ელენე ახვლედიანი და სიყვარულით შესრულებული პეიზაჟები
12:41:05     28-11-2011
ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე ახვლედიანი, 1901 წელს დაიბადა. 1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გიგო გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (1922-1927). 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტიმური გრძნობით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ (1954), „იმერეთი“ (1956, ორივე საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), „შემოდგომა“ (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
აღსანიშნავია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1942-1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1932-1933, კ. მარჯანიშვილის თეატრი), ჯ. პუჩინის „ბოჰემა“ (1944-1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“ (1955-1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჰ. ლონგფელოს „ჰაიავათას სიმღერის“, ვ. ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.