ჰენრი მენესტრელის „როგორი იყო უოლესი“ (ნაწყვეტი პოემიდან „უოლესი“)
15:10:32     02-12-2011
XV საუკუნეში შოტლანდიაში ცხოვრობდა პოეტი, სახელად ბრმა ჰარი (Blind Harry), რომელსაც ჰენრი მენესტრელს (Henry the Minstrel) უწოდებდნენ (1440-1492). მენესტრელი ფრანგული სიტყვაა (ménestrel) და მოხეტიალე პოეტ-მუსიკოს ნიშნავდა შუა საუკუნეების საფრანგეთსა და ინგლისში. ჰენრი მენესტრელი დადიოდა სოფელ-სოფელ და თავის პოემას „სერ უოლესს“ უმღეროდა შოტლანდიელებს.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ პოეტის შესახებ ზოგიერთი გადმოცემა ლეგენდარულია. მაგალითად, ის იმდენად ნაკითხი და განათლებული იყო, რომ ამას მხოლოდ კარგი მახსოვრობით ვერ შეძლებდაო. ანუ მხედველობა უნდა ჰქონოდა ამგვარი განათლების მისაღებადო. ასეა თუ ისე, ჰენრი მენესტრელი ლეგენდარული პიროვნებაა, ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით მაინც.
პოემაში „უოლესი“ ჰენრი მენესტრელმა აღწერა შოტლანდიის ეროვნული გმირის უილიამ უოლესის (1272-1305) ცხოვრება და ბრძოლა დამპყრობელი ინგლისელების წინააღმდეგ.
უილიამ უოლესი ყველას ახსოვს შესანიშნავი შემოქმედის მელ გიბსონის ფილმიდან „გულადი“ („მამაცი გული“, როგორც ხშირად უწოდებენ, კალკაა და არ არის სწორი ფორმა. მამაცი შეიძლება იყოს ადამიანი. მამაცი კაცი კი გულადია). ამ ფილმმა, რომელშიც გადმოცემულია შოტლანიელი გმირის ბრძოლა და თავგანწირვა სამშობლოსათვის, აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო. უამრავ ადამიანს კიდევ უფრო შეუყვარდა თავისი სამშობლო, ფილმი უმალ იქცა თავისუფლების ერთგვარ ჰიმნად.
წარმოიდგინეთ მეთხუთმეტე საუკუნეა. შოტლანდია გმინავს ინგლისის უღელქვეშ. შოტლანდიის ქალაქებში, სოფლებში დაეხეტება ბრმა მენესტრელი და ხალხს უილიამ უოლესის შესახებ თავის პოემას უმღერის... შოტლანდიელები სიამაყით იხსენებენ თავის გმირს, თავისუფლების ფასს. პოემაში გმირი წარმოდგენილია იდეალურად, როგორც ყველაზე ძლიერი, თითქმის გოლიათი, მტრების რისხვა. კეთილშობილური ბუნებისა და უბრალო, მორიდებული...
როგორ აღფრთოვანებულნი იქნებოდნენ შოტლანდიელნი, ბარში თუ მთაში, ქალაქში თუ სოფელში, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ჯერ ჰენრი მენესტრელის ცოცხლად მოსმენით, მერე კი მისი პოემით, საუკუნეების მანძილზე.
1729 წელს ედინბურგში გამოვიდა ჰენრი მენესტრელის პოემის ახალი ვარიანტი, შემოკლებული და გადამუშავებული უილიამ ჰამილტონის მიერ. იმ პერიოდიდან უკვდავმა პოემამ კვლავ აღაფრთოვანა შოტლანიელები პატროტიზმითა და სიამაყით.
პოემა მარტივია, დაწერილია უბრალო ენით და როგორც ვთქვით, პატრიოტული სულისკვეთებით არის გამსჭვალული.
ქართულად პოემის ნაწყვეტები ძველშოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა. ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ მისი და სხვა მთარგმნელებისა, რომლებიც გვაძლევენ შესაძლებლობას, გავეცნოთ მსოფლიო ლიტერატურის უკვდავ ნიმუშებს.
პოემაში ნახსენებია ალეგზანდერი. ავტორი, ალბათ, გულისხმობს შოტლანდიის მეფე ალეგზანდერ III-ს, რომლის მეფობის წლები შოტლანდიელებისათვის ოქროს ხანად ითვლება. ჰექტორი იყო ტროას მეფის პრიამოსის ძე, ჭკვიანი და სამართლიანი უფლისწული. „ყოველ საქმეში გამორჩეული, ვითარცა ღმერთი მოკვდავთა შორის“ (ჰომეროსი). ის ჰენრი მენესტრელის პოემაში გმირობის მაგალითად არის წარმოდგენილი. ჰექტორი დაუმარცხებელი იქნებოდა, აქილევსი რომ არ შეხვედროდა, რომლის მოკვლა შეუძლებელი იყო, მას ხმალი არ ეკარებოდა, მხოლოდ ქუსლი ჰქონდა ადამიანური, მისი ტანი დედამისმა ზეადამიანურად აქცია. იარდი (yard) ბრიტანული სიგრძის საზომი ერთეული, ტოლია 0.9144 მეტრისა. წყრთა არის ქართული საზომი ერთეული, დაახლოებით 0.52 მეტრი.
პოემა 11 წიგნისაგან შედგება და დაახლოებით 11 000 სტრიქონს შეიცავს. დაწერილია 10 მარცვლიანი, წყვილრითმიანი სტრიქონით, ე. წ. „ჰეროიკული კუპლეტით“.
როგორი იყო უოლესი
(ნაწყვეტი პოემიდან „სერ უოლესი“. თარგმნა თამარ ერისთავმა)
ტანად ბრგე იყო და ახოვანი უოლესი,
ყველას აკვირვებდა წარმოსადეგობა მისი -
ვინც კი იხილავდა ტანაბჯრიანსა თუ უაბჯროს;
სიმაღლე ჰქონდა ორი იარდი და მეოთხედი,
მხარ-ბეჭის სიგანე, - წყრთანახევარზე უმეტესი.
დასტურ ბრგე იყო, ჯანიანი და ახოვანი;
გრძელი ფეხები ჰქონდა, ნაბიჯი, - ფართო და ძლიერი,
დიდი მკლავები ჰქონდა, - მკვრივი და ღონიერი,
ხელები ჰქონდა პალმის ხის მსგავსად ჩამოსხმული
და გრძელ თითებზე გრძელი ფრჩხილები უელავდა...
სწორნაკვთიანი სახე ჰქონდა, მოგრძო და ლამაზი,
ენა- მჭევრად მეტყველი და გული - გამბედავი,
მკერდი - ფართო და მაღალი, მკვრივად შემართული;
ტუჩები - სქელი; ცხვირი - დიდი და განიერი;
თმა - ლბილი, მუქი წაბლისფერი; წარბები - ბაცი,
თვალები - გამჭრიახი, ელვარე - ალმასივით;
ღაჯღაჟა ჰქონდა სახის კანი და თეთრ-ყირმიზი,
ნაჭდევი აჩნდა ნიკაბქვეშ ერთი, მარცხენა მხარეს
და ბევრგან ეტყობოდა ნაიარევი,
გარნა მის სახეს სილამაზე ჰქონდა უცვლელი.
არრა სიმდიდრეს სათავისოდ არ იტოვებდა.
გასცემდა ყოვლსა მოგებულსა ისევე უხვად,
ვით ალეგზანდერ, - მეფე სვიანი. შვიდობის ჟამსა
ქალწულის დარად მორცხვი იყო და რიდიანი,
ჟამსა ომისას მძვინვარებდა ვითარც ჰექტორი.
განუსაზღვრელი ნდობა ჰქონდა თავისი ხალხის,
მტრისადმი იყო გულფხიზელი და უნდობელი.