გიორგი ბუნდოვანის რამდენიმე ლექსი
14:59:20     06-12-2011
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს გვინდა წარმოვუდგინოთ პოეტისა და მულტი-მედია არტისტის, გიორგი ბუნდოვანის რამდენიმე ლექსი.
გიორგი ბუნდოვანი 1990 წლიდან აქტიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში („რუბიკონი”, „მესამე გზა”, „ალტერნატივა” და სხვა…).
1991 წელს, პოეტ და არტისტ- ზურაბ რთველიაშვილთან ერთად ჩამოყალიბა – „ქართველ პოეტთა ორდენი - „ქრონოფაგები”...
„ქრონოფაგების” ეგიდით გამოიცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული: „ქრონოფაგები”-1992 წ; და ანომალიური პოეზია”.
აღნიშნულმა ორდენმა გამართა არა ერთი ლიტერატურული საღამო-ღონისძიება, გასვლითი შეხვედრები მსმენელთან, პრეზენტაციები...
1987 წელს, გიორგი ბუნდოვანი აქტიურად მონაწილეობდა დიდი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის პეტრე-პავლეს სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადასვენების საქმეში, მანამდე კი, იგი 6-7 წლის მანძილზე უვლიდა და პატრონობდა ტერენტი გრანელის, ფაქტიურად, მიტოვებულ საფლავს...
მისი ლექსები თარგმნილია რუსულ ენაზე. პოეტი წერს ლექსებს რუსულადაც. მისი ლექსები შესულია რამდენიმე თანამედროვე ქართული ანთოლოგიის კრებულში.
თავის კოლეგა პოეტებთან და არტისტებთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა პოეტურ, არტისტულ საღამოებსა თუ სხვა პერფორმენსებში. არის ამ არტ-აქციების ავტორი, თანაავტორი და ორგანიზატორი.
გიორგი ბუნდოვანს, გარდა ზემოთხსენებული ერთობლივი კრებულებისა, გამოცემული აქვს კიდევ 3 პოეტური კრებული (გამომცემლობა - კავკასიური სახლი), „სიწყნარის დაკანონება”, პერსონალური, “ათვლისწერტილი” - მეუღლესთან, პოეტ მარიკა ჟორჟოლიანთან ერთად და პერსონალური რჩეული - „ანტიყოფის მანიфესტი”, რომლის პრეზენტაცია-პერფორმენსი „გამომშვიდობება მკვდარ პოეზიასთან“ შედგა „კავკასიურ სახლში“ წლის 27 მარტს.
გიორგი ბუნდოვანი კავკასიურ სახლში მუდმივად აწყობს სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-საღამოებს... მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ რადიო და ტელე გადაცემებში.
2006 წლიდან, გიორგი ბუნდოვანმა თავის მეგობრებთან და კოლეგა არტისტებთან ერთად, 2006 წლიდან, თანაავტორობითა და მათი იდეური მხარდაჭერით უკვე გადაიღო 48 მინი-არტ-ფილმი („კინო-პოეზია; “FILM- POETRY”).
ფილმების არსი, მათი ავტორების თქმით, მდგომარეობს შემდეგში; ანტიყოფა, ანტიესთეტიკა, ანტიკულტურა, და არაფორმალობის მუდმივი განცდა. რაც მათი თქმით, ვერ მოდის შესაბამისობაში დაწესებულ კლიშეებთან
2011 წლიდან, გიორგი ბუნდოვანმა, მწერალთან, ქართული პენ-ცენტრის ბორდის წევრთან--ნაირა გელაშვილთან ერთად ”კავკასიურ სახლში” გახსნა ლიტერატურულ არტ-კაфე - ”D .N. M.”-ს.
ამჟამად გიორგი ბუნდოვანის ლექსები იბეჭდება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ-ანალიტიკურ ალმანახ „აფრაში“, ასევე მუდმივად ქვეყნდება სხვადასხვა გაზეთებსა და ლიტერატურულ ინტერნეტ-პორტალებზე...
გიორგი ბუნდოვანი კიდევ აპირებს პოეტური და სხვა სახის ლიტერატურული საღამოების გამართვას, ასევე თავის გადახალისებულ შემოქმედებით არტ- ჯგუფთან ერთად, მსგავსი არაორდინალური ფილმების გადაღებას და საერთოდ აქტიურ ცხოვრებას.
ჰაეროვანი ლექსი
ხავსის ჭაობში იფეთქა იამ
მზისკენ ლერწამი აზიდა სუსტი
საუდაბნოო ქარები ჰქრიან
მზევ აარიდე ტაროსი კუშტი
ბზუანა ხოჭო ბუტბუტებს იქვე
პეპელას მტვერი ასცვივდა ფრთაზე
წვიმა ბწკარედად იწველის სიტყვებს
ხმაურ შრიალით მიიწევს ბარზე
ესალბუნება სიოთა ქარგა
ნაფეხურებში მთვლემარე ჭიებს
წყარო ტიტინებს მეტადრე კარგად
უხვად აპკურებს მეზობელ იებს
შორიდან კვამლის ჩუქურთმა ჰყვავის
კვირიონს ფუტკრის ალმური ეცა
მდიდრულ სიშავით ამაყი ყვავი
აბურძგნილ ბუმბულს ნისკარტით კეცავს
ციდან იღვრება ღრუბელთა შხაპი
ცვრიან ნიღბებად ფერმკრთალობს დილა
საუკუნეთა გადაბმის ძაფი
უსასრულობის მარაოდ შლილა
ტყეთა კასკადებს აქოჩრავს ნამი
ჭოტის კივილში ისმის ვედრება
ხორბლის თავთავთა რიტმული ჩქამი
რაღაც საკრალურ ქოროს ედრება
აკიაფებულ ჩირაღდანებად
ჩრდილთა ნაპრალნი ილაკრებიან
ფიჭვთა ნაცრემლარ ოქროს ქარვებად
სხარტი მერცხლები მათში კრთებიან
ხავსის აკვანიდან აიჭრა ია
მზისკენ კოკრები აზიდა სუსტი
მოუსავლეთის ქარები ჰქრიან
მზევ აარიდე ტაროსი კუშტი
ლოცვა მტკვარს!
მტკვარი, ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს...
- ჩემი ვენები უერთდება ამ მდინარეს!
- მე არ მინდა არტერიებში ინфექცია!
- მე არ მინდა ძარღვებში - ინერცია!
მტკვარი, ჩუენი მომავლისა მიეც თაობებს!
- ჩემი თვალები ბანაობენ ამ მდინარეში!
- ჩემი გული ფეთქავს ამ მდინარესთან!
- მე არ მინდა გამისკდეს გული!
- მე არ მინდა დამევსოს თვალი!
მტკვარი, ჩუენი იმედისა სტერილურ იქნეს!
- ჩემი გენები - მიკრო ნავებია ამ წყალში!
- ჩემი სუნთქვა - ქარიშხალია ამ წყალზედ!
- მე არ მინდა შემელახოს გენეტიკა!
- მე არ მინდა შემიწყდეს სუნთქვა!
მტკვარი, ჩუენი ხსოვნისა - მარადჟამიერ!
- ჩემი ისტორია, მდინარე ჩემი, ფიქრების უწყვეტი ჯაჭვია!
- ჩემი წარმოშობა - ჩემი წყალი და ტალღაა!
- მე არ მინდა წარმოშობის დაკარგვა!
- მე მინდა ვიცურაო მტკვარში და
- წყალი იყოს ანკარა, ვით ანგელოსთა ცრემლი - თაკარა!
- და ტალღა იყოს ძლიერი, ვით მეტეორი - ქორი!
მტკვარი, ჩუენი ზეაღსვლისა, ღვთის წილ!!
- ჩემი ღმერთი ხომ წყალია, როგორც ხორცი და სისხლი...
- ჩემი ფილტვები კოსმოსია, დაჩუტული იალქნებით...
- მე მინდა გავშალო, გავბერო იალქნები !
- და მინდა შევსვა პეშვით, ეს წყალი, ეს ქარი, ეს სისხლი..!
მინდა დავიხრჩო თავი - მტკვარში, როცა მიწაზე
- ადგილი აღარ დარჩება ჩემთვის!
- და მინდა მტკვარი იყოს მტკნარი...
- და მინდა თევზი, როგორც გეზი...
- და ჰგავდეს თევზი უფალს!!
-- მაჩუქეთ მტკვარი, სუფთა და მყარი,
იყოს ის ჩემთვის - რუბიკონი და ზღვარი!..
-- მტკვარი, ჩუენი არსობისა, პური თვალთა ნაყოფისა...
მომეც ჩუენ დღეს, ზღვაო, მამაო - ოკეანევ!!...
იყავი
როცა არა ხარ ფრინველი--ვერ იფრენ;
როცა არა ხარ თევზი--წყალში ვერ ისუნთქებ;
როცა არა ხარ ცხოველი--ჯუნგლებსა და ტყეებში ვერ გაძლებ;
როცა არა ხარ ქვეწარმავალი--რეალურად ვერ დაგესლავ;
როცა არა ხარ მწერი--ღრიჭოში ვერ გაძვრები;
როცა არა ხარ რეპტილია--დინოზავრებთან ვერ გაიგივდები...
და:
როცა არა ხარ ბაყაყი--ვერ იყიყინებ;
როცა არა ხარ ფუტკარი--თაფლს ვერ გააკეთებ;
როცა არა ხარ მიმინო--ქვეყანას ვერ გადმოხედავ ზემოდან;
როცა არა ხარ კალია--ხტუნვა-ხტუნვით ვერ გაიქცევი;
როცა არა ხარ დელფინი--ადამიანი ვერ გეყვარება;
როცა არა ხარ ირემი--ვერ იქორბუდებ...
და:
როცა არა ხარ ყვავილი--ოთახს ვერ დაამშვენებ;
როცა არა ხარ ”ტრიპტიხი”--მირონი არ გადმოგივა;
როცა არა ხარ ტაძარი--არ გაკურთხებენ;
როცა არა ხარ პეპელა--სამი დღე არ გიწერია;
როცა არა ხარ მდინარე--კალაპოტს ვერ შეიცვლი;
როცა არა ხარ გუბურა--ვერც ამოშრები...
და:
როცა არა ხარ ოქრო--დაჟანგდები;
როცა არა ხარ ერბო--არც დადნები;
როცა არა ხარ ხორბალი--პურად ვერ იქცევი;
როცა არა ხარ ქარქაში--ხანჯალს ვერ უმასპინძლებ;
როცა არა ხარ კომპასი--გზას ვერავის გაუკვლევ;
როცა არა ხარ მტვერი--ვერც დაგროვდები...
და:
როცა არა ხარ დედა--შვილი არ გეყოლება;
როცა არა ხარ მამა--შვილს ვერ გააკეთებ;
როცა არა ხარ სისხლი--ძარღვებში ვერ იხეტიალებ;
როცა არა ხარ კუნძი--შენზე ვერ ჩამოჯდებიან;
როცა არა ხარ ძუნწი--გაიღებ;
როცა არა ხარ კვალი--არც დარჩები...
და:
როცა არა ხარ ნივთი--ადგილიც არ გექნება;
როცა არა ხარ ტვირთი--არავის დაამძიმებ;
როცა არა ხარ სახლი--ვერავინ შემოვა შენში;
როცა არა ხარ დახლი--არავინ დაგეყრდნობა;
როცა არა ხარ ხერხი--ვერაფერს გაჭრი;
როცა არა ხარ კვერცხი--შიგნიდან ვერც გატყდები...
და:
როცა არა ხარ სოკო--გინდა ფესვები;
როცა არა ხარ ლოქო--ქინძმარში არ ჩაგდებენ;
როცა არა ხარ გული--ვერ იფეთქებ;
როცა არა ხარ ხნული--ვერც აყვავილებ;
როცა არა ხარ ქარი--არც ამოვარდები;
როცა არა ხარ ზღვარი--ვერც გადაგლახავენ...
და:
როცა არა ხარ სეტყვა--არავის ატკენ თავს;
როცა არა ხარ წვიმა--არც გადაიღებ;
როცა არა ხარ თოვლი--თეთრი ვერ იქნები;
როცა არა ხარ კომლი--ვერც გამრავლდები;
როცა არა ხარ ნეხვი--არც ყარხარ;
როცა არა ხარ ჭია--არ გაისრისები...
და:
როცა არა ხარ ვაშლი--არ აცდუნებ;
როცა არა ხარ ფაშვი--არ გამოივსები;
როცა არა ხარ სხივი--ვერ გაანათებ;
როცა არა ხარ ქვა--საუკუნეებს ვერ გაუძლებ;
როცა არა ხარ ზღვა--არც აღელდები;
როცა არა ხარ კითხვა--არც დაისმები...
და:
როცა არა ხარ ნეკნი--ღმერთს არ დააინტერესებ;
როცა არა ხარ ტვინი--ვერც იაზროვნებ;
როცა არა ხარ ჰიმნი--არ შეგატენიან მასებს;
როცა არა ხარ კვარი--ჩაბნელდები;
როცა არა ხარ მდარე--აკიაფდები;
როცა არა ხარ ხურდა--არც დაგაბრუნებენ...
ხო და...
იყავი ხურდა-- რომ დაგაბრუნონ!
იყავი კვარი--რომ აგანთონ!
იყავი კითხვა--რომ დაგსვან!
იყავი ზღვა--რომ აღელდე!
იყავი ტაძარი--რომ გაკურთხონ!
იყავი ფრინველი--რომ იფრინო!
იყავი ხერხი--რომ გაჭრა!
იყავი მიმინო--რომ აკონტროლო!
იყავი ქარქაში--რომ უმასპინძლო!
იყავი კომლი--რომ გამრავლდე!
და---იყავი პოეტი, რომ გიყვარდეს!.....
იყავი სულ...