრივი“ სიყვარული, როცა ორ ადამიანს აქვს კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან. ამ ტკივილის ფონზე, კარგ ლექსებს წერ. მე რომელი ლექსებიც მიყვარს, დაწერილი არის იმ პერიოდში, როდესაც ვიყავი დეპრესიაში და სევდიანი განწყობა მქონდა. მაქვს სახასიათო ლექსები, მაგრამ უმეტესობა სწორედ სევდიან განწყობაზეა შექმნილი.
– კრებულის გამოცემას თუ გეგმავთ?
– მაქვს გეგმაში, რომ ჩემი პირველი კრებული გამოვუშვა, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. კრებულში შევა რჩეული ლექსები. იქ არ შევიტან ბავშვობისდროინდელ ლექსებს. არ მინდა, რომ ძალიან გადავტვირთო და ვფიქრობ, მხოლოდ 40–მდე ლექსის გამოქვეყნებას.
– ლექსების ადრესატი ვინ არის?
– ჩემი ლექსების ადრესატი, ძირითადად, არის ჩემი სიყვარულის ობიექტი, თუმცა, დამიწერია ლექსი დედაზე, ბებოზეც დამიწერია...
– თავის დამკვიდრებას როგორ ახერხებთ კონკურენტულ გარემოში?
– დღეს, ძალიან ბევრი ადამიანი წერს ლექსს. ვერავის დაუშლი და ეტყვი, რომ შენ არ დაწერო. მოსდით მუზა, აქვთ განწყობა და წერენ. კონკურენტულ გარემოშიც შეიძლება თავის დამკვიდრება, თუ შექმნი კარგ ლექსებს. მე მყავს პოეტი მეგობრები, რომლებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ვნახულობთ ერთმანეთს და როცა ვიკრიბებით, ვკითხულობთ ლექსებს. ბევრ პოეტთან ვმეგობრობ და მათთან მიმართებაში არ მაქვს კონკურენტული დამოკიდებულება.
– როგორია თქვენი გეგმები?
– ჯერჯერობით, მივყვები დინებას და არ ვიცი, რა იქნება მომავალში.