ბელა შალვაშვილის „კამკამა ზეცა“ (და ოთხი ლექსი)

  15:11:03     29-11-2011

პოეტ ბელა შალვაშვილის შესახებ რამდენჯერმე უკვე ვესაუბრეთ პრესა.გე-ს მკითხველს. სულ ახლახანს ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ გამოვიდა დიდი ირანელი პოეტის ფირდოუსის „შაჰნამე“ ქართულად, რომელიც თარგმნა ბელა შალვაშვილმა.

დღეს კი კვინდა მკითხველს წარმოვუდგინოთ ბელა შალვაშვილის ლექსები მისი კრებულიდან „ჩიტები წუხან თავის ენაზე“.

პოეტი ბელა შალვაშვილი დაიბადა 1940 წლის 1 აპრილს თბილისში.

1958 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (სპარსული ენა და ლიტერატურა).

1970-1980 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, რედაქტორად. 1984-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიაში. 1996-2000 წლებში - გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

გამოცემული აქვს კრებულები:

„არდავიწყება“ (1973 წელი, გამომცემლობა ნაკადული); „ლექსები“ (1977 წელი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“); „ჩუმი ძახილი“ (1979 წელი, გამომცემლობა „ნაკადული“); „ლექსები“ (1982 წელი, გამომცემლობა „ნაკადული“); „მზეო, მზეო“ (1983 წელი, გამომცემლობა მერანი); „უსასრულობა“ (1986 წელი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“); „ჩემი ნაცნობი ჩიტი“ (1986 წელი, გამომცემლობა „მერანი“); „ჩიტები წუხან თავის ენაზე“ (2008 წელი, გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“).

როგორც ვთქვით, ბელა შალვაშვილის მიერ თარგმნილი „შაჰნამეს“ შესახებ უკვე ვესაურეთ მკითხველს და გავაცანით კიდეც ნაწყვეტები ამ წიგნიდან. მომავალშიც მივუბრუნდებით „შაჰნამეს“...

კამკამა ზეცა

ზეცა ისეთი კამკამაა,

აღარ დაგჭირდება სარკე...

ახლა გვიანაა საკმაოდ,

აქეთ, სიყვარულო, აქეთ.

ტეხური ისე კამკამაა,

ცას არ დასჭირდება სარკე...

მთვარეს მდინარის აკვანში

სძინავს და... ტალღები არწევს.

სულ არ მეძინა ამ ღამეს,

აქეთ, სანატრელო, აქეთ...

ჩემი თვალები კამკამაა,

აღარ დაგჭირდება სარკე...

 

აღზევება

გადამავიწყდა ზამთრის სიავე

და ქვეყნად ყველა წყენას ვივიწყებ,

მოდის აპრილი და დამიამებს,

ან გამიახლებს წარსულ ტკივილებს.

შემომანათეს ფურისულებმა,

ნუშის და ტყემლის თეთრმა ფთილებმა...

გავიჭრები და ვივლი ველებზე,

რა ვუყო, თუკი მეაპრილება!

გავიჭრები და ვივლი ველებზე,

რომ დამანახონ დიდმა ველებმა -

როგორ ჩნდებიან ნაირფერები

და გულიანად ამემღერება!

ავალ იმ მთაზეც, ცას რომ ეხლება,

ავალ და ზეცას ხელით შევწვდები...

ძლიერ მწადია ეს ამაღლება, -

სხვა ამბავია, თუ ვერ შევძელი.

შემომანათეს ფურისულებმა,

ნუშის და ტყემლის თეთრმა ფთილებმა...

გავიჭრები და ვივლი ველებზე,

რა ვუყო, თუკი მეაპრილება!

 

* * *

მზე მეტ სითბოს და სინათლეს ბარდნის,

ფერადოვნებას აჩენს მაისი...

და მეჩვენება აღარ მაქვს დარდი, -

არავისი და არარაისი.

გადავიზამთრე... არე-მიდამომ

გამიბატონა ხასხასა მწვანე;

და სარდიონის ფერით მდიდარმა

ყვავილმა ცეცხლი წაჰკიდა ყანებს.

ამ სიმწვანით და გულში უშქარი

ჩიტბატონებით აღფრთოვანება

ახლა ვიღაცას თუ არ ვუთხარი,

მერე ძალიან დამენანება.

დამენანება, ამოხმიანი,

გულში ნამღერი ოდა მაისის,

თუ არ გავხადე თანაზიარი, -

არავისი და არარაისი!

 

და... ჯვარი!

აი, ეს მშვიდი სილამაზე უფრო მახელებს,

ღირსჰყო ამგვარი სილამაზით ბუნებამ ქართლი,

წყნარი სინაზე არის ასგზის დიადი მადლი, -

ნელ-ნელ ედება რომლის ძალა ქართლის მნახველებს.

 

ჰა და ჰა, ცაში აიწევა, მგონია ჯვარი,

ჰა და ჰა, ალაპარაკლდება ცხოველი სვეტი,

ვეღარსად ნახავ შემოგარენს ამგვარად მეტყველს,

აქ სისავსით და სიამაყით იცნობა მტკვარი.

 

ყოველს ატყვის უფლის ხელის ნატიფი კვალი,

აღარა გინდა ამ გრძნეული გარემოს მეტი,

ყოვლის წინაშე მოიხარო, გწადია, ქედი...

 

აქ მეჩვენება ყველა ჩვენი უკვდავი მკვდარი,

ცოცხლებზე უფრო ცოცხლები და უფრორე მეტი

და ჯვარი, უფლით დანთებული უქრობი კვარი.

 

როდის?

როდის ისვენებს არაგვი,

რა დროს იძინებს მტკვარი...

ნეტავი როცა არა ქრის,

მაშინ სად არის ქარი...

რად ვერ მოშუშდა აქამდე

ქვეყნად ამდენი წყლული...

და თუ რამე არ აღანთებს,

როგორ ისვენებს გული...