ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი შემზარავი მკვლელობის საქმეს, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს

  14:01:08     21-11-2011

24 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბ. კ.–ს საქმის განხილვა გაიმართება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის თ.ნ.–ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.  საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულის მეუღლეს, მართლაც ჰქონდა რომანი გარდაცვლილთან. მკვლელობის შემდეგ, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილის ძმამ განაცხადა, თ.ნ. – ს სასიყვარულო წერილები მას იმ ბინის მეპატრონემ გადასცა, რომელიც მის ძმას ჰქონდა ნაქირავები.

ბ. კ. და თ. ნ. 1987 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი ჰყავდათ. ისინი რაიონიდან თბილისში დროებით საცხოვრებლად, ახლობლის სახლში, ორი წლის წინ გადმოვიდნენ. ბოლო დროს ბ. კ.–ს ეჭვი ჰქონდა, რომ მეუღლე მეზობლად მცხოვრებ გ. გ.–სთან ღალატობდა. მიმდინარე წლის 14 იანვარს ბ. კ.–მ დაბადების დღე აღნიშნა და დაახლოებით ღამის ორ საათზე დაწვა დასაძინებლად. გამთენიისას გაღვიძებულს მეუღლე სახლში არ დახვდა. მას ეჭვი გაუჩნდა, რომ თ.ნ. გ. გ.– სთან იმყოფებოდა. შევიდა მის ეზოში და ბინის ასასვლელ კიბეს რომ მიუახლოვდა, სახლიდან გ. გ. გამოვიდა, მან, ასევე, ბინაში შენიშნა თავისი მეუღლეც. შურისძიების მიზნით, აიღო ხელჯოხი და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მეუღლესა და მეზობელ მამაკაცს. გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ. ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა შეძლეს.

მკვლელობის შემდეგ, ბ. კ.–მ შვილს დაურეკა და აღნიშნულის შესახებ აცნობა, იგი პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ, მიმალვა არ უცდია. ბრალდებულის განმარტებით, გ. გ.-სთან პირადი მტრობა არ ჰქონია, პირიქით, იმის გამო, რომ მას ეკონომიურად უჭირდა, როგორც შეეძლო, ეხმარებოდა. ეჭვიანობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო გ. გ.-ს ნათქვამი „მე კაცი არ ვიყო თუ ბ .კ.–ს ცოლი არ წავართვაო“.

ბრალდებულის შვილის განცხადებით, მკვლელობის ღამეს, მამის დაბადების დღე აღნიშნეს. სტუმრების გაცილების შემდეგ, ახალი წლის მისალოცად ის მეგობრებთან წავიდა. დაახლოებით ნახევაარ საათში სტუმრად ასევე მივიდნენ დედამისი და მათი ყოფილი მეზობელი გ. გ. სუფრაზე მყოფი პირები დილამდე სვამდნენ, გამთენიისას სახლში წასვლა დააპირა დედამისმა, რომელსაც მცირე დროში გაჰყვა გ. გ.-ც. დაახლოებით ერთ საათში კი მამამ დაურეკა, რომელსაც შეშლილის ხმა ჰქონდა და უთხრა რომ გ. გ. მოკლა, ხოლო დედამისი მძიმე მდგომარეობაში იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაიკითხა ბრალდებულის სიძეც, მან გაიხსენა, რომ 2010 წლის აგვისტოს, შეესწრო სიდედრისა და სიმამარის კამათს, ბრალდებული ეჭვიანობდა ცოლისა და გ. გ.-ს ურთიერთობაზე. იმავე დღეს, სიმამრმა მისი თანდასწრებით დაურეკა გ.გ.– ს, რომელმაც თქვა, რომ თ. ნ. უყვარდა. გარდაცვლილის ძმამ კი განმარტა, რომ გ. გ. გარკვეული დროის მანძილზე ცხოვრობდა მეუღლესთან, სადაც გაიცნო აღნიშნული ოჯახი და ჰქონდა ახლო ურთიერთობა. მოგვიანებით, როცა მისი რძალი რუსეთში წავიდა სამუშაოდ, გ. გ. საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა. როგორც მისი დების მონაყოლით გახდა ცნობილი, მას სანახავად ჩააკითხა თ. ნ. – მ, რასაც ოჯახის წევრები უარყოფითად შეხვდნენ. მათივე ნათქვამიდან ირკვევა, რომ მისი ძმაც არ იყო გულგრილი თ. ნ. – ს მიმართ. გ. გ. 2010 წლის ნოემბერში, კვლავ თბილისში დაბრუნდა და ბინა სანზონაში იქირავა, სადაც თ. ს. აქტიურად აკითხავდა, ულაგებდა სახლს, ურეცხავდა და საჭმელს უმზადებდა.

თავად დაზარალებული მკვლელობის დღეს ასე იხსენებს: მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად მისული სტუმრების გაცილების შემდეგ, მეუღლე ლოგინზე წამოწვა, მათი შვილი თავის მეგობრებთან ახალი წლის მისალოცად წავიდა უბანში. თავად კი, მაგიდის ალაგების შემდეგ, შვილის სანახავად გავიდა მეზობელთან, სადაც სხვებთან ერთად სტუმრად დახვდა გ. გ.–ც. იგი სუფრიდან გამთენიისას ადგა, უკან გაჰყვა გ. გ.–ც და გზაში უთხრა, რომ ღამის გათენებას აპირებდა სახლში, რომელიც ადრე ჰქონდა ნაქირავები, მეპატრონემ კარის გასაღები შეუცვალა და კარის გაღებაში დახმარება სთხოვა, რისთვისაც სახლში დაბრუნდა, ეზოში რკინის ნაჭერი მოძებნა და მიუტანა გარდაცვლილს. შემდეგ ახსოვს მეუღლის შეშლილი სახე და სიტყვები „ვის უნგრევ ოჯახს“... ასევე, ხის კეტი, რომელსაც მისი მეუღლე ხან მას ურტყამდა, ხან გ. გ.–ს. თ. ნ.–მ სასამართლო პროცესზე არ უარყო, რომ იყო გარდაცვლილის საყვარელი. მანვე განმარტა, რომ ბ. კ. იყო კარგი მეუღლე და მზრუნველი მამა, რომელიც ყველას უყვარდა და იმსახურებდა პატივისცემას.

ბ. კ.– მ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი  განხილვისას, ფაქტობრივად, აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა, განმარტა, რომ დანაშაული ჩაიდინა ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე. რაც სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის აფექტის მდგომარეობაში ყოფნა არ დადგინდა.