მედვედევის „მუქარას“ ამერიკელები მშვიდად შეხვდნენ...
11:15:25     28-11-2011
მედვედევმა ხმამაღლა იცრუა. აღმოჩნდა, რომ დავალებები, რომლებიც მან, ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების შესახებ ტელეეთერით საუბრისას რუს სამხედროებს თითქოსდა ეს-ესაა მისცა და რომელთა სისრულეში მოყვანაც, წესით ხანგრძლივ დროს მოითხოვს, უკვე დიდი ხნის შესრულებულია. ანუ მოსკოვი, ანტიამერიკულ გეგმაზე, „გადატვირთვის“ პარალელურად მუშაობდა.
ეს ამერიკელებისთვის „აღმოჩენა“ არც ყოფილა. ხოლო იმაზე, რომ მედვედევს თავისი „მუქარის“ სისრულეში მოყვანის საშუალებები მზად აქვს, ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის დღიდანვე საუბრობდნენ.
რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ კი, ოთხშაბათს მიცემული დავალებების შესრულების შესახებ, სახელმწიფოს მეთაურს უკვე პარასკევს უპატაკა.
აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს, რუსული საჰაერო-კოსმოსური ჯარები დაუპირისპირდებიან. მისმა მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ოლეგ ოსტაპენკომ განაცხადა, რომ საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარების ფორმირება, პრაქტიკულად, დასრულებულია და 1 დეკემბრიდან, ისინი დავალების შესრულებას შეუდგებიან. საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები, გენშტაბის ხელმძღვანელის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება. მათ გამგებლობაში იქნება 8 მოქმედი და 2 მშენებარე სადგური, მათ შორის „დნესტრი“, „დარიალი“, „დნეპრი“, „ვოლგა“ და „ვორონეჟი“, რომლებიც რუსეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთშია განთავსებული. საჰაერო-კოსმოსურ თავდაცვას ექნება კოსმოსური სივრცის კონტროლის სისტემა, დედაქალაქის დაცვის ანტისარაკეტო სისტემა А-135, რომელიც მოსკოვთან ახლოს სოფრინშია განთავსებული, ასევე, მის შემადგენლობაში შევა ანტისჰაერო თავდაცვის ჯარები საზენიტო-სარაკეტო ჯარების ბრიგადებითა და რადიოტექნიკური ჯარების ნაწილებით.
ანალოგიურად, უკვე მზადაა კალინინგრადიც. იქ აშენებულია და ექსპლუატაციაში შესვლას ელის სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი რადიოლოკაციური სადგური. ოსტაპენკოს თქმით, აღნიშნულ სადგურს შეუძლია სრულად აკონტროლოს მთელი ევროპა და ჩრდილოეთ ატლანტიკა. ამ დროისათვის, რადიოლოკაციური სადგური ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებასღა ელოდება, რათა სისტემა „გაუშვას“.
ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი „ისკანდერები“ კი, კალინინგრადში, დათქმულ ვადებში განთავსდება. რუსი გენერლის თქმით, „ისკანდერს“ შეუძლია არა მარტო წინააღდეგობა გაუწიოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას, არამედ, შეასრულოს სხვა მნიშვნელოვანი ამოცანები. „ეს ახალი თაობის მაღალწერტილოვანი მობილური სარაკეტო კომპლექსია, რომელიც იძლევა საშუალებას, ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს შეტევით სისტემებს“- განაცხადა ოსტაპენკომ. მისივე თქმით, „ისკანდერი“ გათვლილია სამეთაურო პუნქტების, ჯარების მსხვილი დაჯგუფებების, ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვის ობიექტების განადგურებაზე, რომლებიც აეროდრომებსა და ვერტმფრენებშია. რაკეტა 9М723К1, რომლითაც აღჭურვილია კომპლექსი, რთული ტრაექტორიით მანევრირებს, რაც ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებების განადგურების მაღალ შანსებს უზრუნველყოფს.
რუსი სამხედროები აშშ-რუსეთის დაპირისპირებას მარტივად ხსნიან: „დავუშვათ, ორი ადამიანი ერთმანეთს ხმლებით ებრძვის. უცბად, მეორეს ხელში, ფარი გაუჩნდა. შესაბამისად, ის უფრო ძლიერი ხდება. ასეთ დროს, მეორე მებრძოლმა ან უნდა გაზარდოს თავისი ხმალი, ან ასეთივე ფარი მოიმარჯვოს“.
მაგალითი გასაგებია, მაგრამ ოდნავ ბუნდოვანია, - რუსეთი ხმალს ზრდის თუ ფარს ამზადებს.