რევაზ მარგიანის დაბადების დღისადმი („მირანგულა“)
14:12:39     24-11-2011
ცნობილი ქართველი პოეტი რევაზ მარგიანი დაიბადა 1916 წლის 24 ნოემბერს, სოფელ მულახში, სვანეთში.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1942 წელს მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში.
თავისი პირველი ლექსი "მირანგულა" 1934 წელს გამოაქვეყნა. მისი პირველი წიგნი "ლექსები" კი 1940 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა "მუმლი მუხასა" 1946 წელს; „მხოლოდ ახალი", 1958 წელს; "მთანი მაღალნი" (1960); "ლილე" (1965); "გამოღვიძება" (1966); "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან" (1975) და სხვა.
იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი. 1979 წელს გახდა გამომცემლობა „მერანის“ დირექტორი.
რევაზ მარგიანის ლექსები თარგმნილია ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხთა მრავალ ენაზე, ასევე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ ენებზე. პოეტი პოეტი დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, ორი „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.
რევაზ მარგიანი გარდაიცვალა 1984 წელს.
რევაზ მარგიანის დაბადების დღის აღსანიშნავად გთავაზობთ გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ლექსი „მირანგულა“
მირანგულა
ძველი სვანური ბალადა
- ვაი, ჩემო მირანგულა,
ძაძიანი დედა გელის,
შვილო, როგორ გაყინულა
საყვარელი კერა შენი!
... სად ხარ, ნეტავ, მირანგულა?
დედა კვნესის ანათრთოლი;
მთებზე თოვლი გათანგულა
დღევანდელი დანათოვი!
ბიჭო... დედას რად ივიწყებ?
ნისლმოხვეულ კოშკში კერას? _
საახალწლოდ ჟღალისფერი
ჩოხა შენთვის შემიკერავს.
ღამეა და ველოდები
ცრემლიანი ისევ რიჟრაჟს
აზვინულან თეთრი მთები,
თეთნულდისკენ თოვლი ჟინჟღლავს.
ქარი კვნესის და ზუზუნებს,
ცივი ბუქი ხევში ბრუნავს
და კერიაც დაგღუღუნებს:
- ნეტავ სად ხარ, მირანგულა?
ჭიანური გამჭვარტლული
მიკიდია საკარცხულთან,
შვილო, შენს ხმას დანატრული
არ ვიკარებ ახლოს გულთან.
გარეთ ცივა... დარჩენილი
ძაღლი სადღაც მიწკმუტუნებს
და ცა, საკინძდაგლეჯილი,
ყრის ვერცხლისფერ უზალთუნებს!
... იქნებ, შვილო, გზას გადასცდი,
წაჰყევ შვავებს და ნამქერებს,
სად ხეობა ყრუ და მკაცრი
შესაზარად ჩაახველებს!
სიბნელეში სადღაც ისმის
კლდეებიდან წყლის ჩახჩახი,
ქარს გამოაქვს კავკასიის
ნისლიანი ჩაბალახი,
შვილო ჩემო, იმერეთით
მოიტანდი პურს და მარილს,
პურს ბარაქა ექნებოდა,
მარილს - სიტკბო ლამაზ ქალის.
მიმატოვე კოშკში ობლად,
უბედობას გული ჩივის:
გზა არ არის, უგზოობამ
გადაკარგა ჩემი შვილი!
შვილი - გიჟი ენგურივით,
მხნე, ზვიადი, როგორც უშბა,
რომ დგას მუდამ შებურვილი
და ღრუბლებში შუბლი უჩანს!
გარეთ მივალ... გაყინული
ვარსკვლავები აღარ ჩანან,
მხოლოდ მთები ჩაჭიდულნი
დათოვლილი მხრებით დგანან!
გარეთ ცივა... ნისლი გაქრა,
თოვს ვკვეთავ და შენთან მოვალ,
ხევში შვავი გადიხაფრა
და დაიწყო ისევ თოვა...
მირანგულა, შენ გეძახი,
ვერ მოვნახე შენი კვალი,
კვარი ბჟუტავს, ალბათ სახლის
დამრჩენია ღია კარი.
ღამეა და წივის ქარი,
მთები თოვლით გათანგულა,
ქარს ქვითინი მოაქვს ქალის:
- ვაი, სად ხარ, მირანგულა?