რუსეთი 58-ე არმიას განსაკუთრებულად აიარაღებს

  11:43:50     25-11-2011

კრემლმა ჩრდილო კავკასიელები მოატყუა. რეგიონის განვითარების ფედერალური მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება აღარ მოხდება. ამის მიზეზი რუსეთის სამხედრო მიმართულებაზე გადართვა და  ჯარების მასშტაბური გადაიარაღებაა. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჩრდილო კავკასიაში ალექსანდრ ხლოპონინმა განაცხადა, რომ კავკასიელებმა მინიმუმ 2012 წლის მაისამდე უნდა მოითმინონ.

ადამიანებმა უნდა მოითმინონ იმიტომ, რომ გაძლიერდეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი, სადაც, ისევე როგორც მთელ რუსულ არმიაში, გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს. თუმცა განსხვავება მაინც არის. კერძოდ ის, რომ გადაიარაღება, ყველაზე ეფექტურად სწორედ კავკასიის რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო შენაერთებში ხდება. თუკი სხვაგან ახალი და მოდერნიზებული იარაღის წილი 10-20%-ს შეადგენს, სამხრეთის სამხედრო ოლქში (რომელიც კავკასიაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო დანაყოფებს აერთიანებს) ეს მაჩვენებლი 70%-ია.

განსაკუთრებული ყურადღება კი სწორედ იმ 58-ე არმიას ექცევა, რომელმაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი აწარმოა და ქართული სოფლების გარდა, ოსური სოფლები და თავად ცხინვალიც მიწასთან გაასწორა. ალბათ, ამ „დამსახურებისა“ და მომავალშიც „ფორმაში ყოფნის“ მიზნით 58-ე არმიას განსაკუთრებულ და უახლეს შეიარაღებას აწვდიან. 

რამდენიმე დღის წინ ვლადიკავკაზში, სწორედ 58-ე არმიის შტაბში ჩასულ დიმიტრი მედვედევს სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურმა ალექსანდრ გალკინმა უპატაკა, რომ  58-ე არმიაში შედის მართვის ახალი სისტემები, მათ შორის ციფრული რადიოსადგურები, რომელიც საშუალებას აძლევს არმიის  მეთაურს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში იქონიოს კონტაქტი მეთაურებთან. ნოემბრის ბოლომდე კი მიიღებენ ახალ ბრონირებულ БТР-82А-ს, მოდერნიზებული ტანკებს Т-72Б-ს და ახალ Т-90А-ს. ასევე თანამედროვე საარტილერიო, საზენიტო-სარაკეტო და დაზვერვის სისტემებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა. უახლოეს წლებში 58-ე არმიას ახალ თავდამსხმელ ვერტმფრენებსა და საბძროლო თვთმფრინავებს პირდებიან. რუსეთის სამხრეთის ყველა საჯარისო შენაერთი კი ჯარების მართვის ერთიანი სისტემით აღიჭურვება და ЕСУ ТЗ-თი შეიარაღდება. ЕСУ ТЗ - ტაქტიკური რგოლის მართვის ერთიანი სისტემაა და ის ახლა ინტენსიურ გამოცდას გადის. ვარაუდობენ, რომ შეიარაღებაში უახლოეს მომავალში შევა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება, ЕСУ ТЗ-ის გამოყენებით კომლექსური სწავლება სწორედ 58-ე არმიის ბაზაზე ჩატარდება.

„სამხედრო ისტერიაში“ ჩავარდნილი მოსკოვი, სამხრეთის ფლანგის გაძლიერებით განსაკუთრებულად კმაყოფილია, რასაც ვერ ვიტყვით კავკასიის რეგიონის მოსახლეობაზე, რომელსაც ხან ტურიზმის განვითარებით „ხიბლავენ“, ხან კი დასაქმების სხვადასხვა პროგრამებით. ჯარზე ზრუნვის მასშტაბები იმდენად აღემატება ადამიანებზე ზრუნვის მასშტაბებს, - თანაც ჩრდილოეთ კავკასიის ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე - რომ რუსული მედიაც შიშობს, იქ არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო არ გამწვავდეს. 

მათი განცხადებით, რეგიონის ახალგაზრდობა მასობრივად მიდის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში, ბოევიკებთან, რომლებიც უკვე წლებია აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს. მხოლოდ მიმდინარე კვირაში დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ბალყარეთში 4 პოლიციელი მოკლეს, 3 კი დაიჭრა.  ამ სიტუაციას ვერც დაუსრულებლად მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია შველის და ვერც გაძლიერებული შეიარაღებული ძალები. ხოლო მათი „თანამედროვე აღჭურვილობა“ და „პროფესიული ბედნიერება“ უკვე ვნახეთ აგვისტოს ომის დროს, როცა რუსი ჯარისკაცები არა მარტო ქართული ბაზითა და იქ აღმოჩენილი ავტომატებით, არამედ ნახმარი უნიტაზებით მოიხიბლნენ.