ქართველი სამხედრო ოფიცერი – ივანე ვაჩნაძე
11:28:27     25-11-2011
თავადი ივანე ვაჩნაძე 1899 წელს დაიბადა. ის ქართველი სამხედრო ოფიცერი იყო, რომელიც საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.
საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921), ვაჩნაძე ეროვნული არმიის კავალერიაში მსახურობდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ, იგი აიძულა სამშობლო დაეტოვებინა და წასულიყო საფრანგეთში, სადაც ჩაირიცხა სენ-მაქსენის სამხედრო სკოლაში და 1922 წელს მიიღო უმცროსი ლეიტენატის ჩინი, შემდეგ კი – ესკადრონის შეფობა.
შემდეგში, მსახურობდა საფრანგეთის არმიის სხვადასხვა კავალერიულ ნაწილებში, მათ შორის, ტუნისში. მეორე მსოფლიო ომში, ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, მაგრამ გაიქცა და თავისუფალი საფრანგეთის ძალებს შეუერთდა. 1946 წლიდან, ხელმძღვანელობდა ალჟირში, ქალაქ სიდი ბელ აბესში, განთავსებულ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სპეციალურ ჯგუფს. 1951 წელს, სამხედრო სამსახურიდან გადადგა. ივანე ვაჩნაძე 1976 წელს გარდაიცვალა.