ხალხური ლოცვა წმინდა გიორგისადმი
12:53:56     23-11-2011
დღეს, ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა დიდმოწამის გიორგის ხსენების დღეს. დღეს არის მისი ბორბალზე წამების დღე 10 (ახალი სტილით 23) ნოემბერი.
საქართველოში წმინდა გიორგი ძალიან უყვართ. საქართველო წმინდა გიორგის ქვეყანაა. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად აღინიშნება წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. უამრავ ადგილას - ქალაქებში, სოფლებში, უდაბნო ადგილებში აღმართული იყო წმინდა გიორგის სალოცავი. ახლაც შენდება მის სახელზე ტაძრები საქართველოში. წმინდა გიორგის სადიდებელი ჰიმნებით თუ მის მიერ აღსრულებული სასწაულების აღწერით ძალიან მდიდარია არა მარტო ჩვენი საეკლესიო მწერლობა, არამედ ქართული ფოლკლორიც. ქართველებს სწამდათ, რომ წმინდა გიორგი გაჭირვების ჟამს ეხმარებოდა ჩვენს მხედრობას ბრძოლებში. წმინდა გიორგი ითვლება მეომარ რაინდთა მფარველად. მას მიმართავენ ადამიანები თავის დაცვისა და განსაცდელიდან გამოხსნის მიზნით.
წმინდა გრიგოლ ფერაძეს ცნობით 1180 წელს, ჟაკ დე ვიტრი, იერუსალიმის ლათინი პატრიარქი წერდა: ,,აღმოსავლეთში არის ერთი ქრისტიანი ხალხი, დიდი მებრძოლი, ომში მამაცი, ტანად ძალოვანი და ძლევამოსილი. ჰყავს ურიცხვი მეომარი. ამ ხალხს გეორგიანებს უწოდებენ, რადგანაც განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა და ეთაყვანება წმინდა გიორგის, ვინც თავის მფარველად და მედროშედ მიაჩნია ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემს ყველა სხვა წმინდანზე მეტად."
განუზომელია წმინდა გიორგის მნიშვნელობა ქართველებისათვის.
საქართველოში ყველამ იცის ტროპარი წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა, ძლევამოსილისა და სასწაულმოქმედისა გიორგისა:
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. ამინ!
გარდა ამისა, არსებობს ხალხური ლოცვა წმინდა გიორგისადმი, რომელშიც მოხსენიებულია წმინდა დიდმოწამის ხატები სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ლოცვაში მიმართვაა ამ ხატებისადმი, დაწყებული კაბადუკიიდან, მისი სამშობლოდან. ამ ლოცვას წერენ ქაღალდზე, კეცავენ და გულზე ჩამოკიდებულს ატარებენ, როგორც ავგაროზს. ეს არის არა მარტო ჩვეულებრივი ლოცვა, არამედ ცოდნა იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას არსებობს ძლიერი, სასწაულთმოქმედი ხატი წმინდა გიორგისა. ეს არის ერთგვარი საგალობელიც, ქართული რელიგიური (როგორც უწოდებენ საკულტო) სიტყვიერების უნიკალური ნიმუში, აღმატებული მიმართვა დიდმოწამისადმი, უფლის წინაშე საშუამდგომლოდ. ამ ლოცვაშივე მოხსენიებულია ქართველი ხალხისათვის უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები, სვეტიცხოველი და უფლის კვართი.
პრესა.გე-ს მკითხველს გთავაზობთ ამ ლოცვას. ბოლოში მლოცველმა უნდა წარმოთქვას თავისი სახელი.
ლოცვა წმინდა გიორგისადმი
წმიდაო გიორგი კაბადუკიისაო,
წმიდაო გიორგი იერუსალიმისაო,
წმიდაო გიორგი ბეთლემისაო,
წმიდაო გიორგი გეთსამანიისაო,
წმიდაო გიორგი ეგვიპტისაო,
წმიდაო გიორგი რომისაო,
წმიდაო გიორგი გალატიისაო,
წმიდაო გიორგი თესალონიკისაო,
წმიდაო გიორგი კილიკიისაო,
წმიდაო გიორგი კესარიისაო,
წმიდაო გიორგი კორინთისაო,
წმიდაო გიორგი ოდიშისაო,
წმიდაო გიორგი აფხაზეთისაო,
წმიდაო გიორგი ჩხარისაო,
წმიდაო გიორგი ატოცისაო,
წმიდაო გიორგი უძოსაო,
წმიდაო გიორგი უსანეთისაო,
წმიდაო გიორგი კავთისაო,
წმიდაო გიორგი კორინთისაო,
წმიდაო გიორგი გორისაო,
წმიდაო გიორგი ცხინვალისაო,
წმიდაო გიორგი მუხრანისაო,
წმიდაო გიორგი დიღმისაო,
წმიდაო გიორგი ქაშოეთისაო,
წმიდაო გიორგი კალაუბნისაო,
წმიდაო გიორგი თელეთისაო,
წმიდაო გიორგი გორიჯვრისაო,
წმიდაო გიორგი მარტყოფისაო,
წმიდაო გიორგი ხაშმისაო,
წმიდაო გიორგი ნინოწმიდისაო,
წმიდაო გიორგი საგარეჯოსაო,
წმიდაო გიორგი მანავისაო,
წმიდაო გიორგი ფხოველისაო,
წმიდაო გიორგი ზიარისაო,
წმიდაო გიორგი კონდოლისაო,
წმიდაო გიორგი თელავისაო,
წმიდაო გიორგი რუისპირისაო,
წმიდაო გიორგი შილდისაო,
წმიდაო გიორგი გრემისაო,
წმიდაო გიორგი ყვარელისაო,
წმიდაო გიორგი გავაზისაო,
წმიდაო გიორგი ალავერდისაო,
წმიდაო გიორგი გურჯაანისაო,
წმიდაო გიორგი კარდანახისაო,
წმიდაო გიორგი ქიზიყისაო,
წმიდაო გიორგი მელაანისაო,
ღვთაებაო, პირო ღვთისაო, სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოვ და ყოველნო წმიდაო, თქვენ მფარველ და მეოხ ეყვენით მონასა (მხევალსა) ამას თქვენსა სახელით ( ). ამინ!