რუსულ არმიას ქუჩა-ქუჩა მოაგროვებენ
17:45:28     22-11-2011
აბა, ჯარში, ჯარში, ვის უნდა ჯარში…
მალე მთელ რუსეთში ასე ივლიან - სპეციალური მანქანებითა და სააგიტაციო პლაკატებით და ცხოვრებაში უპერსპექტივო ახალგაზრდებს რუსულ არმიაში მიიწვევენ.
რუსეთი ჯარს ვერ აგროვებს. ამიტომ აპირებს, ღარიბი რუსები საკონტრაქტო სამსახურში ხელფასითა და სტატუსით მიიტყუოს. თუმცა, სახელგატეხილი რუსული არმიის რიგების ამ მეთოდით შევსების ეფექტურობაშიც, როგორც ჩანს, ეჭვი ეპარებათ და როგორც ცნობილი გახდა, თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდებს, გადაწყვეტილების მიღებაში ე.წ. „დასავერბოვკებელ ბრიგადებს“ წაახმარს. ამის შესახებ მთელი სერიოზულობით განცხადება თვით გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა.
თავდაცვის სამინისტრო იმედებს მოსახლეობის ღარიბ ფენაზე ამყარებს, რომელიც ე.წ. დეპრესიულ რეგიონებში ცხოვრობს, არც სამუშაო აქვთ და არც რაიმე პერსპექტივა. მათ სამსახურეობრივ საცხოვრებელს, შეღავათებსა და სხვა სოციალურ სიკეთეებს დაპირდებიან.
„დასავერბოვკებელი ბრიგადები“ ტერიტორიული პრინციპით ჩამოყალიბდება და იქნება როგორც სტაციონარული, ისე მობილური. ისინი ივლიან სოფელ-სოფელ, ხაზგასმით დეპრესიულ რაიონებში და ახალ არმიას შეაკოწიწებენ. თუმცა, რამდენად ჯანსაღი ფსიქიკის იქნება ის, ძნელი სათქმელია.
„ვერბოვშიკები“ სპეციალური სააგიტაციო პლაკატებით იქნებიან აღჭურვილები. მაგალითად, „ვაჟკაცი მებრძოლების“, უახლესი სამხედრო ტექნიკის ფოტოებით…
ამ პლაკატების მაკეტები უკვე დამტკიცების სტადიაშია. ამათან, ყველა ბრიგადას ექნება ინსტრუქცია, თუ როგორ მოიშოროს გასაუბრებაზე მისული „არასასურველი კონტინგენტი“- ლოთები და ნარკომანები. დანარჩენებს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ. „ვერბოვშიკების“ მთავარი კოზირი მაღალი ხელფასის დაპირება იქნება. თავდაცვის სამინისტრო ახლა ამ „მიმზიდველი შეღავათების“ შემუშავებითაა დაკავებული და მას უახლოეს ხანებში დაამტკიცებს მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი.
თავად „მავერბოვკებელი ბრიგადების“ ფორმირება კი თავდაცვის სამინისტროს საკადრო სამმართველოს უკვე დაევალა.