დავით მებუკეს (ცვარ-ნამის) ორი ლექსი
13:35:11     08-12-2011
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს გვინდა გავაცნოთ XX საუკუნის ქართველი პოეტის, დავით მებუკეს რამდენიმე ლექსი.
დავით მებუკე დაიბადა 1892 წელს. 1910-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს. მისი ფსევდონიმი იყო - ცვარ-ნამი. პოეტის ლექსები იბეჭდებოდა გაზეთებში“ - „კოლხიდა“, „სახალხო ფურცელი“, „იმერეთი“, „ჩანგი“, ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ და სხვა.
ყოველდღიური გაზეთი „კოლხიდა“ გამოდიოდა 1911-1913 წლებში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების. გაზეთის გამოცემა დროებით შეჩერდა 1912-1913 წლის ზამთარში. შემდეგ, 1913 წლის მაისში მის მაგივრად გამოვიდა გაზეთი „იმერეთი“. „სახალხო ფურცელი“ გამოდიოდა „სახალხო გაზეთის“ (1910-1914) ნაცვლად 1914-1917 წლებში. გაზეთი „ჩანგი“ გამოიცემოდა 1909 წელს. ეს იყო სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთი. შემდეგ მის მაგივრად გამოდიოდა გაზეთი „მომავალი“. ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ გამოდიოდა 1910, 1914-1920, 1923-1926 წლებში თბილისში.
დავით მებუკე გარდაიცვალა 1961 წელს.
მკითხველი დარწმუნდება, რომ დავით მებუკე საკმაოდ კარგი პოეტი გახლდათ.
გლოვის ზარი
გლოვის ზარი, მწუხრის ზარი,
ხმა ციური, ხმა ნარნარი...
მწარ ოცნების მოციქული,
შხამ-ნაღვლითა მოუბარი.
ცის შიკრიკი, მთვარის სატრფო,
სიმი მწარეთ ანაჟღერი,
სევდის ჟამსა სევდის ქნარზე
დანაკვნესი, დანამღერი...
სუბუქ ფრთებზე შემოგისვამს,
აგაშორებს მზეს და მთვარეს
და მიგიყვანს ოცნების გზით,
ოცნებისვე დიად მხარეს.
კაეშნისა ტახტს დაგიდგამს,
მწუხრის ზღაპრებს მოგიყვება,
სინამდვილის სარკეს მოგცემს,
გატირებს და ატირდება...
გლოვის ზარი, მწუხრის ზარი,
ხმა ციური, ხმა ნარნარი,
მწარ ოცნების მოციქული,
შხამ-ნაღვლითა მოუბარი...
ჯერ შარბათი სანეტარო,
მიმზიდველი, მომხიბლავი, -
მერე შხამი და სამსალა,
სასიკვდილო საწამლავი...
(„კოლხიდა“, 1911 წ., # 32)
* * *
ტურფავ! გვედრი, ხელს ნუ ახლებ
მივიწყებულ ჩანგის სიმებს,
ნურც მიმღერი სიყვარულის
კაეშნიან, დამწველ ჰიმნებს.
უძლურია ხმები იგი,
უძლურია სიმთა კვნესა,
ვერ ვენდობი შემოდგომის
უსიცოცხლო მზიან დღესა.
დაკრავს სუსხი, დაბერს სიო,
მთებზე ნისლი ჩამოწვება, -
ქარიშხალი ქვითინს მორთავს,
მზეც შავ ღრუბელს ქვეშ მოყვება.
დამჭკნარ ფოთოლს ხეს შეაცლის
სევდით სავსე ცივი ქარი,
მწარ-ზუზუნით შორს გასტყორცნის,
დამწუხრდება მთა და ბარი...
ვაი, შენი სიყვარული
იმ მჭკნარ ფოთოლს თან გაყვება,
და უკვალოთ, მასთან ერთად
სამუდამოთ დაინთქმება...
ნუ, ნუ ტურფავ, ხელს ნუ ახლებ
მივიწყებულ ჩანგის სიმებს,
ნურც მიმღერი სიყვარულის
კაეშნიან, დამწველ ჰიმნებს.
(„ჩანგი“, 1914 წელი)