ალექსანდრე ხახანაშვილის „ცრემლი“
13:56:38     01-12-2011
ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ქართული ლიტერატურის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი დაიბადა 1866 წელს.
სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1889 წლიდან ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 1900 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის უნივერსიტეტში.
მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894, პარიზი 1897).
ალექსანდრე ხახანაშვილა შექმნა ქართული ლიტერატურის კურსი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. I-IV 1895-1897). მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში დაარსდა „ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება“.
დაუღალავ მეციერს და მოღვაწეს, ალექსანდრე ხახანაშვილს გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცამდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურისა და ერთნოგრაფიის საკითხებზე - ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ის გამოსცემდა ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებს და თარგმნიდა უცხო ენებზე. მისი დამსახურება უდიდესია ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.
ალექსანდრე ხახანაშვილი დაავადებული იყო ჭლექით. ის განიცდიდა სამშობლოდან შორს ყოფნას, რაც აისახა მის ერთ-ერთ ლექსში.
მეცნიერი გარდაიცვალა 1912 წელს.
მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში. მისი ფონდი 882 საარქოვო საქმეს შეიცავს.
1913 წელს დავით კასრაძემ ლექციაზე, რომელიც მიუძღვნა ალექსანდრე ხახანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, განაცხადა „თანამედროვე ქართულ პოეზიაში რიტორიკული ლექსები არ არსებობდა და ამ მიზნით დაიწყო მან ლექსების წერაო“(„ჟურნალი კლდე“, 1913 წელი, # 8).
ალექსანდრე ხახანაშვილი თავის ლექსებს აქვეყნებდა ფსევდონიმით - ს. პავლიაშვილი.
ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული აქვს სამი ლექსი “კვალში“. ხოლო ქუთაისში გამომავალ გაზეთ „კოლხიდაში, 1911 წელს მან დაბეჭდა ლექსი „პატარა ცემი“ თავისი სახელით - ა. ხახანაშვილი. ეს ლექსი „კოლხიდამ“ კვლავ დაბეჭდა ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოში ჩამოსვენების დღეებში (“კოლხიდა“ 1912 წელი, # 142).
დღეს, გთავაზობთ ღვაწლმოსილი მეცნიერის ლექსს „ცრემლი“, სადავ კარგად ჩანს ავტორის კეთილშობილი და ჰუმანური ბუნება. ლექსი დაიბეჭდა 1897 წელს „კვალში“. ალექსანდრე ხახანაშვილზე საუბარის ხვა დროსაც გვექნება.
ცრემლი
ვხედავ რა მართალს, უბრალოდ დასჯილს, -
ღონე არ შემწევს მის საშველათა,
მაშინ მღელვარე ცრემლი გადმომდის
და ამას ვიხდი ტანჯვის წამლათა.
თუ მომავალსა თვალს გავუსწორებ,
აზრი მერევა იმედ-მიხდილსა,
აჩქროლებული, გულამოსკვნილი
საოხათ ვაფრქვევ ცხარე ცრემლებსა.
წარსულში ვეძებ სევდის მალამოს,
მსურს მოგონებით სულს მივცე შვება,
ამაოთ! იგიც შავს ზოლს მოუცავს -
ცრემლთ ნაკადული გულს მომაწვება.
რაკი ბუნების მშვენიერებაც
აღარ აყუჩებს მოსეულ ტალღას, -
მაშინ უფალსა მუხლ-მოდრეკილი
ცრემლით ვევედრი ჩემს შებრალებას.
(„კვალი“, 1897 წ., # 13)