ბელა ახმადულინა - „სიზმრები საქართველზე“
15:00:15     29-11-2011
ერთი წლის წინ, 2010 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა დიდი რუსი პოეტი, მწერალი, ესეისტი და მთარგმნელი - ბელა ახმადულინა (Белла (Изабелла) Ахатовна Ахмадулина).
იგი ითვლება ერთ-ერთ უდიდეს პოეტად XX საუკუნის მეორე ნახევრის რუს პოეტთა შორის.
მომავალი პოეტი დაიბადა 1937 წლის 10 აპრილს. მამა წარმოშობით თათარი გახლდათ, დედა იტალიური წარმოშობის რუსი. ლექსებს წერდა ბავშვობიდან...
1970 წლებში პოეტმა იმოგზაურა ჩვენს სამშობლოში. ბელა ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი ეჭირა საქართველოს. წლების მანძილზე მისი ლექსები პირველად „ლიტერატურნაია გრუზიაში“ იბეჭდებოდა... საქართველოში გამოვიდა ბელა ახმადულინას კრებულები „სიმღერა საქართველოზე“, რომელიც გამომცემლობა „მერანმა“ დაბეჭდა 1977 და 1979 წლებში. კრებულში შედიოდა ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზაული ნაწარმოებები, წერილები.
ბელა ახმადულინამ პირველმა გააცნო მილიონობით რუს და რუსულენოვან მკითხველს ანა კალანდაძეს ლექსები. იგი თარგმნიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ აბაშიძის, იოსებ ნონეშვილის, თამაზ ჭილაძის, კარლო კალაძის, ოთარ ჭილაძის, მორის ფოცხიშვილის, არჩილ სულაკაურის, მიხეილ ქვლივიძისა და იზა ორჯონიკიძის ნაწარმოებებს რუსულად.
ამბობენ, რომ ბელა ახმადულინა მონათლულა სვეტიცხოველში. იმასაც ამბობენ, ერთხელ უთქვამს, როცა მოვკვდები საქართველოში დამასაფლავეთო... როგორც ვთქვით, დიდი პოეტი გარდაიცვალა 2010 წლის 29 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.
დღეს, ბელა ახმადულინას გარდაცვალებიდან წლისთავის აღსანიშნავად გთავაზობთ მის წერილს, ერთგვარ წარმოსახვას, გახსენებას, შეჯამებას - „სიზმრები საქართველოზე“, რომელიც შესანიშნავი ესეა. თარგმნა გია ჯოხაძემ.
სიზმრები საქართველოზე
(თარგმნა გია ჯოხაძემ)
,,სიზმრები საქართველოზე” - ასე ერქვა საქართველოში, თბილისში, გამომცემლობა ,,მერანში“ არაერთხელ გამოცემულ ჩემს წიგნს.
როცა რამეს ვწერდი, არასოდეს ვფიქრობდი ,,წიგნზე”, ჩემი თხზულებების შეკრებაზე.
ის გარემოება, რომ ზოგი ჩემი ნაწარმოები პირველად საქართველოში გამოქვეყნდა და - არა მოსკოვში, ჩემი დამსახურება არ გახლავთ და არც ამის გამო მიყვარს ეს მიწა - ,,საქართველო’’. ეს სიტყვები არ ეძღვნება წიგნს, ლექსებს, რომლებიც ახლახან დავწერე და რომელსაც კვლავ ,,სიზმრები საქართველოზე” ვუწოდე.
მე დამესიზმრა ამ მიწის სახელი: ისე ნათლად, ისე იოლად გასაგონად, რომ თვალცრემლიანმა გამოვიღვიძე, თუმც შემდეგ მთელი დღე ვიღიმებოდი და ვინც არ იცოდა, რას ნიშნავს სიტყვა ,,საქართველო”, წუთისოფელში თავს უკეთ, უფრო ხალისიანდ გრძნობდა.
ეს მოხდა მოსკოვში, ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში. ცუდად არ ვიყავი, მაგრამ ექიმების კეთილი რჩევა გავითვალისწინე და საავადმყოფოში დავწექი, სადაც ღამღამობით ლექსებს ვწერდი - ზოგი ჩემი სტრიქონი ეხება იმ მიწა-წყლის რამდენიმე ადგილს, მთელს ქვეყანას.
საავადმყოფო, როცა ჯანმრთელი და ცოცხალი ხარ, მოხერხებული სამყოფელია სხვებზე და - არა საკუთარ თავზე საფიქრალად.
,,გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი”, - არაერთხელ მიფიქრია ამ სიტყვებზე, მაგრამ მოყვასი საკუთარ თავზე მეტად მყვარებია.
და თუ კი ვინმეს ეს ცოდვა ედება ბრალად, დამნაშავეა ახლობელთა და შორეულ ნაცნობთა წინაშე. ეს ცოდვა ძნელად გამოსასყიდია, მაგრამ უფალი შეგვინდობს იმ უცილო პირობით, რომ დანაშაულს გამოვისყიდით, ზენაარისგან ნაკარნახებ ვალს აღვასრულებთ.
ეს არც თუ ბრძნული განსჯა მხოლოდ მე მეხება.
ასე გულდასმით და ასე დიდხანს ვწერ იმ ლექსების წინასიტყვაობას, რომლებიც საავადმყოფოში იშვა... ექიმმა ბოტკინმა არ იცოდა, რომ ქველმოქმედი და გამომცემელი კონდრატე სოლდატენკოვი 1911 წელს ღატაკთა და სნეულთათვის მისი სახელობის საავადმყოფოს ააშენებდა.
ვინ გვასაჩუქრებს (და ხანდახან - გულსაც გვტკენს) მე და თქვენ? ვცადე, თვითონ მეთარგმნა რუსულად ქართული სიტყვები. არაფერი გამომივიდა: არ შემიძლია ქართულად წერა, მაგრამ სიზმრად ჩამესმის ქართული მეტყველება, ქართული სიმღერა.
საქართველო ჩემი სულის სინათლეა. ამ მიწაზე ბევრი ალერსიანი, კეთილი სიტყვა უთქვამთ, და არა მხოლოდ ჩემთვის, სხვებისთვისაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია.
ო ღმერთო, - ვწერ მე, - შენ დაიფარე დედამიწის ეს კუთხე და ყველაფერი, რასაც ვხედავთ, რაც ვიცით, და ისიც, რის გაგებაც არ გვიწერია.
არასოდეს მისცემოდეს დავიწყებას სახელები, ეს ლექსები რომ ეძღვნება.
2000