საყვარელი ქალის სასტიკი მკვლელობა

  14:16:26     29-11-2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2011 წლის 19 სექტემბერს, საჩხერის რაიონის სოფელ ლიხის საჯარო სკოლის პედაგოგ, გ. ტ -ის მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა და 34 წლის ფრიდონ ტალახაძეს, საყვარელი ქალის მკვლელობისთვის, 14-წლიანი საპატიმრო მსჯავრი დაედო.

სასამართლოს მასალებით, საჩხერის რაიონის სოფელ ლოდორაში მცხოვრებ ფრიდონ ტალახაძეს, თანასოფლელ გ. ტ. - ს მოკვლის განზრახვა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეიტყო, რომ იგი სხვა მამაკაცთან დაქორწინებას აპირებდა. ბრალდებული მსხვერპლს სოფლების -ლონდორასა და ლიჩის დამაკავშირებელ გზაზე ჩაუსაფრდა, სადაც მეზობელ სოფელში პედაგოგად მომუშავე გ. ტ-ს უნდა გაევლო. ტალახაძემ ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი იქვე გამავალ მდინარე ლოდორულაში დაახრჩო. ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელი მიიმალა.

სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები  და ფრიდონ ტალახაძე, მასზედ შერაცხულ განზრახ მკვლელობის ბრალში, დამნაშავედ ცნო. სასამართლოს განაჩენით, მას 14 წლით პატიმრობა მიესაჯა.