SEP 8x8 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი
14:01:14     07-12-2011
8x8 კონფიგურაციის ჯავშანტრანსპორტიორი SEP-ი იმ პროგრამის მიხედვით შეიქმნა, რომელიც მუხლუხა შასიზე ბაზირებული მოდულარული დიზაინის ჯავშანმანქანის შექმნას ისახავდა მიზნად. ჯავშანტრანსპორტიორს თანამედროვე და ინოვაციური კონსტუქცია გააჩნია. SEP 8x8 კომპანია BAE Systems Hagglunds-მა შეიმუშავა, შვედეთის არმიის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. SEP-ზე მუშაობა 1994 წელს დაიწყო, ჯავსანტრანსპორტიორის მუხუხა შასიზე ბაზირებული ვერსიის წარმოება 2000 წელს, ხოლო თვლიანი 6x6 კონფიგურაციის ვერსიისა 2003 წელს დაიწყო. შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაპირველად თავდაპირველად 10 სხვადასხვა ვარიანტის სულ 600 ერთეული მანქანის შესყიდვაზე გააფორმეს კონტრაქტი, თუმცა შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გამოაცხადა, რომ მათ შესაძლოა არც შეესყიდათ SEP-ის ტიპის მომავლის თაობის ჯავშანტრანსპორტიორები, ამის მიზეზად კი ბიუჯეტის მკვეთრი შეკვეცა დაასახელეს.
მიუხედავად ყველაფრისა SEP-ის პროგრამა მაინც გაგრძელდა. შვედეთის თავდაცვის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ისინი შეიძენდნენ უახლეს ჯავშანტრანსპორტიორებს, თუმცა 600-ის ნაცვლად 200 ან 300 ერთეულს. კონტრაქტი 2009 წელს დაიდო, ჯავშანმანქანების გადაცემა კი 2011 წლიდან უნდა დაწყებულიყო. მოგვიანებით ჯავშანტრანსპორტიორს სახელწოდება შეეცვალა და პოტენციურ მყიდველებს ის ახალი სახელწოდებით, „ალიგატორით“, შესთავაზეს.
SEP 8x8 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის 40 მოდიფიკაცია არსებობს, თუმცა ყველა მათგანი 6.1 მეტრის სიგრძისა და 2.8 მეტრის სიგანისაა. მის შასიზე, შესასრულებელი მისიის თავისებურებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების შეცვლადი მოდულების დამონტაჟება. ჯავშანმანქანის ეს მახასიათებელი მის მრავალმხრივობასა და მოქნილობას განაპირობებს, ამასთანავე ის მანქანის მოდერნიზებისა და გაუმჯობესების საშუალებასაც იძლევა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ჯავშანტრანსპორტიორის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და ამცირებს მისი შენახვის ხარჯებს. ჯავშანტრანსპორტიორის მრავალმხრივობიდან გამომდინარე მას ასევე თავისუფლად შეუძლია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების სამხედრო მანქანების ჩანაცვლება.
ჯავშანტრანსპორტიორზე შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა კალიბრისა და სახეობის შეიარაღების დამონტაჟება. მასზე შესაძლებელია დამონტაჟებულ იქნას დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული, რომელც აღჭურვილი იქნება, როგორც ან 7.62, ან 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, ან ასევე 40 მილიმეტიანი ავტომატური ყუმბარსატყორცნითაც. ამას გარდა ჯავშანმანქანაზე შესაძლებელია გაცილებით უფრო მძლავრი და მსხვილკალიბრიანი შეიარაღებით აღჭურვილი ქვემეხების დამონტაჟება, რომელთა კალიბრიც 25 მილიმეტრიდან 120 მილიმეტრამდე მერყეობს. მის ბაზაზე ასევე შესაძლებელია 81 ან 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი თვითმავალი ნაღმმტყორცნის შექმნაც.
SEP-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები დაცვის უმაღლესი დონით გამოირჩევიან. ჯავშანმანქანაზე შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დამონტაჟება, რომლის დაყენების შემთხვევაშიც მანქანა დაცულია, როგორც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლისაგან, ასევე საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან. გამოცდების დროს ჯავშანტრანსპორტიორს РПГ-7-ის ორი კუმულაციურქობინიანი ყუმბარა ესროლეს, თუმცა აქტიური დაცის სისტემის წყალობით ჯავშანმანქანას სერიოზული დაზიანება არ მიუღია. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ SEP-ს „სტელსის“ თვისებები ახასიათებს. მანქანაზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. მოთხოვნის შემთხვევაში, მასზე ასევე დაყენდება სისტემა, რომელიც მის ეკიპაჟს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან დაიცავს.
ჯავშანტრანსპორტიორი ორი ერთეული დიზელის ძრავითაა აღჭურვილი, თითოეული მათგანი 270-270 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჩვეულებრივი დიზელის ძრავების გარდა ჯავშანმანქანაზე ასევე დამონტაჟებულია ელექტრონული ძალური აგრეგატი, რომელიც მანქანის უხმაუროდ გადაადგილების საშუალებას იძლევა. SEP 8x8 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის საჰაერო გზით ტანსპორტირება C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით არის შესაძლებელი, თუმცა ტრანსპორტირებისასმას დამატებითი ჯავშანი მოხსნილი უნდა ჰქონდეს.
army.ge