M777 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა(დიდი ბრიტანეთი)
11:50:48     22-11-2011
რევოლუციური საარტილერიო სისტემა – ასეთი შეფასება დაიმსახურა ახალმა ბუქსირებადმა 155 მმ-იანმა ჰაუბიცა M777-მა, რომელიც ბრიტანული კორპორაცია BAE Systems-ის სპეციალისტებმა შექმნეს.
M777 მართლაც რომ რევოლუციურია, რადგან წინამორბედი M198 მოდელის ჰაუბიცაზე 42%-ით მსუბუქია. წონის მნიშვნელოვნად შემცირება ტიტანისა და ალუმინის შენადნობებისგან დამზადებული დეტალების გამოყენებამ განაპირობა.
პატარა ზომები და წონა საჰაერო-საზღვაო გზით ტრანსპორტირებას ბევრად აადვილებს. მოსახერხებელია შვეულმფრენით საბრძოლო მოქმედებათა რაიონში ან ძნელად მისადგომ პოზიციებზე გადასატანად. ამერიკელები ამ მიზნით კონვერტპლან V-22 Osprey-ისაც იყენებენ.
აქვს დაბალი სილუეტი და ნაკლები რადიოლოკაციური და სითბური შემჩნევადობა. მცირე წონის მიუხედავად, სროლის დროს მდგრადობას არ კარგავს. აღჭურვილია ცეცხლის მართვის ციფრული სისტემა DGMS-ით, კოსმოსური რადაიონავიგაციის სისტემა NAVSTAR-ითა და ტექსტური შეტყობინებების მისაღები საინფორმაციო სისტემით.
ჰაუბიცის გათვლა 5 კაცისაგან შედგება (M198-ს 9 კაცი ემსახურება) და მიუხედავად ამისა, ცეცხლის გახსნა ბრძანების მიღებიდან 3-4 წუთის შემდეგ შესაძლებელია.
სროლისას გამოიყენება 155 მმ-იანი სტანდარტული და მართვადი ჭურვები: M982 Excalibur-ი, რომელიც ფრენის კორექციისათვის რადიონავიგაციურ სისტემა NAVSTAR-ს იყენებს.
Excalibur-ი გაზრდილი სიზუსტის ჭურვია, მისი სამიზნიდან გადახრა 5 მეტრის რადიუსს არ აღემატება.
2005 წლის მაისში, ჰაუბიცა გამოსაცდელად აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მე-11 პოლკის მე-3 ბატალიონს გადაეცა, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში პირველად კანადელმა არტილერისტებმა მოსინჯეს.
6 ჰაუბიცით დაკომპლექტებული კანადის ცხენოსანთა 1-ელი საარტილერიო პოლკის ბატარეა ავღანეთში 2005 წლის დეკემბერში გაიგზავნა.
კანადელებმა ჰაუბიცები 2006 წლის თებერვალში ოპერაცია “არჩერის” მსვლელობისას ყანდაართან გამოიყენეს. იმავე წლის ივლისში ავღანეთის სამხრეთში ფანჯვაის მაზრაში ჰაუბიცების ცეცხლმა თალიბებს დიდი დანაკარგი მიაყენა და თალიბებისგან ჰაუბიცებს სახელად “უდაბნოს დრაკონი” შემორჩა.
2006 წლის შემოდგომის ბოლოს, ჰაუბიცები ცეცხლის მართვის ციფრული სისტემა DGMS-ით აღიჭურვა და სროლის სიზუსტე ბევრად გაიზარდა. ცეცხლი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ კანადამ კიდევ 6 ჰაუბიცა შეუკვეთა და 2009 წლის მაისში დამატებით 25 ერთეულის შეძენა გადაწყდა.
ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ არმიისათვის BAE Systems-ს 57 ჰაუბიცა შეუკვეთა და ამისთვის 248 მილიონი დოლარი გამოყო.
ამერიკის არმია M777-ის ტიპის ჰაუბიცებს 2007 წლის ივნისიდან ავღანეთში და 2008 წლის იანვრიდან ერაყში იყენებს.
2010 წლისთვის დასრულდება ამერიკის არმიის შეიარაღება ახალი ჰაუბიცით და საზღვაო ქვეითები 380-ს, ხოლო სახმელეთო ჯარები და ეროვნული გვარდია 273 ერთეულს მიიღებენ.
ბრიტანულ ჰაუბიცასთან მიახლოებული კალიბრი საბჭოთა-რუსული წარმოების საარტილერიო სისტემებს 2A65 Мста-Б-ს. ორივე გასულ საუკუნეშია შექმნილი და თავისი ტექნიკურ-ტაქტიკური პარამეტრებით M777-ს ბევრად ჩამოუვარდებიან.
armada.ge