„თქვენო, აღმატებულებავ, სიყვარულო!“ - ლიკა ყიფშიძის პოეზიის საღამო
16:09:16     07-12-2011
შაბათს, 10 დეკემბერს თბილისში, კინოს სახლში გაიმართება პოეტისა და მწერლის, ლიკა ყიფშიძის პოეზიის საღამო „თქვენო, აღმატებულებავ, სიყვარულო!“
დასაწყისი 17:00 საათზე
ღონისძიების ორგანიზატორები არიან გიორგი ლილუაშვილი და ირინა თურქია.
ლიკა ყიფშიძეს იცნობს ქართველი მკითხველი. პრესა.გე-ს მკითხველთანაც გვისაუბრია მის შესახებ პუბლიკაციაში: „ლიკა ყიფშიძის „ცის ჯადოსნობა“ და სხვა (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)“.
ახლა გთავაზობთ ლიკა ყიფშიძის ახალ ლექსებს. მანამდე კი მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია:
დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, კორესპონდენტად, ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.
გამოცემული აქვს საბავშვო წიგნი – „მარიკელას მოთხრობები, ანუ, ობოლას თავგადასავალი“. არის გამომცემლობა „პალიტრის“ მიერ გამოშვებული „ანბანის“ ტექსტის ავტორი.
პოეზიის მოყვარულებს სასიამოვნო საღამო ელის!
ტანგო
ჩემს სხეულთან გარითმული,
ჩემს სულს რატომ გაემიჯნე?
როკავ...
ცეკვავ...
მიმზერ, მაგრამ...
ვეღარა ვგრძნობ შენში მიჯნურს!
მიმიზიდე...
განმიზიდე....
ვნება...
ცეცხლი...
ვნება...
ცეცხლი....
ახლოს თუ ვარ, მაკვდები და...
თუ შორსა ვარ, გიპყრობს ეჭვი....
დამამცირე...
დამაჩოქე....
ვერ მიმეტებ, ვერა, ვერა!
მერე ნაზად მეხები და...
გახრჩობს, გახრჩობს ნეტარება....
გაგახსენდა...
გაგახსენდა....
რომ ვარ სხვისი, არა შენი?
ზიზღი გიპყრობს,
მომისროლე?
თან არ მიშვებ ცალი ხელით?
მიმიზიდე...
განმიზიდე....
ვნება...
ცეცხლი...
ვნება...
ცეცხლი....
ახლოს თუ ვარ, მაკვდები და...
თუ შორსა ვარ, გიპყრობს ეჭვი....
ისევ ვცეკვავთ სინქრონში და....
სხეულს სული ემიჯნება...
გრძნობა მიშვებს,
მაგრამ შენი ვნების ცეცხლი არ მეშვება!
ხელისგული სულს მითბობს და
ვერსად წავალ
ვერა–ვერა!
ვერც გამიშვებ,
სანამ ჩემს ცეცხლს შენი ვნება ეფიცხება!
მიმიზიდე...
განმიზიდე....
ვნება...
ცეცხლი...
ვნება...
ცეცხლი....
ახლოს თუ ვარ, მაკვდები და...
თუ შორსა ვარ, გიპყრობს ეჭვი....
მოეძალა სულს სინაზე
ახლოსა ვარ და ვარ შენი
მზერა გათბა,
წამიერად , ზიზღს როგორღაც დაეხსენი....
კვლავ მიზიდავ,
მიკრავ, მიკრავ...
ასე ძლიერ?
არა, არა!!!!
ძვლები მტკივა, ახლოსაა,
დაგვტრიალებს თავს ფარვანა!
შენც ხომ წამოხვალ?
ფანტელებისგან მოვიქსოვ საბანს,
ფთილებს ბალიშის ბუმბულად ვიხმარ,
პერანგს ჩავიცვამ ფიფქის მაქმანის
და თეთრ ფარშევანგს გავყვები სიზმრად!
შენც ხომ წამოხვალ?
ქუნქულა თექის გაგიმზადე თეთრი მანტია,
თავზე რომ მადევს
პაწაწინა ყვავილების თაიგული,
ცამ დამაბნია!
შენა ხარ მამრი, მე, კი - მდედრი!
შენა ხარ მამრი,
მე, კი–მდედრი!
მოდი, დამწურე!
საწნახელშია ახლა უკვე,
რაც მაქვს საწური!
უსასრულოა შენს ტერფთა ქვეშ
ჩემი სიცოცხლე...
მინდა ვდიოდე,
ტკბილ ბადაგად მინდა, ვდიოდე
და ხმაურით გადავდიოდე
წნეხიდან ქვევრში!
მიდი ჩამწურე,
ყველა მარცვალს ადინე წვენი,
ახლა მასშია უკვე ჩემი სუყველა ფერი...
მინდა? არ მინდა!
ქვევრში ყოფნა ყოფილა ძნელი,
ხოდა დავმაჭრდი, ავჩუხჩუხდი
და ავიჭერი!
რაო, ვერ ითმენ?
და ამღვრეულს გსურს დამეწაფო?
რას იზამ, კარგო!
შენ ხარ მამრი,
მე, კი, ვარ მდედრი!
აჰა! დავღვინდი!
ვეღარ ვუძლებ ბადიმის ძალას,
ო! უკვე, კმარა,
ქვევრში ყოფნა, ხო, უკვე კმარა...
ახლა მივასკდი მის ნაპირებს,
გასვლას ვაპირებ,
გავინაპირებ პაწაწინა ნაკადულებით
და დაუდგრომელს, ვერა, ვერ მნახავ...
შეხედე ფოთლებს,
წაეკიდა ბოლო ალმური, ხოდა დავლურით
ცეკვავენ და ქვევით მიქრიან,
წუთებს ითვლიან?
წუთებს–არა,
სულ ჰარალოს მღერიან გზაში
და არა აქვს მათ სიცოცხლეს,
არა აქვს ფასი...
შენა ხარ მამრი!
მე, კი–მდედრი!
მოდი, დამწურე!
მიწის ბირთვშია, ახლა უკვე,
ჩემი ნაჟური
და დადენილი შენს ტერფთა ქვეშ
ჩემი სიცოცხლე,
კვლავაც, დიოდეს,
მიწის გულში გადადიოდეს
და ბარბაცებდეს დედამიწა
ჩემგან დამთვრალი!
რაღაზე ვწერო?
რაღაზე ვწერო? აღარ მყავხარ!
ჩემგან წახვედი
და არ ვაგროვებ ახლა სიტყვებს,
გულზე აწყვეტილს!
თან გაგაყოლე, შემოდგომის,
მწველი პალიტრა,
უფეროდ მოლბერტს რა აზრი აქვს,
არც რა არის, რა!
ნატვრისხესავით გაბაბთულა
ფერდობთა წყება,
ჩემი ნაჭერი გაფრენილა,
ვეღარსად ვხედავ...
რაღაზე ვწერო? აღარ მყავხარ!
ჩემგან წახვედი
და არ ვაგროვებ ახლა სიტყვებს,
გულზე აწყვეტილს!
თუ...
...თუ წამიკიდებ ალმურს,
თუ გულს სურვილით დაწვავ,
ჩემს დანახვაზე თუკი,
დაემგვანები აფთარს....
და თუ მომართმევ პეშვით,
ვენერას სისხლის ნაჟურს,
და თუ ჩამარჭობ ისარს,
გულში, ამურის ნაკურთხს...
გრძნობას გაჩუქებ ისეთს,
ცუნამის რისხვას გავდეს
და ვარსკვლავების თასით
მდუღარე ვნებას გასმევ!